ჩვეულებრივ, ჯანდაცვის სისტემასთან პირველი შეხების წერტილია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება და მისი პერსონალი, უხშირესად – ექიმი, ზოგჯერ – ექთანი ან ექიმის ასისტენტი. პირველადი ჯანდაცვის ექიმის მიერ მუდმივ მეთვალყურეობას ბევრი უპირტესობა აქვს, სახელდობრ: პაციენტებმა, რომელთაც ჰყავთ პირველადი ჯანდაცვის ექიმი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ არადანიშნულებისამებრ მიმართონ გადაუდებელი დახმარების განყოფილებას; ასევე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოხვდნენ უცნობ ექიმთან. როდესაც პაციენტი ხვდება ექიმთან, რომელსაც ის არ იცნობს, ამ უკანასკნელს შეიძლება არ გააჩნდეს დიაგნოზისა და მკურნალობისთვის აუცილებელი ბაზისური ინფორმაცია. ამის გამო, შესაძლოა, ექიმმა მოინდომოს უკვე ჩატარებული გამოკვლევების გამეორება ან სულაც არასაჭირო გამოკვლევების ჩატარება. კომუნიკაცია ხშირად უკეთესია და სამედიცინო გადაწყვეტილების მიღება უფრო მარტივია იმ შემთხვევებში, როცა პაციენტსა და პირველადი ჯანდაცვის ექიმს შორის მყარი ურთიერთობაა ჩამოყალიბებული. ადამიანი უფრო მეტად ენდობა ექიმს, რომელსაც ის დიდი ხანია იცნობს, ნაკლებად განიცდის, ნაკლები აქვს შიში ამა თუ იმ სამედიცინო პრობლემის არსებობისას. პირველადი ჯანდაცვის ექიმებს ხანგრძლივი ურთიერთობა აქვთ თავიანთ პაციენტებთან. მათ კარგად იციან პაციენტის სურვილები, ფასეულობები, ის, თუ როგორ აღიქვამენ ინფორმაციას, როგორ ეგუებიან არასასიამოვნო გარემოებებს, შეუძლიათ თუ არა იყიდონ გამოწერილი წამალი, ოჯახის რომელ წევრს ენდობიან.
პირველადი ჯანდაცვის ექიმი განუმარტავს პაციენტს, რა სახის მკურნალობაა საჭირო და რატომ, რა სიხშირით უნდა დაიგეგმოს ექიმთან მისი ვიზიტები. მას შეუძლია გაგზავნოს პაციენტი საჭირო სპეციალისტთან და კოორდინაცია გაუწიოს სხვა ექიმების ჩართვას სამედიცინო მომსახურებაში. ზოგჯერ მკურნალობის გეგმა მოითხოვს ვიზიტს პირველადი ჯანდაცვის ექიმთან იმისათვის, რომ პაციენტმა მიიღოს მიმართვა სპეციალისტთან (და არა პირდაპირ მიმართოს სპეციალისტს).
პირველადი ჯანდაცვის ექიმის შესარჩევად რეკომენდაციების მიღება შეიძლება მეგობრებისა და ნათესავების გამოკითხვით. შესაძლოა ტელეფონით დაკავშირება სამედიცინო სკოლის სათანადო დეპარტამენტთან, მაგალითად, პედიატრიულ, შინაგანი მედიცინის ან საოჯახო მედიცინის დეპარტამენტებთან. მოხუცებმა თავიანთი პირველადი ჯანდაცვის ექიმად შეიძლება შეარჩიონ მათი ასაკის პაციენტების მკურნალობაში დახელოვნებული ექიმი (გერიატრი). ხშირად ჯანმრთელობის სადაზღვევო პოლისი ზღუდავს სხვა სპეციალობის ექიმების შერჩევას. ასეთ შემთხვევებში პაციენტმა უნდა განსაჯოს ეს მოთხოვნა, მიიღოს მონაწილე ექიმების სია. ზოგჯერ შერჩეული ექიმი პაციენტისთვის მიუღწევადია, რადგან გადატვირთულობის გამო, ის აღარ იღებს ახალ პაციენტებს.
ექიმის კვალიფიკაციის შესაფასებლად შესაძლებელია დარეკვა სამედიცინო სპეციალობების ამერიკულ საბჭოში (866 – 275 – 2267, ზარი უფასოა) ან ამ ორგანიზაციის ვებგვერდის მოძიება (www. Abms.org), ან ცნობარის მოძიება, რომელიც ხელმისაწვდომია საჯარო ან სამედიცინო ბიბლიოთეკებში.
პირველადი ჯანდაცვის ექიმის შერჩევისას პაციენტმა უნდა განსაზღვროს, ექიმის რა მახასიათებლებია მისთვის უფრო მნიშვნელოვანი (მაგალითად, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება, სკრუპულოზურობა, მოთმინების უნარი, საზრიანობა). ზოგი უპირატესობას ანიჭებს ექიმს, რომელიც ვიზიტით გათვალისწინებულზე მეტ დროს ატარებს მასთან; სხვას ურჩევნია ექიმი, რომელიც ვიზიტს დროულად ამთავრებს, თუნდაც ასეთ შემთხვევაში მცირდებოდეს ექიმთან ურთიერთობის ხანგრძლივობა. ადამიანმა უნდა ეძებოს ექიმი, რომელიც აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს, მის ნდობას იმსახურებს.