დაავადებების სადიაგნოზოდ და პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვებისთვის ექიმები სისხლის ანალიზებს ატარებენ. იმის გამო, რომ სისხლის თხევადი კომპონენტი (პლაზმა) ორგანიზმისთვის საჭირო ბევრ ნივთიერებას შეიცავს, სისხლის ანალიზით შესაძლებელია განისაზღვროს, რა ხდება სხეულის სხვადასხვა ნაწილში.
სისხლის ანალიზი უფრო ადვილია, ვიდრე რომელიმე ორგანოდან ქსოვილის ნიმუშის აღება. მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემოწმება უფრო იოლად შეიძლება მისი ჰორმონების შემცველობის განსაზღვრით სისხლში, ვიდრე თავად ორგანოდან აღებული ქსოვილის შესწავლით. ამის მსგავსად, ღვიძლის ფერმენტებისა და ცილების რაოდენობის განსაზღვრა სისხლში ბევრად მარტივია, ვიდრე ღვიძლის ქსოვილის ნიმუშის მოპოვება. ამავე დროს, ზოგი ანალიზი თავად სისხლის შემადგენელი ნაწილებისა და მათი ფუნქციონირების შესამოწმებლად ტარდება. სწორედ ეს კვლევები გამოიყენება სისხლის დაავადებების სადიაგნოზოდ.
სისხლის საერთო ანალიზი (სსა): სისხლის ანალიზებიდან ყველაზე ხშირად საერთო ანალიზი ტარდება – შეისწავლება სისხლის უჯრედები (წითელი, თეთრი უჯრედები და თრომბოციტები). ავტომატური აპარატები ამ კვლევას სისხლის ერთი წვეთის გამოყენებით 1 წუთზე ნაკლებ დროში ასრულებენ. ზოგ შემთხვევაში სსა-თან ერთად უჯრედების მიკროსკოპით შეისწავლაც ხდება საჭირო.
სისხლის საერთო ანალიზით განისაზღვრება წითელი უჯრედებისა და ჰემოგლობინის (ჟანგბადის გადამტანი ცილა ერითროციტებში) რაოდენობა, დგინდება უჯრედების საშუალო ზომა, ზომებში განსხვავება, ჰემოგლობინის შემცველობა, პათოლოგიური წითელი უჯრედების არსებობა. ცვლილებები შეიძლება შემდგომი ლაბორატორიული კვლევების, მათ შორის მიკროსკოპიის, ჩატარების საფუძველი გახდეს. სისხლის წითელი უჯრედები შეიძლება ფრაგმენტირებული იყოს, ცრემლის, ნახევარმთვარის, ნემსის ან რაიმე სხვა ფორმა ჰქონდეს. ერითროციტის ზომისა და დამახასიათებელი ფორმის ცოდნა ეხმარება ექიმს განსაზღვროს ანემიის ზუსტი მიზეზი. ასე მაგალითად: ნამგლის ფორმის უჯრედები ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის დროს გვხვდება, მცირე ზომისა და ჰემოგლობინის მცირე რაოდენობის შემცველი ერითროციტები – რკინადეფიციტური ანემიის დროს, დიდი, ოვალური უჯრედები – ფოლიუმის მჟავას ან B12 ვიტამინის ნაკლებობისთვის არის დამახასიათებელი.
სისხლის საერთო ანალიზში თეთრი უჯრედების რაოდენობაც განისაზღვრება. თუ ექიმს მეტი ინფორმაცია სჭირდება, ითვლება ლეიკოციტების სხვადასხვა სახის რაოდენობაც (ლეიკოციტური ფორმულა). თუ თეთრი უჯრედების მთლიანი რიცხვი ან რომელიმე სპეციფიკური ტიპის უჯრედის რაოდენობა ნორმაზე მეტი ან ნაკლებია, ექიმმა ისინი შეიძლება მიკროსკოპით შეისწავლოს. ამ გზით ზოგი დაავადებისთვის დამახასიათებელი თავისებურებების აღმოჩენაა შესაძლებელი. მაგალითად, დიდი ზომის უმწიფარი ლეიკოციტები (ბლასტები) ლეიკემიაზე – სისხლის თეთრი უჯრედების ავთვისებიან სიმსივნეზე მიანიშნებს ექიმს.
სისხლის საერთო ანალიზი თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრასაც გულისხმობს. მათი რაოდენობა იმისი მაჩვენებელია, რამდენად აქვს ორგანიზმს სისხლდენის შეჩერების (სისხლის შედედების) უნარი. თრომბოციტების სიჭარბემ (თრომბოციტოზი, ანუ თრომბოციტემია) შესაძლოა წვრილ სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნა გამოიწვიოს, განსაკუთრებით გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვებში. ზოგი დაავადების დროს თრომბოციტების გაზრდილი რიცხვი პარადოქსულად იწვევს ზომაგადასულ სისხლდენას.
რეტიკულოციტების რაოდენობა: რეტიკულოციტების დათვლისას დგინდება ახლად წარმოქმნილი (ახალგაზრდა) ერითროციტების, ანუ რეტიკულოციტების რიცხვი სისხლის განსაზღვრულ მოცულობაში. ნორმაში ისინი სისხლის წითელი უჯრედების საერთო რაოდენობის 1%-ს შეადგენს. როცა ორგანიზმს მეტი ერითროციტი ესაჭიროება, მაგალითად: ანემიის დროს, ძვლის ტვინი საპასუხოდ მეტ რეტიკულოციტს წარმოქმნის. შესაბამისად, ამ ახალგაზრდა უჯრედების რიცხვი იმისი მაჩვენებელია თუ რამდენად აქვს ძვლის ტვინს ახალი ერითროციტების წარმოქმნის უნარი.
სისხლის სპეციალური ანალიზები: მას შემდეგ, რაც ექიმი დაადგენს სისხლის უჯრედების ამა თუ იმ სახის ცვლილებებს, ტარდება დამატებითი გამოკვლევები ამ ცვლილებების მიზეზის დასადგენად; სახელდობრ, სწავლობენ ლეიკოციტების სხვადასხვა სახის რაოდენობათა შეფარდებას, განსაზღვრავენ ამ უჯრედების ქვეტიპებს მათ ზედაპირზე სხვადასხვა მარკერის არსებობის მიხედვით. ტარდება გამოკვლევები იმის დასადგენად, აქვს თუ არა თეთრ უჯრედებს ინფექციასთან ბრძოლის უნარი, როგორია თრომბოციტების ფუნქციური მდგომარეობა, როგორია სისხლის წითელი უჯრედების მახასიათებლები (რათა განისაზღვროს ანემიის მიზეზი), ან რატომ არის უჯრედების ფუნქციები დარღვეული. ამ გამოკვლევათა უმრავლესობა სისხლის ნიმუშის გამოყენებით ტარდება, მაგრამ ზოგჯერ ძვლის ტვინის ქსოვილის აღება ხდება საჭირო.
სისხლის შედედების გამოკვლევა: სისხლდენის შეჩერების უნარის შესწავლის ერთ-ერთი მეთოდია თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრა. ზოგჯერ იმის დადგენაც არის საჭირო, რამდენად ადეკვატურად ფუნქციონირებს თრომბოციტები. სხვა ანალიზებით განისაზღვრება, ხომ არ არის დარღვეული შედედებაში მონაწილე ცილების (შედედების ფაქტორების) ერთობლივი ფუნქციონირება. მოხსენიებულის გასარკვევად ყველაზე ხშირად პროთრომბინის დრო (PT) და პარციალური თრომბოპლასტინის დრო (PTT) შეისწავლება. შესაძლებელია შედედების ცალკეული ფაქტორების შემცველობის განსაზღვრაც.
ცილები და სხვა ნივთიერებები: სისხლის ზოგიერთი უჯრედი წარმოქმნის ცილებს, რომელთა რაოდენობაც შეიძლება გაიზომოს შარდში ან სისხლში. ექიმებს ეს ინფორმაცია იმის დასადგენად ესაჭიროებათ, პათოლოგიურია თუ არა ზემოხსენებული უჯრედი. მაგალითად, ლეიკოციტების, სახელდობრ, პლაზმური უჯრედების ერთ-ერთი დაავადების დროს სიმსივნური, უჩვეულო ცილები (ბენს-ჯონსის ცილები) წარმოიქმნება, რომელთა შემცველობაც სისხლსა და შარდში იზომება. ზოგჯერ თეთრი უჯრედები პათოლოგიურ ანტისხეულებს წარმოქმნიან.
თირკმლებში გამომუშავდება ერითროპოეტინი – ცილა, რომელიც ასტიმულირებს ძვლის ტვინში წითელი უჯრედების წარმოქმნას. შესაძლებელია სისხლში მისი, აგრეთვე რამდენიმე სხვა ცილის შემცველობის განსაზღვრა, რომლებიც ასევე ახდენს გავლენას წითელი უჯრედების წარმოქმნის ინტენსივობაზე. განისაზღვრება ნორმალური ერითროციტების ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი რკინისა და ზოგიერთი ვიტამინის რაოდენობაც.
სისხლის სხვა ანალიზები: სისხლის იშვიათი დაავადებების სადიაგნოზოდ სპეციალური გამოკვლევები ტარდება, მაგალითად, შეისწავლება მოცირკულირე სისხლის მოცულობა ან სისხლის რომელიმე უჯრედის საერთო რაოდენობა. მოხსენიებულისთვის გამოიყენება რადიოაქტიური იზოტოპები, რომლებიც სისხლს ან მის უჯრედებს უკავშირდება.
სისხლის ჯგუფი: სისხლის ჯგუფის დასადგენად იკვლევენ სპეციალური ცილების არსებობას ერითროციტების ზედაპირზე. ჯგუფის დადგენა შესაძლებელია პაციენტის სისხლის მცირე რაოდენობისა და ზოგიერთი ანტისხეულის შერევისას განვითარებულ რეაქციაზე დაკვირვებით. სისხლის ჯგუფის განსაზღვრისთვის როგორც პლაზმის, ისე სისხლის წითელი უჯრედების შეფასებაა საჭირო. გამოკვლევის ჩატარება აუცილებელია სისხლის გადასხმამდე.
ზოგჯერ იმის დასადგენად, რატომ არის სისხლის უჯრედები პათოლოგიური ან რატომ არის რომელიმე მათგანის რაოდენობა შემცირებული ან მომატებული, ძვლის ტვინის ნიმუშის გამოკვლევაა საჭირო. ნიმუშის ორი ტიპის მისაღებად ძვლის ტვინის ასპირაცია ან ბიოფსია გამოიყენება. ორივეს, როგორც წესი, თეძოს ძვლიდან (თეძოს ძვლის ქედიდან) იღებენ, თუმცა, იშვიათად, ნიმუშების მოპოვება მკერდის ძვლიდანაც შეიძლება. ძალიან პატარა ბავშვებში ზოგჯერ გამოსაკვლევ მასალას ქვედა კიდურის ერთ-ერთი ძვლიდან (დიდი წვივის ძვლიდან) იღებენ.
როცა ორივე ნიმუშია კვლევისთვის საჭირო, ისინი ერთად აიღება. ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება შეჰყავთ კანში და ძვლის გარეთ მდებარე ქსოვილში, რის შემდეგაც შპრიცზე დამაგრებული ნემსი ძვალში შეიყვანება. ძვლის ტვინის ასპირაციის დროს ექიმი დგუშის მეშვეობით ამოქაჩავს ძვლის ტვინის მცირე რაოდენობას. მასალა მიკროსკოპით შეისწავლება. შესაძლებელია ბაქტერიული, სოკოს ან ვირუსული კულტურის შესწავლა, ქრომოსომული ანალიზი, უჯრედის ზედაპირული ცილების ანალიზი (გამდინარე ციტომეტრია). მიუხედავად იმისა, რომ ასპირაციით მიღებული მასალის ანალიზით საკმარისად დიდი მოცულობის ინფორმაციის წყაროა, ძვლის ტვინის ამოღების დროს ეს ნაზი ქსოვილი შპრიცში იშლება, რის შედეგადაც რთულდება უჯრედების საწყისი განლაგების განსაზღვრა. ამ სირთულის თავიდან ასაცილებლად ძვლის ტვინის ბიოფსიას მიმართავენ, რომლის დროსაც ძვლის ტვინისა და ძვლოვანი ქსოვილის მცირე რაოდენობა დაუზიანებლად ამოიღება სპეციალური ინსტრუმენტით. მიღებული მასალის სათანადოდ დამუშავების შემდეგ ის მიკროსკოპით შეისწავლება. პროცედურა რამდენიმე წუთი გრძელდება; ჩვეულებრივ, სუსტი ინტენსივობის ტკივილი და მინიმალური დისკომფორტი ახლავს თან.