სისხლის ჩაბარება უსაფრთხო პროცედურაა. მთლიანი სისხლის (ანუ სისხლი ყველა შემადგენელი ნაწილით) დონაციის პროცესს დაახლოებით 1 საათი სჭირდება. დონორი 17 წელზე ნაკლები ასაკისა არ უნდა უნდა იყოს და 50 კილოგრამზე ნაკლებს არ უნდა იწონიდეს. დონორს ჯანმრთელობა კარგი უნდა ჰქონდეს. სისხლის აღებამდე მოწმდება გულისცემის სიხშირე, იზომება არტერიული სისხლის წნევა და სხეულის ტემპერატურა, ტარდება სისხლის ანალიზი ანემიის გამოსარიცხავად. დონორს ეკითხებიან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე, იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც ჯანმრთელობაზე მოქმედებს. იკრიბება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელ ქვეყნებში იმოგზაურა დონორმა უკანასკნელ ხანებში.
შემდეგი მდგომარეობების არსებობისას ადამიანს სამუდამოდ ეკრძალება სისხლის დონორობა: B ან C ჰეპატიტი, გულის დაავადება, ავთვისებიანი სიმსივნის ზოგიერთი სახე (ლეიკემია, ლიმფომა; ნებისმიერი სხვა ავთვისებიანი სიმსივნე, თუ რეციდივი განვითარდა მკურნალობის შემდეგ ან წარსულში ქიმიოთერაპიული საშუალებებით არის ჩატარებული მკურნალობა), მძიმე ასთმა, სისხლდენით მიმდინარე დაავადებები, სავარაუდო დასნებოვნება პრიონებით (მაგალითად, ვარიანტული კროიტცფელდტ-იაკობის დაავადება), შიდსი, მაღალი რისკის შემცველი ქცევის გამო ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ, რომელიც შიდსს იწვევს) სავარაუდო დასნებოვნება. მდგომარეობები, რომელთა დროსაც ადამიანს დროებით ეკრძალება დონორობა, შემდეგია: მალარია (თუ სიმპტომების გამოვლენიდან 3 წელზე ნაკლები დროა გასული); სიმსივნე, რომელსაც ქირურგიულად ან დასხივებით მკურნალობდნენ და თუ 5 წელზე ნაკლები დროა გასული მკურნალობის შემდეგ; ორსულობა, ახლახან გადატანილი დიდი ოპერაცია; ცუდად კონტროლირებული მაღალი არტერიული წნევა; დაბალი არტერიული წნევა; ანემია; ზოგიერთი მედიკამენტის მიღება; ჰეპატიტი და სისხლის გადასხმა ბოლო ხანებში.
ზოგადად, სისხლის ორ მომდევნო ჩაბარებას შორის პერიოდი სულ მცირე 56 დღე უნდა იყოს. ჩაბარების სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურება ფაქტობრივად აღარ გამოიყენება, რადგან ამან შეიძლება უბიძგოს ადამიანებს მატერიალური გაჭირვების გამო გახდნენ დონორები და დამალონ მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელთა არსებობისას სისხლის ჩაბარება აკრძალულია.
სისხლის აღების დროს დონორი სპეციალურ გადახრილ სავარძელში ზის ან საწოლზე წევს. ექთანი ან ექიმი ათვალიერებს მისი იდაყვის შიგნითა ზედაპირს და განსაზღვრავს, რომელი ვენიდან უნდა აიღოს სისხლი. სისხლძარღვის გარშემო კანი იწმინდება, ვენაში შეჰყავთ ნემსი, რომელსაც დროებით აფიქსირებენ სტერილური დასაკრავით. ნემსის ვენაში შესვლის დროს დონორი ჩხვლეტას გრძნობს, სხვა მხრივ პროცედურა უმტკივნეულოა. სისხლი ნემსის გავლით სპეციალურ კონტეინერში ჩაედინება და გროვდება, ამას სულ ათიოდე წუთი სჭირდება. ერთჯერადად, როგორც წესი, დონორი 450 მილილიტრ სისხლს აბარებს. შემდეგ კონტეინერში სპეციალური საკონსერვაციო ხსნარი და შედედების საწინააღმდეგო საშუალება შეიყვანება. ჩაბარებული სისხლის თითოეული ულუფიდან იღებენ ნიმუშს და ამოწმებენ შიდსზე, ვირუსულ ჰეპატიტზე, ზოგიერთ სხვა ვირუსულ დაავადებასა და ათაშანგზე.