ზომაგადასული სისხლდენით გამოწვეული ანემია | მკურნალი.გე
  1. ზომაგადასული სისხლდენით გამოწვეული ანემია
  2. ანემია (სისხლის დაავადებები)
  3. სისხლის დაავადებები
ზომაგადასული სისხლდენით გამოწვეული ანემია

ზომაგადასული სისხლდენა ანემიას მაშინ იწვევს, როცა სისხლის წითელი უჯრედების დაკარგვის სიჩქარე აღემატება მათი წარმოქმნისა და ჩანაცვლების სისწრაფეს.

  • როცა სისხლი სწრაფად იკარგება, არტერიული წნევა ქვეითდება და შესაძლოა თავბრუხვევა;

  • სისხლის ნელა დაკარგვის დროს პაციენტს აქვს დაღლილობა და ქოშინი, ფერმკრთალია;

  • სისხლდენის წყაროს აღმოსაჩენად განავლის, შარდის ანალიზი და გამოსახულებითი კვლევებია საჭირო;

  • აუცილებელია სისხლდენის მიზეზზე ზემოქმედება, ზოგჯერ კი სისხლის გადასხმა და რკინის შემცველი მედიკამენტების დანიშვნა.

ჭარბი სისხლდენა ანემიის ყველაზე ხშირი მიზეზია. სისხლის დაკარგვის დროს ორგანიზმში სითხე სწრაფად გადაინაცვლებს ქსოვილებიდან სისხლძარღვებში მათი სავსეობის უზრუნველსაყოფად. ეს სისხლის განზავებას და ჰემატოკრიტის (სისხლის წითელი უჯრედების პროცენტული შემცველობა სისხლის მთლიან მოცულობაში) შემცირებას იწვევს. ანემია შესაძლოა თანდათან გამოსწორდეს ძვლის ტვინში სისხლის წითელი უჯრედების გაძლიერებული წარმოქმნის გზით. თუმცა, დროთა განმავლობაში, სისხლდენის გამო ორგანიზმიდან რკინის დაკარგვის გამო ძვლის ტვინი ვეღარ ახერხებს დაკარგული უჯრედების ჩასანაცვლებლად ახალი უჯრედების ადეკვატური რაოდენობის წარმოქმნას.

სისხლის სწრაფად დაკარგვა: სისხლის უეცარი დაკარგვის დროს, მაგალითად, ტრავმის, ოპერაციის, მშობიარობის ან სისხლძარღვის დაზიანების შედეგად, ანემიის სწრაფად განვითარებისას სიმპტომები თავიდანვე შეიძლება მკვეთრად იყოს გამოხატული. სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვა ორ გართულებას იწვევს:

  • არტერიული წნევის დაცემას სისხლძარღვებში არსებული სითხის მოცულობის შემცირების გამო;

  • ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგების მკვეთრად დაქვეითებას ჟანგბადის გადამტანი წითელი უჯრედების რაოდენობის უეცრად შემცირების გამო.

ორივე ზემოხსენებულ მდგომარეობას შეუძლია გამოიწვიოს გულის ინფარქტი, ინსულტი ან სიკვდილი.

სისხლის ქრონიკული დაკარგვა:სწრაფად განვითარებულ სისხლდენაზე ბევრად უფრო ხშირია სისხლის ქრონიკული (გახანგრძლივებული) დაკარგვა სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან. შედარებით ძლიერი სისხლდენა, მაგალითად, ცხვირიდან ან ბუასილის დროს, ადვილად შესამჩნევია, მაგრამ სისხლის მცირე რაოდენობით დაკარგვა ხშირად პაციენტის ყურადღების მიღმა რჩება. მაგალითად, ადამიანმა შეიძლება ვერ შეამჩნიოს განავალში სისხლის მცირე რაოდენობით არსებობა. მოხსენიებულს ფარულ სისხლდენას უწოდებენ. ასეთი მსუბუქი, ხანგრძლივად მიმდინარე სისხლდენისას სისხლის საკმაოდ დიდი რაოდენობა იკარგება. ის ხშირია გავრცელებული დაავადებების დროს, როგორიცაა, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, დივერტიკულოზი, პოლიპები ან მსხვილი ნაწლავის სიმსივნეები. ქრონიკული სისხლდენის წყაროები ასევე შეიძლება იყოს თირკმლის ან შარდის ბუშტის სიმსივნე (სისხლი შარდით იკარგება) და ჭარბი მენსტრუაციული სისხლდენა.

სიმპტომები და დიაგნოზი

სიმპტომები ანემიის სხვა სახეების დროს არსებულის მსგავსია და მსუბუქად ან მკვეთრად შეიძლება იყოს გამოხატული, იმის მიხედვით, თუ რამდენი სისხლი დაიკარგა და რამდენად სწრაფად. როცა სისხლდენა უეცრად ვითარდება – რამდენიმე საათის ან ნაკლები დროის განმავლობაში – სისხლის საერთო მოცულობის ერთი მესამედის დაკარგვაც კი შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს. სისხლის სწრაფად დაკარგვისას ხშირია თავბრუხვევა ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურში გადასვლის შემდეგ – წამოჯდომის ან წამოდგომის დროს (ორთოსტაზური ჰიპოტენზია). როცა სისხლდენა რამდენიმე კვირა ან უფრო მეტი დროის განმავლობაში გრძელდება, სისხლის მთლიანი მოცულობის ერთ მესამედამდე დაკარგვამ შესაძლოა მხოლოდ სისუსტე და დაღლილობა გამოიწვიოს ან სულაც არავითარი ჩივილი, თუ ადამიანი საკმარისი რაოდენობით იღებს სითხეებს.

სხვა სიმპტომები სისხლდენის ან მისი გამომწვევი დაავადების გამო შეიძლება განვითარდეს. ზოგჯერ განავალი შავია, კუპრისფერი, თუ სისხლდენის წყარო კუჭში ან წვრილ ნაწლავშია. თირკმლიდან და შარდის ბუშტიდან სისხლდენის დროს შარდი შესაძლოა წითელი ან ყავისფერი იყოს. ზოგჯერ ქალი ამჩნევს, რომ მენსტრუაციის დროს ჭარბი და გახანგრძლივებული დენა აქვს. სისხლდენის გამომწვევი ზოგი დაავადება, მაგალითად კუჭის წყლული, სხვა უსიამოვნო შეგრძნებებსაც იწვევს. დივერტიკულოზი და ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნეები ან პოლიპები ადრეულ სტადიაზე საერთოდ არ ვლინდება რაიმე სიმპტომებით.

ანემიის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობისას სისხლის ანალიზი ტარდება, სახელდობრ, თუ პაციენტმა სისხლდენა შეამჩნია – განავლისა და შარდის ანალიზი სისხლდენის წყაროს დასადგენად. ზოგჯერ საჭირო ხდება ენდოსკოპია, გამოსახულებითი კვლევები.

მკურნალობა

სისხლის დიდი რაოდენობით ან სწრაფად დაკარგვის დროს აუცილებელია სისხლდენის წყაროს პოვნა და სისხლდენის შეჩერება.

სისხლის ნელა ან მცირე რაოდენობით დაკარგვისას, ორგანიზმი შეიძლება ახერხებდეს ერითროციტების საკმარისი რაოდენობით წარმოქმნას, რათა ანემია გამოსწორდეს; ასეთ შემთხვევებში სისხლის გადასხმა საჭირო არ ხდება. იმის გამო, რომ სისხლდენის დროს ერითროციტების წარმოქმნისთვის აუცილებელი ნივთიერება, რკინა იკარგება, პაციენტთა უმრავლესობას ამ მიზეზით გამოწვეული ანემიის დროს რკინის შემცველი მედიკამენტების მიღება უწევს, როგორც წესი, აბების სახით, რამდენიმე თვის მანძილზე.