ავტოიმუნური ჰემოლიზური ანემიები დაავადებათა ჯგუფია, რომელიც ხასიათდება იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევით და ავტოანტისხეულების წარმოქმნით, რომლებიც სისხლის წითელ უჯრედებს უცხო ნივთიერებებად მიიჩნევს და შლის მათ.
ავტოიმუნური ჰემოლიზური ანემიები იშვიათია, ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, უფრო ხშირია ქალებს შორის. შემთხვევების ნახევარზე მეტში მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება (იდიოპათიური ავტოიმუნური ჰემოლიზური ანემია). ეს დაავადება შეიძლება სხვა ავადმყოფობამ გამოიწვიოს ან თან ახლდეს მას, მაგალითად, სისტემურ წითელ მგლურას. უფრო იშვიათად იგი ამა თუ იმ მედიკამენტის, მაგალითად, პენიცილინის მიღების შედეგად ვითარდება. ანტისხეულებმა სისხლის წითელი უჯრედები შესაძლოა უცებ ან თანდათან დაშალოს. ზოგჯერ ეს პროცესი რაღაც პერიოდის შემდეგ წყდება, ზოგჯერ კი ხანგრძლივდება და ქრონიკულ სახეს იღებს. ავტოიმუნური ჰემოლიზური ანემიის ორი ძირითადი სახე არსებობს: სითბური ანტისხეულებით და სიცივის ანტისხეულებით გამოწვეული. სითბური ანტისხეულებით შეპირობებული ჰემოლიზური ანემიისას ეს ავტოანტისხეულები უკავშირდება და შლის სისხლის წითელ უჯრედებს სხეულის ნორმალური ან მასზე მაღალი ტემპერატურისას. სიცივის ანტისხეულები კი აქტიურია და შლის ერითროციტებს, თუ სხეულის ტემპერატურა ნორმაზე ბევრად დაბალია.
ავტოიმუნური ჰემოლიზური ანემიის დროს პაციენტს ზოგჯერ ჩივილები არ აქვს, განსაკუთრებით, თუ სისხლის წითელი უჯრედები მცირე რაოდენობით და თანდათან იშლება. სხვა შემთხვევებში შესაძლოა ანემიის სხვა სახეებისთვის დამახასიათებელმა სიმპტომებმა იჩინოს თავი, უპირატესწილად მაშინ, როცა უჯრედების დიდი რაოდენობა სწრაფად იშლება. ამ უკანასკნელის დროს შესაძლოა მსუბუქი სიყვითლეც გამოვლინდეს. როცა უჯრედების განადგურება რამდენიმე თვეს ან უფრო მეტხანს გრძელდება, ზოგჯერ ელენთა დიდდება, რაც მუცელში სიმძიმის ან დისკომფორტის შეგრძნებას იწვევს.
თუ ავტოიმუნური ჰემოლიზური ანემიის მიზეზი სხვა დაავადებაა, შესაძლოა უკანასკნელის სიმპტომები სჭარბობდეს, მაგალითად, ლიმფური კვანძების გადიდება და მტკივნეულობა, ცხელება.
სისხლის წითელი უჯრედების ჭარბ დაშლაზე ეჭვს ბადებს ანალიზში ახალგაზრდა, მოუმწიფებელი ერითროციტების (რეტიკულოციტების) ნორმაზე მაღალი რაოდენობა. ამასთანავე, შესაძლოა გაზრდილი იყოს ერთ-ერთი ნივთიერების – ბილირუბინის დონე, ხოლო ცილა ჰაპტოგლობინის შემცველობა – შემცირდეს.
ავტოიმუნური ჰემოლიზი ანემიის მიზეზად მაშინ ჩაითვლება, თუ სისხლში აღმოაჩენენ წითელ უჯრედებზე მიმაგრებულ ანტისხეულებს (პირდაპირი ანტიგლობულინი, ანუ კუმბსის პირდაპირი ტესტი) ან სისხლის თხევად ნაწილში ანტისხეულების არსებობას (არაპირდაპირი ანტიგლობულინი, ანუ კუმბსის არაპირდაპირი ტესტი). ავტოიმუნური ჰემოლიზის სხვა მიზეზების დადგენა სხვა ტესტების გამოყენებით არის შესაძლებელი.
თუ სიმპტომები მსუბუქია ან ერითროციტების დაშლის პროცესი თავისით მცირდება, მკურნალობა საჭირო არ არის. საპირისპირო შემთხვევაში, როგორც წესი, პირველად კორტიკოსტეროიდი, მაგალითად, პრედნიზონი ინიშნება. საწყის ეტაპზე მაღალი დოზები გამოიყენება, რომელთაც თანდათან ამცირებენ მრავალი კვირის ან თვის მანძილზე. თუ ეს მკურნალობა ეფექტური არ აღმოჩნდა ან მძიმე გვერდითი მოვლენები გამოიწვია, ელენთის ამოკვეთა (სპლენექტომია) ხდება საჭირო. ელენთა ერთერთი ორგანოა, რომელშიც ანტისხეულებით გარემოცული წითელი უჯრედები იშლება. თუკი ერითროციტების დაშლა ელენთის ამოკვეთის შემდეგაც გაგრძელდა ან ოპერაცია ვერ ჩატარდა, იმუნიტეტის დამთრგუნავი საშუალებები, მაგალითად, ციკლოფოსფამიდი ან აზათიოპრინი ინიშნება.
როცა სისხლის წითელი უჯრედების დაშლა აქტიურად მიმდინარეობს, ზოგჯერ სისხლის გადასხმაც გამოიყენება, მაგრამ ეს მხოლოდ დროებით შვებას ჰგვრის პაციენტს და დაავადებას არ კურნავს.