C,S-C და E ჰემოგლობინის დაავადებები მემკვიდრეობითი დაავადებებია, რომლებიც ხასიათდება სისხლის წითელი უჯრედების დეფორმაციით და ანემიით, რომელიც წითელი უჯრედების მომეტებული დაშლით არის გამოწვეული.
C, S და E ჰემოგლობინი სისხლის წითელ უჯრედებში ჟანგბადის გადამტანი ცილის პათოლოგიური ფორმებია. მათ წარმოქმნას მუტანტური გენის მემკვიდრეობით მიღება იწვევს.
C ჰემოგლობინის დაავადება ძირითადად შავკანიანებს შორის გვხვდება. აშშ-ში შავკანიანი მოსახლეობის 2-3%-ს ამ პათოლოგიის გამომწვევი ერთი გენი აქვს.
დაავადების განვითარებისთვის ორი მუტანტური გენია საჭირო. სიმპტომები მრავალფეროვანი არ არის. ანემია სხვადასხვა სიმძიმის შეიძლება იყოს. დაავადებულებს, განსაკუთრებით ბავშვებს, ხანდახან აქვთ მუცლისა და სახსრების ტკივილი, ელენთის გადიდება და მსუბუქი სიყვითლე; არ აქვთ ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიისთვის დამახასიათებელი მძიმე კრიზები.
S-C ჰემოგლობინის დაავადება იმ ადამიანებს ემართებათ, რომელთაც აქვთ ერთი ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის და ერთი C ჰემოგლობინის დაავადების გენი. ის უფრო ხშირია, ვიდრე C ჰემოგლობინის დაავადება და სიმპტომებით ნამგლისებრუჯრედოვან ანემიას წააგავს, თუმცა უფრო მსუბუქად მიმდინარეობს.
E ჰემოგლობინის დაავადება ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გვხვდება. ამ დროს მხოლოდ ანემია ვითარდება. არ ვლინდება სხვა, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიისა და C ჰემოგლობინის დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. დიაგნოზი სისხლის ანალიზის, სახელდობრ, ჰემოგლობინის ელექტროფორეზის შედეგებს ეფუძნება.
მკურნალობა განსხვავებულია, დამოკიდებულია სიმპტომების სიმძიმეზე, მოიცავს ზოგიერთ იმ მეთოდსაც, რომელიც ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის დროს გამოიყენება.