ნეიტროპენია არის სისხლში ნეიტროფილების რაოდენობის პათოლოგიური შემცირება.
ნეიტროფილები ორგანიზმის ძირითადი დამცველი ძალაა მწვავე ბაქტერიული და ზოგი სოკოვანი ინფექციის დროს. მათი რაოდენობა, ჩვეულებრივ, სისხლის თეთრი უჯრედების 45-75%-ს შეადგენს. როცა სისხლის ერთ მიკროლიტრში 1000-ზე ნაკლები ნეიტროფილია, ინფექციის რისკი მეტ-ნაკლებად იზრდება, თუ 500-ზე ნაკლებია – მნიშვნელოვნად მატულობს. მათი დამცავი ფუნქციის გარეშე სხეულში ინფექციის გაკონტროლება ძნელად ხერხდება და სიკვდილის ალბათობაც მაღალია.
ნეიტროპენია მაშინ ვითარდება, თუ ეს უჯრედები უფრო სწრაფად იშლება ან გამოიყენება სხეულში, ვიდრე ძვლის ტვინს ახალი უჯრედების გამომუშავება შეუძლია. ეს ხდება ზოგიერთი ბაქტერიული ინფექციის, ალერგიული დაავადების ან მედიკამენტის მიღების დროს. ავტოიმუნური დარღვევის შემთხვევაში წარმოქმნება ანტისხეულები, რომლებიც ნეიტროფილებს შლის და ნეიტროპენიას იწვევს. ელენთის გადიდების დროს უჯრედების რიცხვი შესაძლოა ამ ორგანოში დაგროვებისა და დაშლის გამო შემცირდეს.
ნეიტროპენია მაშინაც ვითარდება, თუ ძვლის ტვინში ნეიტროფილების წარმოქმნა დაქვეითდა, მაგალითად, ზოგი ავთვისებიანი სიმსივნის, ვირუსული ინფექციის (როგორიცაა გრიპი), ბაქტერიული ინფექციის (ტუბერკულოზი), მიელოფიბროზის ან B12 ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავას ნაკლებობის დროს. ნეიტროპენიას ზოგჯერ სხივური თერაპიის დროს ძვლის ტვინის დასხივებაც იწვევს. ამ ორგანოში უჯრედების წარმოქმნას ბევრი მედიკამენტიც აქვეითებს, სახელდობრ, ფენიტოინი, ქლორამფენიკოლი, სულფანილამიდები, ქიმიოთერაპიული საშუალებები (ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალო), ზოგი მომწამვლელი ნივთიერება (ბენზენი და ინსექტიციდები).
ძვლის ტვინში ნეიტროფილების წარმოქმნაზე გავლენას ახდენს აპლაზიური ანემიაც (მძიმე დაავადება, რომლის დროსაც ძვლის ტვინი სისხლის უჯრედებს საერთოდ ვეღარ გამოიმუშავებს). ზოგიერთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებაც იწვევს ნეიტროფილების რიცხვის შემცირებას.
ნეიტროპენია შესაძლოა უეცრად (მწვავედ) განვითარდეს – რამდენიმე საათში ან დღეში; ზოგჯერ ის თანდათან (ქრონიკულად) ვითარდება და თვეების, წლების განმავლობაში გრძელდება. ეს დარღვევა რამე სპეციფიკური სიმპტომებით არ ვლინდება, ასე რომ, დიაგნოზი ინფექციის აღმოცენებისას ისმება. მწვავე ნეიტროპენიის დროს შესაძლოა ცხელება და მტკივნეული წყლულები განვითარდეს პირისა და ყითას გარშემო. ზემოხსენებულს ზოგჯერ ერთვის ბაქტერიებით გამოწვეული ფილტვების ანთება და სხვა მძიმე ინფექციები. ქრონიკული ნეიტროპენიის დროს, თუ ნეიტროფილების რიცხვი ძალიან დაბალი არ არის, დაავადება უფრო მსუბუქად მიმდინარეობს ან ხანგამოშვებით ვლინდება (ციკლური ნეიტროპენია).
თუ ადამიანს ხშირი ან უჩვეულო ინფექციები აქვს, ექიმს ეჭვი ნეიტროპენიაზე მიაქვს და სისხლის საერთო ანალიზს ნიშნავს. ნეიტროფილების რიცხვის შემცირება სწორედ ზემოხსენებული დარღვევის არსებობას ადასტურებს. ხშირად ნეიტროპენია მოსალოდნელიც კია და მისი მიზეზიც ცნობილია, მაგალითად, ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია. სხვა შემთხვევაში აუცილებელია გამომწვევი მიზეზის დადგენა.
ძვლის ტვინის ნიმუშს ექიმები ნემსით იღებენ და მიკროსკოპით სწავლობენ: ნორმალურია თუ არა შესახედავად, როგორია ნეიტროფილური ღეროვანი უჯრედების შემცველობა და მათი განვითარება. მოხსენიებულთა რაოდენობისა და მომწიფების ხარისხის შესწავლით შეიძლება განისაზღვროს, მათი წარმოქმნა დაქვეითებულია, თუ სისხლში მოხმარება და დაშლაა გაძლიერებულია. ზოგჯერ ძვლის ტვინის შესწავლით სხვა დაავადების დიაგნოზი ისმება, მაგალითად, ლეიკემიის ან ავთვისებიანი სიმსივნეების, ძვლის ტვინის დამაზიანებელი ინფექციების, როგორიცაა ტუბერკულოზი.
ნეიტროპენიის მკურნალობა მის სიმძიმესა და გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული. თუ შესაძლებელია, უნდა შეწყდეს დარღვევის სავარაუდოდ გამომწვევი მედიკამენტების მიღება, კონტაქტი საეჭვო მომწამვლელ ნივთიერებებთან. ზოგჯერ ძვლის ტვინის ფუნქცია თავისთავად აღდგება – მკურნალობის გარეშე. ვირუსული ინფექციების (მაგალითად, გრიპის) თანმხლები ნეიტროპენია შესაძლოა გარდამავალი იყოს და გამოჯანმრთელების შემდეგ გამოსწორდეს. მსუბუქად გამოხატული დარღვევის შემთხვევაში სიმპტომები არ ვლინდება და მკურნალობაც არ არის საჭირო.
მკვეთრი ნეიტროპენიის დროს ორგანიზმს ინფექცია ადვილად ერევა, ვინაიდან არ შესწევს შემოჭრილ მიკროორგანიზმთან ბრძოლის უნარი. ასეთ შემთხვევებში პაციენტის საავადმყოფოში მოთავსება და ძლიერი ანტიბიოტიკების გადაუდებლად გამოყენებაა საჭირო, გამომწვევისა და მისი ლოკალიზაციის ადგილის დადგენამდეც კი. ცხელება ნეიტროპენიის მქონე ადამიანებს შორის ხშირად ინფიცირების მაჩვენებელია, მნიშვნელოვანი ნიშანია და სასწრაფოდ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას.
ზოგჯერ ეფექტურია ზრდის ფაქტორების, ანუ კოლონიამასტიმულირებელი ფაქტორების გამოყენება, რომლებიც სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს. ავტოიმუნური რეაქციით გამოწვეული ნეიტროპენიის დროს შესაძლოა კორტიკოსტეროიდები აღმოჩნდეს ეფექტური. ანტითიმოციტური გლობულინი ან იმუნური სისტემის დამთრგუნავი სხვა მეთოდები გამოიყენება, მაგალითად, აპლაზიური ანემიის დროს. გადიდებული ელენთის ამოკვეთით შესაძლოა ჰიპერსპლენიზმით გამოწვეული ნეიტროპენია განიკურნოს.
როცა ნეიტროპენიას სხვა დაავადებები იწვევს (ტუბერკულოზი, ლეიკემია ან სხვა ავთვისებიანი სიმსივნეები), მათი მკურნალობით შეიძლება ნეიტროპენია გამოსწორდეს. ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა ნეიტროპენიის სამკურნალოდ არ გამოიყენება, მაგრამ შესაძლებელია დაინიშნოს ნეიტროპენიის გამომწვევი ზოგიერთი მიზეზის, მაგალითად, აპლაზიური ანემიის ან ლეიკემიის დროს.