კეთრი (ჰანსენის დაავადება) არის კეთრის მიკობაქტერიით გამოწეული ქრონიკული დაავადება. ის, პირველ რიგში, იწვევს პერიფერიული ნერვების (ნერვები, რომლებიც მდებარეობენ თავისა და ზურგის ტვინის გარეთ), კანის, სათესლეების, თვალებისა და ცხვირის ლორწოვანი გარსების დაზიანებას.
იმის გამო, რომ კეთრით დაავადებული არანამკურნალები ადამიანები საგრძნობლად მახინჯდებიან და ხშირად აქვთ ქმედითუნარიანობის მნიშვნელოვანი დაქვეითება, ისინი დიდი ხნის განმავლობაში იწვევდნენ შიშს და ხალხი ცდილობდა, მათგან თავი აერიდებინა. მიუხედავად იმისა, რომ კეთრი არ არის ძალიან გადამდები, იშვიათად იწვევს სიკვდილს და შესაძლებელია მისი ანტიბიოტიკებით ეფექტური მკურნალობა, ის მაინც იწვევს შფოთვას. ამის შედეგად, კეთრით დაავადებულ ადამიანებსა და მათ ოჯახის წევრებს ხშირად აქვთ ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემები.
2007 წელს დარეგისტრირებული იყო 250000-ზე მეტი ახალი შემთხვევა. ამ შემთხვევების დაახ. 90% დაფიქსირდა შემდეგ რვა ქვეყანაში (ჩამოთვლილია ყველაზე მეტი დაფიქსირებული შემთხვევიდან ყველაზე ცოტა დაფიქსირებულ შემთხვევამდე): ინდოეთი, ბრაზილია, ინდონეზია, კონგო, ბანგლადეში, ნიგერია, ნეპალი და ეთიოპია. 2006 წელს ამერიკის შეერთებულ შტა-
ტებში დაფიქსირდა 137 ახალი შემთხვევა. შემთხვევები დაფიქსირდა 30 შტატში, მაგრამ ნახევარზე მეტი – ამ 6 შტატში: კალიფორნია, ფლორიდა, ლუიზიანა, მასაჩუსეტსი, ნიუ-იორკი და ტეხასი. ამერიკის შეერთებულ შტატებში კეთრის თითქმის ყველა შემთხვევა დაფიქსირდა განვითარებადი ქვეყნებიდან ემიგრირებულ ადამიანებში.
კეთრი შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ ყველაზე ხშირად ის ვითარდება 5-15 ან 30 წელზე ზევით ასაკში.
თუ როგორ ვრცელდება კეთრი – უცნობია. თუმცა, ის შესაძლებელია გადავიდეს ადამიანიდან ადამიანზე, მაშინ, როდესაც დაინფიცირებული ადამიანის ცხვირიდან და პირის ღრუდან გამოყოფილ წვეთებს შეისუნთქავს ან შეეხება არადაინფიცირებული ადამაინი. თუმცა, ბაქტერიასთან კონტაქტის შემდეგაც კი, ადამიანების უმეტესობა არ ინფიცირდება კეთრით. კეთრით დაავადებული ადამიანების ნახევარზე მეტი სავარაუდოდ ინფიცირდება დაინფიცირებულ ადამიანთან ხანგრძლივი, ახლო კონტაქტის შემდეგ. დროებითი და ხანმოკლე კონტაქტი არ იწვევს დაავადების გავრცელებას. კეთრი არ გადაეცემა დაავადების მქონე ადამიანის შეხებით, როგორც ეს ხშირად ჰგონიათ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ხშირად წლების განმავლობაში მუშაობენ კეთრით დაავადებულ ადამიანებთან ისე, რომ არ ინფიცირდებიან. ადამიანის გარდა ინფექციის დასაბუთებულ წყაროს წარმოადგენენ ჯავშნოვანი ძუძუმწოვრები, თუმცა, შესაძლოა არსებობდეს სხვა ცხოველური ან გარემოსთან დაკავშირებული წყაროებიც.
კეთრის მიკობაქტერიით დაინფიცირებული ადამიანების დაახ. 95%-ს არ უვითარდება კეთრი იმიტომ, რომ მათი იმუნური სისტემა ძლევს ინფექციას. ადამიანებს, რომლებსაც უვითარდებათ კეთრი, შესაძლოა ჰქონდეთ გენები, რომლებიც მათ ინფექციასთან კონტაქტის შემდეგ ინფექციისადმი მეტად მოწყვლადს ხდის.
კლასიფიკაცია: შესაძლებელია კეთრის ტიპისა და კანის დაზიანებული ნაწილების მიხედვით კლასიფიცირება. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კანის 5 ან მასზე ნაკლები დაზიანებული ნაწილი, აქვთ კეთრის ოლიგობაცილური ფორმა. ამ ადგილებიდან მოპოვებულ ნიმუშებში შეუძლებელია ბაქტერიების აღმოჩენა. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ 6 ან მეტი დაზიანებული ადგილი, აქვთ კეთრის მულტიბაცილური ფორმა. ამ ადგილებიდან მოპოვებულ ნიმუშში ზოგჯერ შესაძლებელია ბაქტერიის აღმოჩენა, ზოგჯერ კი – არა.
შესაძლებელია კეთრის კლასიფიცირება ტუბერკულოიდურ, ლეპრომატოზულ ან მოსაზღვრე ფორმებად, რაც სიმპტომებსა და სხვა მონაცემს ეფუძნება. ადამიანებს ტუბერკულოიდური ფორმით ჩვეულებრივ დაზიანებული აქვთ კანის რამდენიმე ადგილი (ოლიგობაცილური ფორმა) და დაავადება მიმდინარეობს უფრო მსუბუქად. ეს ფორმა უფრო იშვიათი და ნაკლებად გადამდებია. ადამიანებს კეთრის ლეპრომატოზული ან მოსაზღვრე ფორმით ჩვეულებრივ დაზიანებული აქვთ კანის უფრო მეტი ადგილი (მულტიბაცილური), დაავადების ეს ფორმა უფრო მწვავე, ხშირი და გადამდებია.
ორივე კლასიფიკაციაში, კეთრის ტიპი განსაზღვრავს, თუ როგორია ხანგრძლივი პროგნოზი, რომელი გართულებები შეიძლება განვითარდეს და რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ანტიბიოტიკოთერაპია.
იმის გამო, რომ კეთრის გამომწვევი ბაქტერიები მრავლდებიან ძალიან ნელა, ადამიანებს სიმპტომები არ უვლინდებათ მანამ, სანამ დაინფიცირებიდან არ გავა 1 წელი მაინც. საშუალოდ კი სიმპტომები ჩნდება დაინფიცირებიდან 5-7 წლის შემდეგ და გაჩენის შემდეგ ისინი ნელა ვითარდება.
კეთრი ძირითადად აზიანებს კანსა და პერიფერიულ ნერვებს. კანზე ჩნდება დამახასიათებელი გამონაყარი და კვანძები. ნერვების ინფექცია იწვევს კანზე მგრძნობელობის დაკარგვას ან კუნთების სისუსტეს იმ ადგილებში, რომელთა ინერვაციას ახორციელებდა დაინფიცირებული ნერვი.
სპეციფიკური სიმპტომები მეტად ცვალებადია და დამოკიდებულია კეთრის ფორმაზე.
ყველაზე მწვავე სიმპტომები ახასიათებს პერიფერიული ნერვების ინფექციას, რომელიც იწვევს შეხებაზე მგრძნობელობის დარღვევას და ტკივილისა და ტემპერატურის შეგრძნების უუნარობას. ადამიანებმა პერიფერიული ნერვების დაზიანებით შეიძლება გაუაზრებლად დაიწვან, გაიჭრან ან რაიმეთი ავნონ საკუთარ თავს. განმეორებითმა დაზიანებამ შესაძლოა, საბოლოოდ გამოიწვიოს ფეხისა და ხელის თითების დაკარგვა. აგრეთვე, პერიფერიული ნერვების დაზიანება შეიძლება გახდეს კუნთების სისუსტის განვითარების მიზეზი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სიმახინჯეების განვითარება. მაგ. შესაძლებელია თითების დასუსტება, რაც გამოიწვევს მათ შიგნითკენ მოღუნვას (კლანჭის მსგავსად). კუნთები შესაძლოა იმდენად დასუსტდნენ, რომ ადამიანი ვეღარ მოხრის ტერფს – ამ მდგომარეობას ეწოდება ტერფის დავარდნა. დაინფიცირებული ნერვები შეიძლება გადიდდნენ და ექიმმა ისინი შეიგრძნოს ფიზიკური გამოკვლევის დროს.
კანის ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს შეშუპებებისა და ბელტების წარმოქმნა, რომლებმაც შესაძლოა დაამახინჯოს სახე.
შესაძლოა სხეულის სხვა ნაწილების დაზიანებაც:
ნამკურნალები ან არანამკურნალები კეთრის დროს იმუნურმა სისტემამ შესაძლოა წარმოშვას ანთებითი რეაქციები. ეს რეაქციები იწვევს ცხელებას და კანის, პერიფერიული ნერვებისა და შედარებით იშვიათად ლიმფური კვანძების, სახსრების, სათესლეების, თირკმლების, ღვიძლისა და თვალების ანთებას. კვანძების გარშემო არსებული კანი შეიძლება შეშუპდეს, გაწითლდეს და გახდეს მტკივნეული და კვანძებისგან ყალიბდება ღია წყლულები. ადამიანებს აქვთ ცხელება და შეშუპებული ლიმფური კვანძები.
სიმპტომები იძლევა მნიშვნელოვან მინიშნებებს კეთრის დიაგნოზის დასმისთვის. ამ სიმპტომებს მიეკუთვნება დამახასიათებელი გამონაყარი, რომელიც არ ქრება, ზომაში მომატებული ნერვები, შეხებაზე მგრძნობელობის დაკარგვა და კუნთთა სისუსტით გამოწვეული დეფორმაციები.
დაინფიცირებული კანის ქსოვილის ნიმუშის მიკროსკოპის ქვეშ გამოკვლევა (ბიოფსია) ადასტურებს დიაგნოზს. იმის გამო, რომ კეთრის ბაქტერია არ იზრდება ლაბორატორიაში, ქსოვილის ნიმუშების კულტივირება არ არის გამოსადეგი. ბაქტერიის მიმართ გამომუშავებული ანტისხეულების სისხლში განსაზღვრას არ აქვს დიდი გამოყენება, რადგანაც ანტისხეულები ყოველთვის არ არის.
იმის გამო, რომ კეთრი არ არის ძალიან გადამდები, გავრცელების რისკი მცირეა. მხოლოდ კეთრის ლეპრომატოზული ფორმაა გადამდები, მიუხედავად ამისა, ამ შემთხვევაშიც კი არ ხდება ინფექციის მარტივად გავრცელება. მკურნალობის დაწყებისთანავე, კეთრი ვეღარ გავრცელდება. პრევენციის საუკეთესო გზაა დაინფიცირებული ადამიანის ბიოლოგურ სითხეებსა და გამონაყართან კონტაქტისგან თავის არიდება.ბცჟ (კალმეტ-გერენის ბაცილა) ვაქცინა, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის თავიდან აცილების მიზნით, უზრუნველყოფს გარკვეული სახის დაცვას კეთრისგანაც, მაგრამ კეთრის თავიდან აცილების მიზნით მისი ხშირი გამოყენება არ ხდება.
ანტიბიოტიკებს შეუძლია კეთრის პროგრესირების შეჩერება, მაგრამ არ შეუძლია ნერვის დაზიანების ან დეფორმირების გამოსწორება. შესაბამისად, ინფექციის ადრეულ აღმოჩენასა და მკურნალობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. იმის გამო, რომ კეთრის ზოგიერთი ბაქტერია რეზისტენტულია გარკვეული ანტიბიოტიკების მიმართ, ექიმები გამოწერენ ერთ პრეპარატზე მეტს. პრეპარატების არჩევა დამოკიდებულია კეთრის ფორმაზე:
დაფსონი შედარებით იაფი და უსაფრთხოა. ზოგჯერ, ის იწვევს ალერგიულ გამონაყარსა და ანემიას. რიფამპინი, რომელიც უფრო ძვირია, დაფსონზე ბევრად ეფექტურია. მის ყველაზე სერიოზულ გვერდით ეფექტებს მიეკუთვნება ღვიძლის დაზიანება და გრიპისმაგვარი სიმპტომები. კლოფაზიმინი განსაკუთრებით უსაფრთხოა. მის ძირითად გვერდით ეფექტს მიეკუთვნება კანის დროებითი პიგმენტაცია.
იმის გამო, რომ ბაქტერიების სრულად დახოცვა რთულია, ანტიბიოტიკების მიღება უნდა გაგრძელდეს დიდი ხნის განმავლობაში. ინფექციის სიმწვავესა და ექიმის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, მკურნალობა გრძელდება 6 თვიდან რამდენიმე წლამდე. ზოგიერთი ექიმი რეკომენდაციას უწევს ლეპრომატოზული ფორმით დაავადებულ ადამიანებში დაფსონით მთელი სიცოცხლის განმავლობაში მკურნალობას.