ლიმფოციტოპენია | მკურნალი.გე
  1. ლიმფოციტოპენია
  2. სისხლის თეთრი უჯრედების დაავადებები
  3. სისხლის დაავადებები
ლიმფოციტოპენია

ლიმფოციტოპენია არის სისხლში ლიმფოციტების რაოდენობის პათოლოგიურად შემცირება.

  • ლიმფოციტების სიმცირე მრავალ დაავადებას შეუძლია გამოიწვიოს, მაგრამ ყველაზე ხშირია შიდსი და არასრულფასოვანი კვება;

  • შესაძლოა სიმპტომები არ აღინიშნებოდეს ან ადამიანს აწუხებდეს ცხელება და ინფექციის სხვა გამოვლინებები;

  • ლიმფოციტოპენიის დიაგნოზისთვის სისხლის ნიმუშის ანალიზი გამოიყენება, მაგრამ მიზეზის განსაზღვრისთვის ძვლის ტვინის ან ლიმფური კვანძის ქსოვილის აღებაა საჭირო;

  • ექიმები ლიმფოციტოპენიის მიზეზს მკურნალობენ;

  • ზოგ პაციენტს გამაგლობულინს უსხამენ, ზოგისთვის ღეროვანი უჯრედების გადანერგვაა ეფექტური.

ლიმფოციტები სისხლის თეთრი უჯრედების საერთო რაოდენობის 20%-40%-ს შეადგენს. ნორმაში მათი რიცხვი სისხლის ერთ მიკროლიტრში 1500 უჯრედზე მეტია ზრდასრულებში, 3000-ზე მეტი – ბავშვებში. ლიმფოციტების რაოდენობის შემცირებამ შესაძლოა დიდად არ იმოქმედოს თეთრი უჯრედების საერთო რაოდენობაზე.

ლიმფოციტების ნაკლებობა შეიძლება სხვადასხვა მდგომარეობამ და დაავადებამ გამოიწვიოს, მათ შორის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) ინფიცირებამ. მათი რაოდენობა მცირდება შიმშილის, მძიმე სტრესისა და კორტიკოსტეროიდების (მაგალითად, პრედნიზონის) გამოყენებისას, ავთვისებიანი სიმსივნის ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის დროს. ლიმფოციტების რაოდენობა მნიშვნელოვანდ მცირდება ზოგი მემკვიდრეობითი დაავადების დროს.

ლიმფოციტების სამი სახე არსებობს: B ლიმფოციტები, T ლიმფოციტები და ბუნებრივი მკვლელი უჯრედები. მათგან სამივე ძალიან მნიშვნელოვანია იმუნური სისტემისთვის.

B ლიმფოციტების რაოდენობის შემცირებამ შესაძლოა პლაზმური უჯრედების რიცხვისა და, შესაბამისად, ანტისხეულების წარმოქმნის დაქვეითება გამოიწვიოს. T ლიმფოციტების ან ბუნებრივი მკვლელი უჯრედების ნაკლებობისას ზოგიერთ ინფექციასთან ბრძოლა გაძნელებულია, განსაკუთრებით ვირუსებთან, სოკოებთან და პარაზიტებთან. ლიმფოციტების ძლიერმა სიმცირემ ძალიან მძიმე ინფექციების განვითარება და სიკვდილი შეიძლება გამოიწვიოს.

სიმპტომები და დიაგნოზი

მსუბუქი ლიმფოციტოპენია შესაძლოა სიმპტომებით არც კი გამოვლინდეს და ხშირად სისხლის საერთო ანალიზის სხვა მიზეზით ჩატარებისას აღმოაჩენენ ხოლმე. ლიმფოციტების მკვეთრად შემცირება ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი და პარაზიტული ინფექციების სიხშირის ზრდას იწვევს.

როცა ლიმფოციტების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა დაქვეითებული, ექიმები ძვლის ტვინის ნიმუშს იღებენ და მიკროსკოპით იკვლევენ (ძვლის ტვინის ბიოფსია). გარდა ამისა, სისხლში შეიძლება განისაზღვროს ლიმფოციტების სპეციფიკური სახეების (T და B ლიმფოციტები, ბუნებრივი მკვლელი უჯრედები) რაოდენობა. მათგან ზოგიერთის რაოდენობის შემცირება ექიმებს დაავადებების, მაგალითად, შიდსის ან მემკვიდრეობითი იმუნოდეფიციტის სინდრომების დიაგნოსტიკაში ეხმარება.

მკურნალობა

მკურნალობა ძირითადი მიზეზის შესაბამისად ტარდება. მედიკამენტით გამოწვეული ლიმფოციტოპენია ხშირად გამოსწორდება ხოლმე წამლის მიღების შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში. თუ ეს დარღვევა შიდსის გამო განვითარდა, სულ მცირე, სამი სხვადასხვა კლასის ანტივირუსული საშუალებებით კომბინირებული მკურნალობისას T ლიმფოციტების რიცხვი იზრდება და გადარჩენის მაჩვენებელი იმატებს.

ლიმფოციტების რაოდენობის მკვეთრად შემცირებისას პაციენტებს, რომელთაც, შესაბამისად, ანტისხეულების წარმოქმნაც დაქვეითებული აქვთ, ინფექციების თავიდან ასაცილებლად გამაგლობულინს (ანტისხეულებით მდიდარი ნივთიერება) უსხამენ. მემკვიდრეობითი იმუნოდეფიციტის დროს შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა. თუ ინფექცია განვითარდა, გამომწვევი მიკროორგანიზმის საწინააღმდეგო სპეციფიკური ანტიბიოტიკი, ანტივირუსული ან ანტიპარაზიტული საშუალება გამოიყენება.