მონოციტები სისხლის სხვა თეთრ უჯრედებს ეხმარება მკვდარი ან დაზიანებული ქსოვილების მოშორებაში, სიმსივნური უჯრედების განადგურებაში და, აგრეთვე, უცხო ნივთიერებების საწინააღმდეგო იმუნიტეტის რეგულაციაში. მონოციტები ძვლის ტვინში წარმოიქმნება და მერე გადადის სისხლში, სადაც მოცირკულირე ლეიკოციტების 1%-10%-ს შეადგენს (სისხლის ერთ მიკროლიტრში 200-600 მონოციტია). სისხლში რამდენიმე საათით დაყოვნების შემდეგ მონოციტები ქსოვილებში გადაინაცვლებს (მაგალითად, ელენთაში, ღვიძლში, ფილტვებსა და ძვლის ტვინში), სადაც მაკროფაგებად, იმუნური სისტემის მთავარ შთანმთქმელ უჯრედებად, მწიფდება. მონოციტებისა და მაკროფაგების წარმოქმნას ზოგჯერ გენეტიკური დეფექტები არღვევს, რაც უჯრედებში ნივთიერებათა ცვლის ნარჩენებისა და ლიპიდების დაგროვებით დაავადებებს იწვევს (მაგალითად, გოშეს დაავადება, ნიმანი-პიკის დაავადება).
სისხლში მონოციტების სიჭარბე (მონოციტოზი) ქრონიკულ ინფექციებზე, ავტოიმუნურ და სისხლის დაავადებებზე, ავთვისებიან სიმსივნეებზე საპასუხო რეაქციაა. მაკროფაგების გამრავლება ქსოვილებში ინფექციების, სარკოიდოზის, ლანგერჰანსის უჯრედოვანი ჰისტიოციტოზის დროს გვხვდება.
სისხლში მონოციტების რაოდენობის დაქვეითება (მონოციტოპენია) ბაქტერიის მიერ ტოქსინების გამოთავისუფლების (ენდოტოქსემიის), ქიმიოთერაპიის ან კორტიკოსტეროიდების მიღების შედეგი შეიძლება იყოს.