ეოზინოფილები, როგორც წესი, მოცირკულირე ლეიკოციტების 7%-ზე ნაკლებს შეადგენს (სისხლის ერთ მიკროლიტრში 100-500 უჯრედია). მათი ფუნქცია ორგანიზმის ზოგიერთი პარაზიტისგან დაცვაა. გარდა ამისა, ეოზინოფილები ალერგიული დაავადებების დროს ანთების განვითარებაში მონაწილეობენ.
სისხლში ეოზინოფილების სიჭარბე (ეოზინოფილია) პათოლოგიურ უჯრედებზე, პარაზიტებზე ან ალერგიის გამომწვევ ნივთიერებებზე (ალერგენები) ორგანიზმის საპასუხო რეაქციის მაჩვენებელია.
ეოზინოფილების ნაკლებობა (ეოზინოპენია) კუშინგის სინდრომის, სტრესული რეაქციის ან კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს აღინიშნება. ის განსაკუთრებულ ყურადღებას არ საჭიროებს, ვინაიდან დანაკლისს იმუნური სისტემის სხვა ნაწილების ფუნქციონირება ანაზღაურებს.
იდიოპათიური ჰიპერეოზინოფილური სინდრომი არის დაავადება, რომლის დროსაც სისხლის ერთ მიკროლიტრში 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ეოზინოფილების რაოდენობა 1500-ს აღემატება, რისი მიზეზიც უცნობია.
ეს პათოლოგია ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, მაგრამ უფრო ხშირია 50 წელზე მეტი ასაკის პირებს შორის. ეოზინოფილების სიჭარბე ზოგჯერ აზიანებს გულს, ფილტვებს, ღვიძლს, კანსა და ნერვულ სისტემას. მაგალითად, შესაძლებელია განვითარდეს გულის ანთება – ლეფლერის ენდოკარდიტი, რაც თრომბების წარმოქმნას, გულის უკმარისობას, გულის ინფარქტს ან გულის სარქვლების ფუნქციის დარღვევას იწვევს.
სიმპტომებიდან აღსანიშნავია სხეულის წონის დაქვეითება, ცხელება, ღამის ოფლიანობა, გულმკერდის ტკივილი, სისუსტე, ცნობიერების დაბინდვა და კომა. სხვა გამოვლინებები იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი ორგანოებია დაზიანებული. იდიოპათიურ ჰიპერეოზინოფილიურ სინდრომზე ეჭვი მაშინ იბადება, თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების მქონე პაციენტს სისხლში ეოზინოფილების სიჭარბე ხანგრძლივად აღენიშნება. დიაგნოზს ადასტურებს ჰიპერეოზინოფილიით მიმდინარე რომელიმე დაავადების, მაგალითად, პარაზიტული ინფექციის ან ალერგიული რეაქციის არარსებობა.
მკურნალობის გარეშე პაციენტთა 80%-ზე მეტი 2 წელიწადში იღუპება, მკურნალობით 80%-ზე მეტი იკურნება. სიკვდილის მთავარი მიზეზი გულის დაზიანებაა. ზოგ პაციენტს მკურნალობა არ ესაჭიროება, მხოლოდ მეთვალყურეობაა აუცილებელი 2-6 თვის განმავლობაში. პაციენტთა უმრავლესობას მედიკამენტები ენიშნება – პრედნიზონი ან ჰიდროქსიურეა. იდიოპათიური ჰიპერეოზინოფილური სინდრომის მქონე ზოგ პაციენტს იმ გენის შეძენილი მუტაცია აქვს, რომელიც უჯრედის ზრდას აკონტროლებს. ამ შემთხვევებში ეფექტურია იმატინიბი – ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტი. თუ მოხსენიებული წამლების მიღებისას მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, სხვა საშუალებების გამოყენება შეიძლება ეოზინოფილებისგან სისხლის გამწმენდ პროცედურასთან (ლეიკაფერეზთან) კომბინაციაში.