დაუდგენელი მნიშვნელობის მონოკლონური გამოპათიები არის მონოკლონური ანტისხეულების დაგროვება, რომლებსაც პათოლოგიური, მაგრამ არასიმსივნური პლაზმური უჯრედები წარმოქმნის.
დაუდგენელი მნიშვნელობის მონოკლონური გამოპათიები 70 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების 5%-ზე მეტს აქვს, მაგრამ ჯანმრთელობის რაიმე მნიშვნელოვან პრობლემებს არ იწვევს. ეს დაავადებები ხშირად უსიმპტომოა, ამიტომაც თითქმის ყოველთვის შემთხვევით აღმოჩნდება ხოლმე, ანალიზების სხვა მიზეზით ჩატარებისას, მაგალითად, სისხლში ცილის რაოდენობის გაზომვის დროს. ამავე დროს, მონოკლონური ანტისხეულები შეიძლება ნერვებს დაუკავშირდეს და დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება და სისუსტე გამოიწვიოს. დაავადებულებს შორის მაღალია ძვლოვანი ქსოვილის განლევისა და მოტეხილობების ალბათობა.
დაუდგენელი მნიშვნელობის მონოკლონური გამოპათიების მქონე პაციენტებს M-პროტეინის დონე ხშირად წლების განმავლობაში, ზოგჯერ 25 წლის განმავლობაშიც კი, არ ეცვლებათ და ისინი მკურნალობას არ საჭიროებენ. თუმცა, თუ გამოკვლევებით ძვლის სიმკვრივის მნიშვნელოვანი შემცირება (ოსტეოპენია ან ოსტეოპოროზი) გამოვლინდა, ექიმმა შესაძლოა ბიფოსფატონებით მკურნალობა დანიშნოს.
უცნობი მიზეზის გამო, დაავადებულთა დაახლოებით ერთ მეოთხედში, ავადმყოფობა ავთვისებიან სიმსივნედ, მაგალითად, მრავლობით მიელომად, მაკროგლობულინემიად ან B-უჯრედოვან ლიმფომად გარდაიქმნება. ამ ტრანსფორმაციის თავიდან აცილება შეუძლებელია. დაუდგენელი მნიშვნელობის მონოკლონური გამოპათიების მქონე ადამიანების მეთვალყურეობა სისტემატურად არის საჭირო; მათ წელიწადში ორჯერ სინჯავს ექიმი და უტარებს სისხლის და ზოგჯერ შარდის ანალიზსაც, იმის დასადგენად, ხომ არ არის დაწყებული ავთვისებიან სიმსივნედ გარდაქმნა. ამ პროცესის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენისას, სიმსივნის სიმპტომებისა და გართულების თავიდან ასაცილებლად მკურნალობა გადაუდებლად არის საჭირო.