თრომბოციტემია | მკურნალი.გე
  1. თრომბოციტემია
  2. მიელოპროლიფერაციული დაავადებები
  3. სისხლის დაავადებები
თრომბოციტემია

თრომბოციტემია (პირველადი თრომბოციტემია) არის დაავადება, რომლის დროსაც თრომბოციტები დიდი რაოდენობით წარმოიქმნება, რაც სისხლის ზომაგადასულ შედედებას ან სისხლდენას იწვევს.

  • მიზეზი უცნობია;

  • შესაძლოა გამოვლინდეს ჩხვლეტის შეგრძნება ტერფებსა და მტევნებში, სიცივის გრძნობა ხელის თითის წვერებში;

  • დიაგნოზი ეფუძნება სტანდარტული სისხლის ანალიზების შედეგებს, ზოგჯერ ძვლის ტვინის ბიოფსია არის საჭირო;

  • სამკურნალოდ ინიშნება სიმპტომების შემამსუბუქებელი და თრომბოციტების წარმოქმნის შემამცირებელი მედიკამენტები.

თრომბოციტები (სისხლის ფირფიტები) ნორმაში ძვლის ტვინის უჯრედებიდან – მეგაკარიოციტებიდან წარმოიქმნება. თრომბოციტემიის დროს მეგაკარიოციტების რიცხვი იზრდება და, შესაბამისად, მათგან წარმოქმნილი თრომბოციტების რაოდენობაც მატულობს.

თრომბოციტემია 100000-დან 2-3 ადამიანს აქვს, უფრო ხშირია 50 წელზე მეტი ასაკის პირებს შორის და ქალებში. დაავადების მიზეზი უცნობია.

სიმპტომები

თრომბოციტემია ხშირად სიმპტომებით არ ვლინდება. ამავე დროს, სისხლის ფირფიტების სიჭარბის გამო თრომბი შესაძლოა უმიზეზოდ წარმოიქმნას, დაახშოს როგორც წვრილი, ასევე მსხვილი, მათ შორის თავის ტვინის, ღვიძლისა და გულის სისხლძარღვების სანათური. თრომბოციტემიის დროს თრომბების წარმოქმნის რისკი მოხუცებს შორის უფრო მაღალია, ვიდრე ახალგაზრდებს შორის.

სიხლძარღვის დახშობის სიმპტომებია: ჩხვლეტა და სხვა უჩვეულო შეგრძნებები მტევნებსა და ტერფებში (პარესთეზიები), თითის წვერების გაცივება, გულმკერდის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, თავის ტკივილი, სისუსტე და თავბრუხვევა. ხშირია ცხვირიდან მსუბუქი სისხლდენა, ვლინდება სისხლჩაქცევები, სისხლი ჟონავს ღრძილებიდან ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. შესაძლოა ღვიძლისა და ელენთის გადიდება.

დიაგნოზი

თრომბოციტემიის დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებს ან სისხლის ანალიზის სხვა მიზეზით ჩატარებისას თრომბოციტების სიჭარბის აღმოჩენის ფაქტს. დიაგნოზის დასადასტურებლად სხვა კვლევებიც შეიძლება გახდეს საჭირო. სისხლის მიკროსკოპით შესწავლისას ზოგჯერ აღმოჩნდება პათოლოგიურად დიდი თრომბოციტები, მათი გროვები და მეგაკარიოციტების ნარჩენები.

უცნობი მიზეზით განვითარებული, ანუ პირველადი თრომბოციტემიის გასარჩევად მეორადისგან, რომელიც რომელიმე სხვა დაავადების შედეგია, საჭიროა თრომბოციტების სიჭარბის გამომწვევი დაავადებების გამორიცხვა. ზოგჯერ ამისთვის გამოსადეგია ძვლის ტვინის ქსოვილის ნიმუშის აღება და მიკროსკოპით შესწავლა. ამ გზით გამოირიცხება ქრონიკული მიელოციტური ლეიკემია, როგორც თრომბოციტების სიჭარბის მიზეზი.

მკურნალობა

თრომბოციტემიის სამკურნალოდ შესაძლოა სისხლის ფირფიტების რიცხვის შემამცირებელი მედიკამენტი გახდეს საჭირო. ასეთი საშუალებებია: ჰიდროქსიურეა, ანაგრელიდი და ალფა-ინტერფერონი. მათ, როგორც წესი, მაშინ ნიშნავენ, თუ დაავადებას სისხლის შედედების მოშლა დაერთო. მკურნალობის საჭიროებას განსაზღვრავს პაციენტის ასაკი, სხვა რისკების არსებობა და წარსულში თრომბების წარმოშობის (თრომბოზის) ისტორია. მედიკამენტი მანამ გამოიყენება, სანამ თრომბოციტების რიცხვი უსაფრთხო შუალედს არ მიაღწევს. ამის შემდეგ დოზა იცვლება ისე, რომ შენარჩუნდეს სისხლის ფირფიტებისა და სხვა უჯრედების საჭირო რაოდენობა. ზოგჯერ გამოიყენება ასპირინის დაბალი დოზებიც, რაც ხელს უშლის თრომბოციტების შეწებებას და აქვეითებს შედედებას.

თუ მედიკამენტური მკურნალობით სისხლის ფირფიტების წარმოქმნა საკმარისად სწრაფად არ მცირდება, შესაძლოა თრომბოციტოფერეზის გამოყენება ან ორივესი ერთად. ეს პროცედურა გადაუდებელი მდგომარეობებისთვისაა "შემონახული". თრომბოციტოფერეზის დროს იღებენ სისხლს, მას აშორებენ თრომბოციტებს და ამ სახით აბრუნებენ სხეულში.