ელენთის გადიდება | მკურნალი.გე
  1. ელენთის გადიდება
  2. ელენთის დაავადებები (სისხლის დაავადებები)
  3. სისხლის დაავადებები
ელენთის გადიდება

  • ელენთის გადიდებას ბევრი დაავადება იწვევს, მათ შორის ინფექციები, ანემიები და ავთვისებიანი სიმსივნეები;

  • სიმპტომები უფრო ხშირად ზოგადი ხასიათისაა, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს სიმძიმის შეგრძნება ან ტკივილი მუცლის ზედა მარცხენა ნაწილში, ან წელის არეში;

  • ექიმს ხშირად ხელითაც შეუძლია გასინჯოს გადიდებული ელენთა, მაგრამ ზომაში მატების ხარისხის დასადგენად რენტგენოგრაფია და სხვა გამოსახულებითი კვლევები გამოიყენება;

  • ელენთის გადიდების გამომწვევი დაავადების მკურნალობა ელენთის ზომას ამცირებს, მაგრამ ზოგჯერ ორგანოს ამოკვეთაა საჭირო.

ელენთის გადიდება (სპლენომეგალია) დაავადება არ არის, მისი მიზეზი ესა თუ ის სხვა ავადმყოფობაა. ელენთის გადიდება მრავალ პათოლოგიას შეუძლია გამოიწვიოს. მიზეზის დასადგენად ექიმმა ყველა ეს დაავადება უნდა გაითვალისწინოს, დაწყებული ქრონიკული ინფექციებით და დამთავრებული სისხლის ავთვისებიანი სიმსივნეებით.

ელენთის გადიდების დროს მასში დიდი რაოდენობით სისხლის უჯრედები და თრომბოციტები კავდება. ამას ჰიპერსპლენიზმი ეწოდება და სისხლში უჯრედებისა და ფირფიტების რაოდენობის შემცირებას იწვევს. პროცესი მანკიერი წრის სახით ყალიბდება: რაც უფრო მეტი უჯრედი და თრომბოციტი გროვდება ელენთაში, მით უფრო იზრდება ის, რაც უფრო იზრდება – მით მეტი უჯრედი და თრომბოციტი კავდება მასში. საბოლოოდ, მნიშვნელოვნად გადიდებული ელენთა ნორმალურ წითელ უჯრედებსაც "გააბამს მახეში" და მათაც პათოლოგიურ ერითროციტებთან ერთად შლის. ამასთან, დიდი რაოდენობით წითელი უჯრედებისა და თრომბოციტების დაგროვებამ შესაძლოა ზედმეტად "გაავსოს" ელენთა და მისი ფუნქციის დარღვევა გამოიწვიოს.

გადიდებულ ორგანოს ზოგჯერ მიწოდებული სისხლი აღარ ჰყოფნის. თუ მისი ნაწილები არასაკმარისად მარაგდება სისხლით, ისინი ზიანდება და იღუპება ან სისხლდენა ვითარდება.

სიმპტომები

ელენთის გადიდებისთვის სიმპტომების მრავალფეროვნება არ არის დამახასიათებელი. ზოგი სიმპტომი შეიძლება სხვა დაავადების გამოვლინებად იქნეს შეცდომით მიჩნეული. გადიდებული ელენთა კუჭთან ახლოს არის და ხანდახან მას აწვება კიდეც, რაც სისავსის შეგრძნებას იწვევს მსუბუქად წახემსების შემდეგ ან მის გარეშეც. ზოგჯერ აღინიშნება მუცლის ან წელის ტკივილი ელენთის მიდამოში, ტკივილი შეიძლება მარცხენა მხარში გავრცელდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ორგანოს ნაწილების სისხლით მომარაგება დარღვეულია და ქსოვილები კვდომას იწყებს.

თუკი ელენთა დიდი რაოდენობით უჯრედებსა და თრომბოციტებს აკავებს სისხლიდან, სხვადასხვა გართულებაა მოსალოდნელი, მათ შორის ანემია სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობის გამო, ხშირი ინფექციები თეთრი უჯრედების სიმცირის შედეგად, სისხლდენისკენ მიდრეკილება, რასაც თრომბოციტების რაოდენობის დაკლება იწვევს.

დიაგნოზი

ექიმს ელენთის გადიდებაზე ეჭვი მაშინ მიაქვს, როცა პაციენტი სიმძიმის ან ტკივილის შეგრძნებას უჩივის მუცლის ან წელის მარცხენა ზედა ნაწილში. ხშირად ზომაში მომატებული ორგანოს გასინჯვა ხელითაც შეიძლება. მუცლის ღრუს რენტგენოგრაფიაც ზოგჯერ თვალსაჩინოს ხდის ელენთის გადიდებას. შესაძლებელია ულტრასონოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) გახდეს საჭირო იმისი განსაზღვრისთვის, რამდენად არის ორგანო ზომაში მომატებული, აწვება თუ არა ის სხვა რომელიმე ორგანოს. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) იმავე ინფორმაციას გვაწვდის, გარდა ამისა, ასახავს სისხლის დინებას ელენთაში. სხვა სპეციალური ხელსაწყოებით რადიოაქტიური ნაწილაკების გამოყენებითაც შეიძლება ელენთის ზომისა და ფუნქციის შესწავლა, იმის განსაზღვრა, მასში სისხლის უჯრედების დიდი რაოდენობა გროვდება თუ იშლება.

სისხლის ანალიზებით დგინდება წითელი და თეთრი უჯრედების, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება. სისხლის ნიმუშის მიკროსკოპით შესწავლისას ზოგჯერ უჯრედების ფორმაც მიანიშნებს ელენთის გადიდების მიზეზზე. ძვლის ტვინის გამოკვლევით შესაძლოა დადგინდეს სისხლის უჯრედების ავთვისებიანი სიმსივნის (ლეიკემიის ან ლიმფომის) არსებობა ან არასასურველი ნივთიერებების დაგროვება (რაც დაგროვების დაავადებების დროს ხდება). სისხლის ცილების შემცველობის განსაზღვრით გამოირიცხება ან დადასტურდება ელენთის გადიდების სხვა მიზეზები, როგორიცაა ამილოიდოზი, სარკოიდოზი, მალარია, კალა-აზარი, ბრუცელოზი და ტუბერკულოზი. ღვიძლის ფუნქციების გამოკვლევით დგინდება, არის თუ არა ეს ორგანოც დაავადებული.

ანალიზისთვის ელენთის ქსოვილის ნიმუშის აღება ადვილი არ არის, რადგან ნემსის შეყვანამ ამ ორგანოში ან მისმა გაკვეთამ შესაძლოა ძლიერი, შეუჩერებელი სისხლდენა გამოიწვიოს. რომელიმე დაავადების დიაგნოსტიკის ან მკურნალობის მიზნით გადიდებული ელენთის ამოკვეთისას ის ლაბორატორიაში იგზავნება და სწორედ იქ დგინდება გადიდების მიზეზი.

მკურნალობა

თუ შესაძლებელია, ექიმები ელენთის გადიდების გამომწვევ დაავადებას მკურნალობენ. ზოგჯერ საჭიროა ამ ორგანოს ამოკვეთა (სპლენექტომია), რაც თავის მხრივ გართულებებს იწვევს, მათ შორის ინფექციების რისკის გაზრდას. თუმცა, ზოგ შემთხვევაში ეს ოპერაცია მაინც გამართლებულია, მაგალითად მაშინ, თუ:

  • ელენთა სისხლის წითელ უჯრედებს ისე სწრაფად შლის, რომ მძიმე ანემია ვითარდება;

  • ელენთა სისხლის თეთრი უჯრედების ისეთ ნაკლებობას იწვევს, რომ ინფექციის რისკი იზრდება;

  • ელენთის მიერ თრომბოციტების რიცხვის შემცირების გამო სისხლდენის საშიშროებაა მომატებული;

  • ელენთა იმდენადაა გადიდებული, რომ ტკივილს იწვევს ან სხვა ორგანოებს აწვება;

  • ელენთა იმდენადაა გადიდებული, რომ მის ზოგიერთ უბანში სისხლდენა ვითარდება ან ქსოვილები კვდება.

ოპერაციის გარდა, ამ ორგანოს ზომაში დაპატარავება სხივური თერაპიითაც შეიძლება.