იმუნურ სისტემას უჯრედის ავთვისებიანად გარდაქმნის შემთხვევაშიც კი შეუძლია მისი ამოცნობა და განადგურება მანამ, სანამ ეს უჯრედი გამრავლებას და გავრცელებას დაიწყებს. ავთვისებიანი სიმსივნეები უფრო ხშირად იმ ადამიანებში პროგრესირებს, რომელთა იმუნური სისტემის ფუნქცია დაქვეითებულია, მაგალითად, შიდსის დროს იმუნიტეტის დამთრგუნავი საშუალებების მიღების გამო, ზოგიერთი ავტოიმუნური დაავადების შემთხვევაში და მოხუცებს შორის, რომელთა იმუნური სისტემის ფუნქცია, ახალგაზრდებთან შედარებით, დაქვეითებულია. თუმცაღა, მაშინაც კი, როცა იმუნური სისტემა სათანადოდ ფუნქციონირებს, ავთვისებიანი სიმსივნე შეიძლება მდგრადი აღმოჩნდეს მისი ზემოქმედების მიმართ.
სიმსივნური ანტიგენები: ანტიგენი უცხო ნივთიერებაა, რომელსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა ამოიცნობს და ანადგურებს. ანტიგენები უჯრედების ზედაპირზეა განთავსებული. ნორმაში იმუნური სისტემა საკუთარი უჯრედების ანტიგენების წინააღმდეგ არ რეაგირებს. როცა უჯრედი ავთვისებიანად გარდაიქმნება, მასზე ახალი ანტიგენები ჩნდება, რომლებსაც იმუნური სისტემა ამოიცნობს. შესაბამისად, ეს ე.წ. სიმსივნური ანტიგენები უცხო ნივთიერებად მიიჩნევა და იმუნურ სისტემას შეუძლია შეაჩეროს მათი გამრავლება ან გაანადგუროს ავთვისებიანი უჯრედები. სწორედ ამ მექანიზმით იცავს ორგანიზმი თავს სიმსივნური უჯრედებისგან და ხშირად მანამდე შლის მათ, სანამ გავრცელებას მოასწრებდნენ. თუმცაღა, ზოგჯერ სავსებით ნორმალურად მოქმედ იმუნურ სისტემასაც კი არ შეუძლია ყველა ავთვისებიანი უჯრედის განადგურება. თუ ეს უჯრედები გამრავლდება და მოცულობით მასად (ავთვისებიან სიმსივნურ მასად) ჩამოყალიბდება, იმუნურ სისტემას მათი განადგურება აღარ შეუძლია.
შესწავლილია რამდენიმე სიმსივნის ანტიგენები, მათ შორის ავთვისებიანი მელანომისა. ამ ანტიგენებიდან მიღებული ვაქცინები, რომლებიც იმუნიტეტის სტიმულირებას იწვევს, შესაძლოა ეფექტიანი აღმოჩნდეს სიმსივნის სამკურნალოდ ან თავიდან ასაცილებლად. ვაქცინების შესაქმნელად კვლევები ინტენსიურად მიმდინარეობს.
ზოგი სიმსივნური ანტიგენის აღმოჩენა სისხლის ანალიზებითაც შეიძლება. მათ ხშირად სიმსივნის მარკერებს უწოდებენ. ამ ნივთიერებების შემცველობის განსაზღვრით ზოგჯერ მკურნალობის ეფექტურობა ფასდება. თუმცა, პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის გარდა, სხვა სიმსივნური მარკერები არცთუ გამოსადეგია სკრინინგისთვის იმ ადამიანებს შორის, რომელთაც სიმსივნის სიმპტომები არ აქვთ.