ქიმიოთერაპიული საშუალებები ყველაზე ეფექტიანია კომბინაციაში გამოყენებისას (კომბინირებული ქიმიოთერაპია). ეს იმით აიხსნება, რომ სხვადასხვა მექანიზმით მოქმედი მედიკამენტებით მკურნალობა ამცირებს რეზისტენტული სიმსივნური უჯრედების წარმოქმნის რისკს. განსხვავებული ეფექტების მქონე წამლების კომბინირებისას თითოეული მათგანი ოპტიმალური დოზით ინიშნება, ისე, რომ აუტანელი გვერდითი მოვლენები არ განვითარდეს.
ზოგი სიმსივნის სამკურნალოდ საუკეთესოა ოპერაციის, სხივური და ქიმიოთერაპიის ერთობლივად გამოყენება. ქირურგიული ჩარევა ან სხივური თერაპია ადგილობრივად არსებულ წარმონაქმნს ანადგურებს, ქიმიოთერაპია კი – იმ სიმსივნურ უჯრედებსაც, რომლებიც მოშორებით, სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელდნენ. ზოგჯერ სხივური თერაპია ან ქიმიოთერაპია ოპერაციამდე ინიშნება სიმსივნის დასაპატარავებლად და მისი სრულად ამოკვეთის გასაადვილებლად. სხივური თერაპია და დაბალდოზიანი ქიმიოთერაპია ოპერაციის შემდეგ დარჩენილ სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს. სიმსივნის სტადიის მიხედვით განისაზღვრება, მკურნალობის ერთი რომელიმე მეთოდის გამოყენებაა უმჯობესი, თუ კომბინირებული თერაპია. მაგალითად, სარძევე ჯირკვლის კიბოს ადრეულ სტადიაზე შესაძლებელია ან მხოლოდ ქირურგიული ჩარევა, ან ოპერაცია და სხივური თერაპია, ან ქიმიოთერაპია, ან სამივე მეთოდის გამოყენება, იმის მიხედვით, თუ რა ზომისაა სიმსივნე და რამდენად დიდია მისი ხელახალი განვითარების რისკი. სარძევე ჯირკვლის ადგილობრივად გავრცელებული ფორმის დროს ხშირად ტარდება ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და ოპერაციაც.
ზოგჯერ კომბინირებული ქიმიოთერაპია განკურნების მიზნით კი არა, სიმპტომების შესამსუბუქებლად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად ინიშნება. ეს მიზანშეწონილია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც შორსწასული სიმსივნე აქვთ და ვერ დაენიშნებათ სხივური თერაპია ან ქირურგიული მკურნალობა (მაგალითად, ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს დროს, როცა ამოკვეთა შეუძლებელია; საყლაპავის ან შარდის ბუშტის კიბოს დროს).