მრავალი კვლევაა ჩატარებული, რომელთა მიზანი იყო სხვადასხვა საკვების მიღების ზეგავლენის დადგენა ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკზე. სამწუხაროდ, მათი შედეგები ზოგჯერ ურთიერთსაპირისპიროა, რაც აძნელებს ამა თუ იმ საკვების ან საკვები დანამატების როლის განსაზღვრას სიმსივნის აღმოცენებაში. მოხსენიებულთაგან ზოგიერთი უფრო სიღრმისეულად არის შესწავლილი. ქვემოთ წარმოდგენილია ამერიკის კიბოს საზოგადოების მიერ შეჯამებული ინფორმაცია:
ანტიოქსიდანტები: ანტიოქსიდანტები, მაგალითად, C ვიტამინი, E ვიტამინი და ბეტა-კაროტინი (A ვიტამინი) კარგად ბალანსირებული საკვები რაციონის ნაწილია, მაგრამ უცნობია, ამცირებს თუ არა მათი დანამატების მიღება ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკს. არსებობს მტკიცებულებები, რომ ბეტა-კაროტინის დიდი რაოდენობით მიღება შესაძლოა ზრდიდეს ზოგი სიმსივნის განვითარების ალბათობას.
გენმოდიფიცირებული საკვები: სხვადასხვა მცენარის ან მიკროორგანიზმების გენები ემატება ზოგი მცენარის გენს, რათა ამ უკანასკნელთა რეზისტენტობა გაიზარდოს მწერების მიმართ ან ისინი სხვა მხრივ გააუმჯობესოს. სადღეისოდ არ არსებობს მტკიცებულება, რომ გენმოდიფიცირებულ საკვებს რაიმე გავლენა აქვს ავთვისებიანი სიმსივნის აღმოცენების ალბათობაზე.
კალციუმი: კალციუმის, განსაკუთრებით კი მისი დანამატების, დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა წინამდებარე ჯირკვლის კიბოს რისკი გაზარდოს.
ყავა: ადრე ჩატარებული ზოგიერთი კვლევის შედეგები მიუთითებდა, რომ არსებობს კავშირი ყავის მიღებასა და ავთვისებიანი სიმსივნის რისკს შორის, მაგრამ ბოლოდროინდელი გამოკვლევებით ეს არ დასტურდება.
ნაჯერი ცხიმები: ნაჯერი ცხიმების მიღებამ შესაძლოა ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების საშიშროება გაზარდოს. თუმცა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ნაჯერი ცხიმების დიდი რაოდენობით შემცველი საკვები უფრო მაღალკალორიულია, რაც სიმსუქნეს იწვევს; ჭარბი წონა კი ავთვისებიანი სიმსივნის რისკ-ფაქტორია.
ბოჭკო: მტკიცებულებები, რომ ბოჭკოებით მდიდარი საკვების მიღება ავთვისებიანი სიმსივნის რისკს აქვეითებს, არასაკმარისია.
თევზის ქონი და ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები: ცხოველებზე ჩატარებული ზოგი კვლევის მიხედვით ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები ანელებს ავთვისებიანი სიმსივნის პროგრესირებას, მაგრამ იგივე შედეგი ადამიანებში არ დაფიქსირებულა.
ფთორი: კვლევებით არ მტკიცდება, რომ ავთვისებიანი სიმსივნის საშიშროებას ზრდის ფთორიანი წყლის მიღება, ფთორიანი კბილის პასტების გამოყენება ან სტომატოლოგიური მკურნალობა ამ ნივთიერებით.
ფოლატი: ფოლატების ყოველდღიურად მიღებამ შესაძლოა შეამციროს მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკი.
საკვები დანამატები: აშშ-ში საკვები დანამატების უსაფრთხოება წარმოებაში ჩაშვებამდე ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების უსაფრთხოების ადმინისტრაციამ უნდა დაადასტუროს; შესაბამისად, ისინი დაწვრილებით შეისწავლება. სადღეისოდ კვლევების შედეგები არ ადასტურებს, რომ დანამატების საკვებში არსებული შემცველობა ზრდის ავთვისებიანი სიმსივნის რისკს.
ნიორი: არ არის ცნობილი, ეფექტურია თუ არა ნიორი ავთვისებიანი სიმსივნის რისკის შესამცირებლად.
დასხივებული საკვები: გამოსხივება, რომელიც ზოგჯერ საკვებში მიკროორგანიზმების დასახოცად გამოიყენება, როგორც ჩანს, არ ზრდის ავთვისებიანი სიმსივნის საშიშროებას.
ლიკოპენე: ზოგიერთი კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ლიკოპენემ, რომელიც ძირითადად პომიდორში გვხვდება, შესაძლოა ზოგი სიმსივნის რისკი შეამციროს.
გადამუშავებული ხორცი: იმ ადამიანებში, რომლებიც დიდი რაოდენობით იღებენ გადამუშავებულ ხორცს, მაღალია კუჭის კიბოს რისკი. ზოგი მკვლევარი ამის მიზეზად ნიტრატებს მიიჩნევს – ნივთიერებებს, რომლებიც ძეხვეულში, ლორსა და ფუნთუშაში ჩადებულ სოსისებში გვხვდება. სადღეისოდ ეს მოსაზრება დამტკიცებული არ არის. დამარილებული ან შებოლილი ხორცის მიღებით შეიძლება ორგანიზმში პოტენციურად კანცეროგენული ნივთიერებები მოხვდეს.
მაღალ ტემპერატურაზე მომზადებული ხორცი: მაღალ ტემპერატურაზე, მაგალითად, გრილზე შემწვარი ან დაბრაწული ხორცის მიღებამ შეიძლება გაზარდოს ავთვისებიანი სიმსივნის რისკი.
ნატურალური საკვები: ჯერჯერობით უცნობია, ამცირებს თუ არა ავთვისებიანი სიმსივნის საშიშროებას ნატურალური საკვები.
პესტიციდები: არ არსებობს მტკიცებულება, რომ საკვებში არსებული პესტიციდების ნარჩენების მცირე რაოდენობა ზრდის ავთვისებიანი სიმსივნის რისკს.
საქარინი: საქარინი ადამიანებში ავთვისებიან სიმსივნეს არ იწვევს.
მარილი: საკვები, რომელიც მარინადის სახით ან დამარილებით არის შენახული, შეიძლება ზრდიდეს კუჭისა და ყელის კიბოს რისკს. კვლევებით არ მტკიცდება, რომ ანალოგიური რისკი ახლავს საკვებში ზომიერი რაოდენობით მარილის გამოყენებას.
სელენი: ზოგი კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ, სავარაუდოდ, სელენს ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნისგან დაცვის უნარი გააჩნდეს.
სოია: კვლევებით ჯერჯერობით არ მტკიცდება, რომ სოია ავთვისებიანი სიმსივნის საშიშროებას ამცირებს.
ჩაი: ავთვისებიანი სიმსივნის რისკის დამაქვეითებელი მოქმედება ჩაის, როგორც ჩანს, არ აქვს.
D ვიტამინი:D ვიტამინი შესაძლოა მეტ-ნაკლებად სასარგებლოა წინამდებარე ჯირკვლის კიბოს რისკის შესამცირებლად.