თანდაყოლილი იმუნიტეტი | მკურნალი.გე
  1. თანდაყოლილი იმუნიტეტი
  2. იმუნური სისტემის ბიოლოგია
  3. იმუნური სისტემის დაავადებები
თანდაყოლილი იმუნიტეტი

თანდაყოლილი (ბუნებრივი) იმუნიტეტის სახელწოდება იმითია შეპირობებული, რომ ის დაბადებისთანავე არსებობს და არ საჭიროებს დასწავლას დამაზიანებელ აგენტთან შეხვედრით. ამგვარად, ის უცხო უჯრედებზე დაუყოვნებლივ პასუხს უზრუნველყოფს. მისი კომპონენტები ყველა უცხო ნივთიერებას თითქმის ერთნაირად პასუხობს. ისინი უცხო უჯრედზე მდებარე მაიდენტიფიცირებელი ნივთიერებების (ანტიგენების) მხოლოდ მცირე ნაწილს ცნობენ, მაგრამ ეს ანტიგენები ბევრ სხვა უჯრედსაც აქვს. თანდაყოლილი იმუნიტეტი ვერ იმახსოვრებს დამაზიანებელ აგენტს და შემდგომი ინფიცირებისგან ხანგრძლივ დაცვას ვერ უზრუნველყოფს.

თანდაყოლილ იმუნიტეტში მონაწილე სისხლის თეთრი უჯრედებია:

  • მონოციტი (რომელიც გარდაიქმნება მაკროფაგად)

  • ნეიტროფილი

  • ეოზინოფილი

  • ბაზოფილი

  • ბუნებრივი მკვლელი უჯრედი

თითოეული ტიპის უჯრედს განსხვავებული ფუნქცია აქვს. კომპლემენტის სისტემა და ციტოკინები ასევე მონაწილეობს თანდაყოლილ იმუნიტეტში.

მაკროფაგები

მაკროფაგი ვითარდება მონოციტად წოდებული სისხლის თეთრი უჯრედებისგან მას შემდეგ, რაც მონოციტი სისხლის მიმოქცევიდან ქსოვილში გადაინაცვლებს. მონოციტები ქსოვილში ინფექციის განვითარების შემთხვევაში გადადის. ინფექციის არეში, დაახლოებით 8 საათის განმავლობაში, მონოციტი იზრდება, გრანულებს წარმოქმნის და მაკროფაგად გარდაიქმნება. გრანულები სავსეა ფერმენტებითა და ნივთიერებებით, რომლებიც მას ბაქტერიისა და სხვა უცხო უჯრედების განადგურებასა და მონელებაში ეხმარება. მაკროფაგები ქსოვილში რჩება. ისინი შთანთქავენ ბაქტერიას, უცხო უჯრედებს და დაზიანებულ ან მკვდარ უჯრედებს. მიკროორგანიზმის, სხვა უჯრედის ან უჯრედის ფრაგმენტების შთანთქმის პროცესს ფაგოციტოზი ეწოდება, ხოლო თავად შთანმთქმელ უჯრედებს ფაგოციტებს უწოდებენ.

მაკროფაგები გამოყოფენ ნივთიერებებს, რომლებიც ინფექციის კერაში სისხლის თეთრ უჯრედებს მიიზიდავს. გარდა ამისა, მაკროფაგები ეხმარება T უჯრედებს დამაზიანებელი აგენტის ამოცნობაში და ამ გზით მონაწილეობს შეძენილ იმუნიტეტში.

ნეიტროფილები

ნეიტროფილები სისხლის თეთრი უჯრედების უმეტეს ნაწილს შეადგენს. ნეიტროფილები ერთ-ერთი პირველია იმ იმუნურ უჯრედებს შორის, რომლებიც ინფექციისგან დაცვაში მონაწილეობს. ისინი ბაქტერიებსა და სხვა უცხო უჯრედებს შთანთქავენ. ნეიტროფილი შეიცავს გრანულებს; ეს უკანასკნელი გამოყოფს ფერმენტებს, რომლებიც ნეიტროფილს უჯრედების განადგურებასა და მონელებაში ეხმარება.

ნეიტროფილი სისხლის მიმოქცევაში ცირკულირებს და ელოდება სიგნალს მის დასატოვებლად და ქსოვილებში გადასასვლელად. სიგნალის წყარო ხშირად თავად ბაქტერიაა ან კომპლემენტის ცილები, ან დაზიანებული ქსოვილები, რომლებიც გამოიმუშავებს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ნეიტროფილებს საჭირო ადგილისკენ მიზიდავს (უჯრედების მიზიდვის პროცესს ქემოტაქსისი ეწოდება).

გარდა ამისა, ნეიტროფილები გამოყოფს ნივთიერებებს, რომლებიც ირგვლივ მდებარე ქსოვილში ბოჭკოებს წარმოქმნის. ამ ბოჭკოებს ბაქტერიის დაჭერა შეუძლია; ეს ხელს უშლის ამ უკანასკნელთა გავრცელებას და აადვილებს მათ განადგურებას.

ეოზინოფილები

ეოზინოფილს შეუძლია ბაქტერიის შთანთქმა, აგრეთვე, იმ უცხო უჯრედის მიზანში ამოღება, რომლის შთანთქმაც, მისი სიდიდის გამო, შეუძლებელია. ეოზინოფილი შეიცავს გრანულებს, რომლებიც, უცხო უჯრედებთან შეხვედრისას გამოათავისუფლებენ ფერმენტებს და სხვა ტოქსიკურ ნივთიერებებს. ეს ნივთიერებები სამიზნე უჯრედის მემბრანას ხვრეტს.

ეოზინოფილი სისხლის მიმოქცევაში ცირკულირებს. ის, ნეიტროფილთან და მაკროფაგთან შედარებით, ბაქტერიის წინააღმდეგ ნაკლებად აქტიურად მოქმედებს. ეოზინოფილების მთავარი ფუნქცია პარაზიტებზე მიმაგრება და ამ გზით დახმარების აღმოჩენაა მათ იმობილიზაციასა და განადგურებაში.

ეოზინოფილი სიმსივნური უჯრედების მოსპობაშიც მონაწილეობს. გარდა ამისა, ის წარმოქმნის ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ანთებასა და ალერგიულ რეაქციებს უწყობს ხელს. ალერგიის, პარაზიტული ინფექციების ან ასთმის მქონე ადამიანთა სისხლში, როგორც წესი, ეოზინოფილების დონე მაღალია იმ პირებთან შედარებით, ვისაც ეს დაავადებები არ აღენიშნება.

ბაზოფილები

ბაზოფილი უცხო უჯრედებს არ შთანთქავს. ის შეიცავს გრანულებს, რომლებშიც ჰისტამინია – ნივთიერება, რომელიც ალერგიულ რეაქციებში მონაწილეობს. ალერგენთან, ანუ ალერგიული რეაქციის გამომწვევ ანტიგენთან შეხვედრისას ბაზოფილი გამოყოფს ჰისტამინს, რომელიც ზრდის დაზიანებული ქსოვილისკენ სისხლის მიდენას. გარდა ამისა, ბაზოფილი წარმოქმნის ნივთიერებებს, რომლებიც დაზიანების კერისკენ ნეიტროფილებსა და ეოზინოფილებს მიიზიდავს.

ბუნებრივი მკვლელი უჯრედი

ეს უჯრედები "ბუნებრივ მკვლელებად" იმიტომ იწოდება, რომ ისინი წარმოქმნისთანავე მზად არიან სხეულისთვის უცხო ელემენტების გასანადგურებლად. ბუნებრივი მკვლელი უჯრედები უცხო უჯრედებს მიემაგრება და გამოათავისუფლებს ფერმენტებსა და სხვა ნივთიერებებს, რომლებიც უცხო უჯრედის გარეთა მემბრანას აზიანებს. ბუნებრივი მკვლელი უჯრედი ანადგურებს ზოგიერთ მიკროორგანიზმს, სიმსივნურ უჯრედებს და ვირუსით დაინფიცირებულ უჯრედებს. ამიტომაც ბუნებრივი მკვლელი უჯრედები მნიშვნელოვანი ფაქტორია ვირუსული ინფექციებისგან პირველადი დაცვისთვის.

ბუნებრივი მკვლელი უჯრედები წარმოქმნის ციტოკინებსაც, რომლებიც T უჯრედების, B უჯრედებისა და მაკროფაგების ზოგიერთ ფუნქციას არეგულირებს.

დენდრიტული უჯრედი

დენდრიტული უჯრედები მდებარეობს კანში, მთელი სხეულის ლიმფურ კვანძებსა და ქსოვილებში. დენდრიტული უჯრედების უმეტესობა ანტიგენებს შთანთქავს და ფრაგმენტებად შლის (ანტიგენის გადამუშავება), რაც T უჯრედებს ანტიგენის ამოცნობის საშუალებას აძლევს. ლიმფურ კვანძში დენდრიტული უჯრედი ანტიგენის ფრაგმენტს T უჯრედებს წარუდგენს.

დენდრიტული უჯრედების კიდევ ერთი სახე – ფოლიკულური დენდრიტული უჯრედი – ანტისხეულთან დაკავშირებულ გადაუმუშავებელ (ინტაქტურ) ანტიგენს (ანტისხეულ-ანტიგენის კომპლექსი) B უჯრედებს წარუდგენს.

ანტიგენის წარდგენის შემდეგ T და B უჯრედები აქტიურდება.

კომპლემენტის სისტემა

კომპლემენტის სისტემა მოიცავს 30-ზე მეტ ცილას, რომლებიც თანამიმდევრულად მოქმედებენ. ერთი ცილა ააქტიურებს მეორე ცილას და ა.შ. ამ თანამიმდევრობას კომპლემენტის კასკადი ეწოდება. კომპლემენტის ცილებს როგორც შეძენილ, ისე თანდაყოლილ იმუნიტეტში, ბევრი ფუნქცია აკისრია. ესენია:

  • ბაქტერიის უშუალოდ განადგურება

  • ბაქტერიის განადგურებაში მონაწილეობა მასზე მიმაგრების მეშვეობით ნეიტროფილებისა და მაკროფაგებისთვის ბაქტერიის ამოცნობისა და შთანთქმის გაადვილებით

  • დაზიანების ადგილისკენ მაკროფაგებისა და ნეიტროფილების მოზიდვა

  • ბაქტერიების აგრეგაცია (შეჯგუფება)

  • ვირუსის განეიტრალება

  • იმუნური უჯრედებისთვის დახმარების გაწევა სპეციფიკური დამაზიანებელი აგენტის დამახსოვრებაში

  • ანტისხეულების წარმოქმნისთვის ხელშეწყობა

  • ანტისხეულების ეფექტიანობის გაძლიერება

  • სხეულისთვის დახმარების გაწევა ანტიგენთან შეკავშირებული ანტისხეულების, ანუ იმუნური კომპლექსების, აგრეთვე მკვდარი უჯრედების ელიმინაციაში

ციტოკინები

ციტოკინი იმუნური სისტემის სასიგნალო (მაუწყებელი) მოლეკულაა. სისხლის თეთრი უჯრედები და იმუნური სისტემის ზოგიერთი სხვა უჯრედი ანტიგენის აღმოჩენისას ციტოკინებს წარმოქმნის.

ბევრი განსხვავებული ციტოკინი არსებობს; ისინი იმუნური სისტემის სხვადასხვა ნაწილზე ზემოქმედებენ. ზოგიერთი მათგანი იმუნურ პასუხს ასტიმულირებს. ციტოკინების ზემოქმედებით სისხლის გარკვეული თეთრ უჯრედები ეფექტურ მკვლელებად იქცევა, სახიფათო ადგილისკენ მოიზიდავს სხვა თეთრ უჯრედებს. გარდა ამისა, ზოგი ციტოკინი თრგუნავს აქტივობას, რაც იმუნური პასუხის დასრულებას იწვევს. ციტოკინი, რომელსაც ინტერფერონი ეწოდება, ხელს უშლის ვირუსების გამრავლებას (რეპლიკაციას). ციტოკინები სპეციფიკურ იმუნიტეტშიც მონაწილეობს.