შეძენილი იმუნიტეტი | მკურნალი.გე
  1. შეძენილი იმუნიტეტი
  2. იმუნური სისტემის ბიოლოგია
  3. იმუნური სისტემის დაავადებები
შეძენილი იმუნიტეტი

შეძენილი (ადაპტაციური ან სპეციფიკური) იმუნიტეტი დაბადებისას არ არსებობს. სხეული მას სწავლობს. როდესაც ადამიანის იმუნური სისტემა უცხო ნივთიერებებს (ანტიგენებს) ხვდება, შეძენილი იმუნიტეტის კომპონენტები შეტევისთვის უკეთეს გზას ირჩევს და აყალიბებს მეხსიერებას ამ ანტიგენის მიმართ. შეძენილ იმუნიტეტს სპეციფიკურ იმუნიტეტსაც უწოდებენ, რადგანაც ის სპეციფიკურად ზემოქმედებს ანტიგენზე, რომელსაც ის ადრე შეხვდა. მისი განმასხვავებელი ნიშანია დასწავლის, ადაპტაციისა და დამახსოვრების უნარი. შეძენილი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, ანტიგენთან პირველი შეხვედრის შემდეგ, დრო სჭირდება. თუ მეხსიერება ჩამოყალიბდა, იმუნიტეტის ყოველი შემდგომი პასუხი ანტიგენზე, რომელსაც ადრე შეხვედრია უფრო ეფექტური და სწრაფია, ვიდრე ამას თანდაყოლილი იმუნიტეტი ახერხებს.

ლიმფოციტი სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი სახეა, რომელიც შეძენილ იმუნიტეტზეა პასუხისმგებელი. შეძენილი იმუნური პასუხი, როგორც წესი, მაშინ იწყება, როდესაც ანტისხეულები, რომლებსაც B უჯრედები წარმოქმნის (B ლიმფოციტები), ანტიგენს შეხვდება. დენდრიტული უჯრედები, ციტოკინები და კომპლემენტის სისტემა (რომელიც ანტისხეულების ეფექტურობას აძლიერებს) ასევე ჩართულია ამ პროცესში.

ლიმფოციტები

ლიმფოციტების საშუალებით სხეული იმახსოვრებს ანტიგენს და განასხვავებს საკუთარს უცხოსგან. ლიმფოციტები ცირკულირებს სისხლსა და ლიმფურ სისტემაში, საჭიროების შემთხვევაში გადადის ქსოვილებში.

იმუნური სისტემა, იმის მეოხებით, რომ ანტიგენთან შეხვედრის შემდეგ ზოგი ლიმფოციტი მეხსიერების უჯრედად გარდაიქმნება, იმახსოვრებს ყველა ანტიგენს, რომელიც კი ადრე შეხვედრია. მოხსენიებული უჯრედები დიდხანს – წლების ან შეიძლება ათწლეულების განმავლობაშიც ცოცხლობენ. როდესაც ეს უჯრედები ანტიგენს მეორედ ხვდება, ისინი მას მაშინვე ამოიცნობს და სწრაფად, ძლიერად და ამ კონკრეტული ანტიგენის საწინააღმდეგო სპეციფიკურ პასუხს იძლევა. სპეციფიკური იმუნური პასუხის არსებობის გამო ადამიანს ჩუტყვავილა და წითელა ხელმეორედ არ ემართება, ვაქცინაციით კი ზოგიერთი დაავადების თავიდან აცილება არის შესაძლებელი.

ლიმფოციტი შეიძლება იყოს T ან B უჯრედი.

T უჯრედები: T უჯრედები თიმუსში წარმოიქმნება. აქ ისინი სწავლობენ, თუ როგორ განასხვაონ საკუთარი უცხოსგან. მომწიფებისა და თიმუსის დატოვების უფლება მხოლოდ იმ T უჯრედებს აქვს, რომლებიც საკუთარ ანტიგენურ მოლეკულებს ვერ ამოიცნობს. ასეთი "წვრთნის" პროცესის გარეშე T უჯრედებმა შეიძლება სხეულის საკუთარ უჯრედებსა და ქსოვილებს შეუტიოს.

მომწიფებული T უჯრედები მეორეულ ლიმფურ ორგანოებში თავსდება (ლიმფურ კვანძებში, ელენთაში, ნუშისებრ ჯირკვლებში, აპენდიქსში და წვრილი ნაწლავის პეიერის ფოლაქებში). ეს უჯრედები სისხლსა და ლიმფურ სისტემაში ცირკულირებს. უცხო ან არანორმალურ უჯრედთან პირველად შეხვედრის შემდეგ ისინი აქტიურდება და ამ კონკრეტულ უჯრედებს ეძებს.

სხვადასხვა სახის T უჯრედი არსებობს:

  • მკვლელი (ციტოტოქსიკური) T უჯრედი მიემაგრება იმ უცხო ან არანორმალურ (მაგალითად, დაინფიცირებულ) უჯრედს, რომელსაც ადრე შეხვედრია. მკვლელ T უჯრედს ამ უჯრედების მოკვლა შეუძლია. ის ამას ახერხებს მათ მემბრანაში ხვრელების წარმოქმნითა და ამ ხვრელებში ფერმენტების შეყვანით ან უჯრედის ზედაპირზე არსებულ განსაკუთრებულ უბანთან დაკავშირებით, რომელთაც სიკვდილის რეცეპტორს უწოდებენ. ეს კავშირი უცხო ან არანორმალურ უჯრედში იწვევს რეაქციებს, რომლებიც მას კლავს.

  • დამხმარე T უჯრედები სხვა იმუნურ უჯრედებს ეხმარება. ზოგიერთი T ჰელპერი B უჯრედს უცხო ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნაში უწყობს ხელს. სხვები მკვლელ T უჯრედს ააქტიურებს და უცხო ან არანორმალური უჯრედის მოსაკლავად უბიძგებს ან ააქტიურებს მაკროფაგს და უცხო, ან არანორმალური უჯრედის შთანთქმას აადვილებს.

  • სუპრესორული (მარეგულირებელი) T უჯრედები წარმოქმნის ნივთიერებებს, რომლებიც იმუნური პასუხის დამთავრებას ხდის შესაძლებელს ან, ზოგჯერ, დამაზიანებელი პასუხის წარმოქმნას აფერხებს.

T უჯრედები ზოგ შემთხვევაში, ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზების გამო, საკუთარს უცხოსგან ვერ განასხვავებს. ეს გარემოება შეიძლება აუტოიმუნური დაავადებების განვითარების მიზეზი გახდეს, რომლის დროსაც სხეული საკუთარ ქსოვილებს ებრძვის.

B უჯრედები: B უჯრედები ძვლის ტვინში წარმოიქმნება. B უჯრედებს ზედაპირზე განსაკუთრებული უბანი (რეცეპტორი) აქვს, რომელსაც ანტიგენი უკავშირდება.

B უჯრედის ანტიგენის საწინააღმდეგოდ მიმართული პასუხი ორი ეტაპისგან შედგება:

  • პირველადი იმუნური პასუხი: როდესაც B უჯრედი ანტიგენს პირველად ხვდება, ანტიგენი რეცეპტორს უკავშირდება და B უჯრედს ასტიმულირებს. ზოგიერთი B უჯრედი ყალიბდება მეხსიერების უჯრედად, რომელიც ამ სპეციფიკურ ანტიგენს იმახსოვრებს, დანარჩენი კი პლაზმურ უჯრედებად გარდაიქმნება. B უჯრედს ამ პროცესში T უჯრედი ეხმარება. პლაზმური უჯრედები წარმოქმნის ანტისხეულებს, რომლებიც სპეციფიკურია იმ ანტიგენის მიმართ, რომელმაც სტიმული მისცა მის წარმოქმნას. ანტიგენთან პირველი შეხვედრის შემდეგ სპეციფიკური ანტისხეულების საკმარისი რაოდენობის წარმოქმნას რამდენიმე დღე სჭირდება. ამგვარად, პირველადი იმუნური პასუხი ნელია.

  • მეორადი იმუნური პასუხი: მას შემდეგ, რაც B უჯრედები ხელმეორედ შეხვდება ანტიგენს, მეხსიერების B უჯრედები ძალიან სწრაფად ამოიცნობს მას, გამრავლდება, პლაზმურ უჯრედებად გარდაიქმნება და ანტისხეულებს წარმოქმნის. ეს პასუხი ძალიან სწრაფი და ეფექტიანი.

ანტისხეულები

B უჯრედი ანტიგენთან შეხვედრის შემდეგ გარდაიქმნება პლაზმურ უჯრედად ან მეხსიერების B უჯრედად. პლაზმური უჯრედი ანტისხეულებს გამოიმუშავებს (მათ აგრეთვე იმუნოგლობულინებს – Ig – უწოდებენ). ანტისხეულები ორგანიზმს რამდენიმე საშუალებით იცავს:

  • უჯრედებს ეხმარება ანტიგენის შთანთქმაში (უჯრედები, რომლებიც ანტიგენებს შთანთქავს ფაგოციტებად იწოდება);

  • ბაქტერიის მიერ გამოყოფილ ტოქსიკურ ნივთიერებებს ანეიტრალებს, უვნებელს ხდის;

  • ბაქტერიასა და ვირუსზე პირდაპირ ზემოქმედებს;

  • ააქტიურებს კომპლემენტის სისტემას, რომელსაც ბევრი იმუნური ფუნქცია აქვს.

ანტისხეულები აუცილებელია გარკვეული ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციებისგან დასაცავად. ისინი ვირუსების წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაშიც მონაწილეობს.

ანტისხეულის თითოეულ მოლეკულას ორი ნაწილი აქვს. ერთი ნაწილი ცვალებადია, მას ამა თუ იმ სპეციფიკურ ანტიგენთან დაკავშირების უნარი აქვს. მეორე ნაწილი კი ხუთი სტრუქტურიდან ერთ-ერთი შეიძლება იყოს და ის განსაზღვრავს ანტისხეულის კლასს – IgM, IgG, IgA, IgE ან IgD. ეს ნაწილი საერთოა ერთი კლასის ანტისხეულებში და ანტისხეულის ფუნქციას განაპირობებს.

IgM: ანტისხეულების ეს კლასი მაშინ წარმოიქმნება, როდესაც კონკრეტული ანტიგენი პირველად ხვდება ორგანიზმში. პასუხი, რომელიც ანტიგენთან პირველი შეხვედრისას ვითარდება, პირველადი იმუნური პასუხია. IgM შემდეგ უკავშირდება ანტიგენს, ააქტიურებს კომპლემენტის სისტემას და ანტიგენის შთანთქმას აიოლებს.

IgM ნორმაში გვხვდება სისხლში და არა ქსოვილებში.

IgG: IgG ანტისხეულის კლასებს შორის, ყველაზე გავრცელებულია. კონკრეტულ ანტიგენთან განმეორებით შეხვედრისას ის ბევრად მეტი რაოდენობით წარმოიქმნება. ამ პასუხის დროს, რომელსაც მეორადი იმუნური პასუხი ეწოდება, პირველად იმუნურ პასუხთან შედარებით, უფრო მეტი ანტისხეული გამომუშავდება. ამასთან, მეორადი იმუნური პასუხი უფრო სწრაფია და ამ დროს წარმოქმნილი ანტისხეულები, უპირატესწილად IgG, უფრო ეფექტურია. IgG მონაწილეობს ბაქტერიების, ვირუსების, სოკოებისა და ტოქსიკური ნივთიერებებისგან დაცვაში.

IgG სისხლსა და ქსოვილებში გვხვდება. ის ანტისხეულების ერთადერთი კლასია, რომელიც დედიდან ნაყოფში გადადის პლაცენტის გავლით. დედის IgG ნაყოფსა და ახალშობილს მანამ იცავს, სანამ ახალშობილის იმუნურ სისტემას თავისი ანტისხეულების წარმოქმნის უნარი არ გააჩნია. გარდა ამისა, IgG ანტისხეულების ის კლასია, რომელიც მკურნალობის მიზნით ყველაზე ხშირად გამოიყენება.

IgA: ეს ანტისხეულები ორგანიზმს იცავს მიკრობების შეჭრისგან ორგანიზმის იმ ზედაპირებიდან, რომლებიც ამოფენილია ლორწოვანი მემბრანით. ასეთებია: ცხვირი, თვალები, ფილტვები და საჭმლის მომნელებელი ტრაქტი. IgA გვხვდება სისხლში, ლორწოვანი მემბრანების მიერ გამომუშავებულ სეკრეტებსა და ხსენში (სითხე, რომელიც გამომუშავდება სარძევე ჯირკვალში მშობიარობიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, რძის წარმოქმნამდე).

IgE: ეს ანტისხეულები დაუყოვნებლივი ალერგიული რეაქციების განვითარებას ასტიმულირებს. IgE სისხლში უკავშირდება ბაზოფილს (სისხლის თეთრი უჯრედის ტიპი), ქსოვილში – პოხიერ უჯრედს. როდესაც მასთან დაკავშირებული ბაზოფილი ან პოხიერი უჯრედი შეხვდება ალერგენს (ანტიგენი, რომელიც ალერგიულ რეაქციებს იწვევს), ისინი გამოათავისუფლებენ ნივთიერებებს (როგორიცაა ჰისტამინი), რაც ანთებას და ირგვლივ მდებარე ქსოვილების დაზიანებას იწვევს. ამრიგად, IgE ანტისხეულების ერთადერთი კლასია, რომელიც, სარგებლობასთან შედარებით, უფრო მეტ ზიანს აყენებს ორგანიზმს. IgE მონაწილეობს ორგანიზმის დაცვაში პარაზიტული ინფექციებისგან, რაც ზოგიერთ განვითარებად ქვეყნებში საკმაოდ ხშირია.

სისხლსა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოში IgE მცირე რაოდენობით არის. რაოდენობა იმატებს იმ ადამიანებში, ვისაც ასთმა, ჭინჭრის ციება, სხვა ალერგიული დაავადებები და პარაზიტული ინფექციები აქვს.

IgD: IgD უპირატესწილად უმწიფარი B უჯრედების ზედაპირზეა მოთავსებული. ის ამ უჯრედებს მომწიფებაში ეხმარება. ეს ანტისხეული სისხლში მცირე რაოდენობით არის. სისხლში მათი ფუნქცია, თუკი მათ ასეთი გააჩნიათ, ცნობილი არ არის.