იმუნური სისტემა სიცოცხლის განმავლობაში იცვლება. დაბადებისას სპეციფიკური იმუნიტეტი ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა ახალშობილს აქვს ზოგიერთი ანტისხეული, რომელიც ორსულობისას ნაყოფში დედიდან პლაცენტის გავლით გადავიდა. ეს ანტისხეულები ახალშობილს იცავს ინფექციებისგან მანამ, სანამ საკუთარი იმუნური სისტემა სრულად განვითარდება. ძუძუზე მყოფი ახალშობილი ანტისხეულებს დედის რძითაც იღებს.
დაბერებისას იმუნური სისტემა ნაკლებად ეფექტური ხდება, რაც შემდეგში გამოიხატება:
- იმუნური სისტემა ნაკლებად ასხვავებს საკუთარ ანტიგენს უცხოსაგან, რის შედეგადაც აუტოიმუნური დარღვევები უფრო ხშირია.
- მაკროფაგი (რომელიც ანტიგენს შთანთქავს) ბაქტერიებს, სიმსივნურ უჯრედებს და სხვა ანტიგენებს უფრო ნელა ანადგურებს. ეს შენელება, შესაძლოა, იმისი ერთ-ერთი მიზეზი იყოს, რომ ასაკოვან ადამიანებში სიმსივნე უფრო ხშირია.
- T უჯრედი, რომელიც იმახსოვრებს ადრე შეხვედრილ ანტიგენს, მას უფრო ნელა პასუხობს.
- ახალი ანტიგენის გამოჩენაზე პასუხის გაცემის უნარის მქონე სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა შემცირებულია. ამის გამო, როდესაც ანტიგენს ასაკოვანი ადამიანის სხეულში ხვდება, ამ უკანასკნელს მისი დამახსოვრებისა და მისგან თავდაცვის უნარი ნაკლებად აქვს გამოხატული.
- ასაკოვან ადამიანებს კომპლემენტის ცილები ნაკლები რაოდენობით აქვთ, ისინი ბაქტერიული ინფექციის საპასუხოდ ახალგაზრდებზე უფრო ნაკლები რაოდენობით წარმოქმნიან ცილას.
- ანტიგენის საპასუხოდ ანტისხეულების ნაკლები რაოდენობა წარმოიქმნება, ანტისხეულებს ანტიგენთან დაკავშირების უნარი ნაკლებად აქვს გამოხატული. ამ ცვლილებებით ნაწილობრივ აიხსნება ის ფაქტი, რომ ასაკოვან პირებს შორის პნევმონია, გრიპი, ინფექციური ენდოკარდიტი და ტეტანუსი ხშირია, ხოლო გამოსავალი უფრო ხშირად ფატალურია. ზემოხსენებული ცვლილებებით შეიძლება აიხსნას ის გარემოება, რომ ვაქცინები ასაკოვანი ადამიანებისთვის ნაკლებად ეფექტურია.
იმუნური ფუნქციის ეს ცვლილებები ხელს უწყობს ასაკოვან პირებში ზოგიერთი ინფექციისა და სიმსივნის განვითარების ალბათობის გაზრდას.