თირკმლის ტრანსპლანტაცია დიალიზის ალტერნატივაა, რომელსაც თირკმლის უკმარისობის მქონე ყველა ასაკის ადამიანისთვის სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლია. შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 17000 თირკმელი ინერგება. ცოცხალი დონორიდან აღებული თირკმლის 95%-ზე მეტი ფუნქციონირებს ტრანსპლანტაციიდან 1 წელი. პირველის შემდეგ ყოველ წელს ფუნქციონირებას წყვეტს გადანერგილი თირკმლის 3-დან 5%-მდე. ტრანსპლანტაციიდან ერთი წელი ფუნქციონირებს გარდაცვლილი დონორიდან აღებული თირკმლის 82-დან და 91%-მდე. პირველის შემდეგ ყოველ წელს ფუნქციონირებას წყვეტს გადანერგილი თირკმლის 5-დან 8%-მდე. ზოგჯერ გადანერგილი თირკმელი 30 წელზე მეტხანს ფუნქციონირებს. თირკმლის წარმატებული ტრანსპლანტაციის შემდეგ ადამიანი ჩვეულებრივ, აქტიურ ცხოვრებას აგრძელებს.
გადანერგილი თირკმლის დაახლოებით ორი მესამედი გარდაცვლილი დონორისგან მიიღება. თირკმელი ამოიღება, ინახება ცივად და სწრაფად ტრანსპორტირდება იმ სამედიცინო კლინიკაში, სადაც იმყოფება პირი, რომელსაც დონორთან თავსებადი სისხლის და ქსოვილის ტიპი აქვს და არ აქვს დონორის ქსოვილების საწინააღმდეგო ანტისხეულები.
თირკმლის ტრანსპლანტაცია მნიშვნელოვანი ოპერაციაა. დონორის თირკმელი განაკვეთის საშუალებით თავსდება მენჯში და რეციპიენტის სისხლძარღვებსა და შარდის ბუშტს უკავშირდება. უფუნქციო თირკმელს, ჩვეულებრივ, ადგილზე ტოვებენ. თირკმელს იშვიათად იღებენ და ამას მხოლოდ მაშინ აკეთებენ, როდესაც ის სისხლის წნევის უკონტროლო მატებას იწვევს ან ინფიცირებულია.
ტრანსპლანტაციის შემდეგ, იმუნოსუპრესიული წამლების გამოყენების მიუხედავად, შეიძლება მოცილების ერთი ან რამდენიმე ეპიზოდი განვითარდეს. მწვავე მოცილებას შეიძლება თან ახლდეს ცხელება, შარდის წარმოქმნის შემცირება წონაში მატებით, ტკივილი და თირკმლის შეშუპება, სისხლის წნევის მატება.სისხლის ტესტები თირკმლის ფუნქციის მოშლაზე მიუთითებს. აღნიშნული სიმპტომები ინფექციის ან წამლის ტოქსიკურობის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს. ამიტომ, მოცილების დიაგნოზის დასადასტურებლად კეთდება თირკმლის ბიოფსია.
მწვავე მოცილება გადანერგვიდან 3-დან 4 თვემდე ხდება. მის აღსაკვეთად ჩვეულებრივ გამოიყენება დიდი დოზით იმუნოსუპრესიული წამლები ან ანტისხეულებით თერაპია, რაც ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ტარდება. მოცილების საკონტროლოდ ზოგჯერ ეფექტურია სხვადასხვა წამლებით იმუნოსუპრესიის შენარჩუნება.
ქრონიკული მოცილება შედარებით ხშირია. ის გადანერგვიდან თვეებისა და წლების შემდეგ ვითარდება და თირკმლის ფუნქციის შეუქცევად დარღვევას იწვევს. თუ მოცილება ვერ გაკონტროლდა, თირკმელი იკარგება და კვლავ დიალიზის დაწყებაა საჭირო. მოცილებული თირკმელი თავის ადგილას მანამდე რჩება, სანამ სახეზეა ცხელება, მტკივნეულობა, სისხლი შარდში და მაღალი წნევა. მეორე ტრანსპლანტაციის წარმატების შანსი ისეთივეა, როგორიც პირველის.
თირკმლის ტრანსპლანტატის რეციპიენტებში კიბოს განვითარების ალბათობა, ჩვეულებრივ პოპულაციასთან შედარებით, 10-15-ჯერ უფრო მაღალია, რადგან იმუნური სისტემა ისევე იცავს ორგანიზმს კიბოს განვითარებისგან, როგორც ინფექციისგან. ლიმფური სისტემის კიბო (ლიმფომა) თირკმლის ტრანსპლანტატის რეციპიენტებში არ არის ხშირი, თუმცა, ამ დროს ის 30-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე საერთო პოპულაციაში. ხშირია კანის კიბო.