ღვიძლის ტრანსპლანტაცია სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი შანსია მათთვის, ვისაც ღვიძლის ფუნქცია დაკარგული აქვს. მთლიანი ღვიძლის დონაცია მხოლოდ გარდაცვლილისგან შეიძლება. ცოცხალი დონორისგან ღვიძლის ნაწილი აიღება. ამოღებული ღვიძლი ინახება 8-დან 15 საათის განმავლობაში. ბევრი ადამიანი კვდება შესაფერისი ღვიძლის ლოდინის პერიოდში. ღვიძლის რეციპიენტთა 85-90% ცოცხლობს ტრანსპლანტაციიდან 1 წელი. რეციპიენტთა უმეტესობას ღვიძლი პირველადი ბილიარული ციროზის, ჰეპატიტის ან წამლის ტოქსიკურობის (როგორიცაა აცეტამინოფენის მაღალი დოზები) შედეგად დაუზიანდა. თუ ღვიძლის დაზიანება ალკოჰოლიზმის შედეგია, ღვიძლის ტრანსპლანტაცია იმ შემთხვევაში შეიძლება გაკეთდეს, თუ ადამიანი სმას შეწყვეტს. ღვიძლი მათაც შეიძლება გადაენერგოთ, ვისაც დაუდგინდა ღვიძლის კიბო, თუ ის არ არის შორსწასული. კიბოს მკურნალობის მიზნით გადანერგილი ღვიძლის მქონეთა 86% ცოცხალია ტრანსპლანტაციიდან 1 წლის მერე. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსულმა ჰეპატიტმა და ავტოიმუნურმა პროცესებმა გადანერგილი ღვიძლიც შეიძლება დააზიანოს, პაციენტთა გადარჩენის მაჩვენებელი მაინც კარგია.
გაკვეთილი მუცლიდან იღებენ დაზიანებულ ღვიძლს და ახალ ღვიძლს რეციპიენტის სისხლძარღვებსა და ნაღვლის სადინარებს აკერებენ. ჩვეულებრივ, საჭიროა სისხლის გადასხმები. ოპერაცია, 4,5 საათი ან მეტხანს გრძელდება. პაციენტი კლინიკაში 7-12 დღე რჩება.
ღვიძლის ტრანსპლანტატი, სხვა ორგანოებთან – თირკმელსა და გულთან შედარებით, ნაკლები ინტენსივობით შორდება. მიუხედავად ამისა, იმუნოსუპრესიული წამლების მიღება აუცილებელია. თუ გადანერგვის შემდეგ ღვიძლი გადიდდა და სახეზეა გულისრევა, ღებინება, ტკივილი, ცხელება, სიყვითლე ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (რაც სისხლის ტესტებით გამოვლინდა), საჭიროა გაკეთდეს ბიოფსია. ბიოფსიის შედეგი ექიმს ვითარების გარკვევაში ეხმარება: საჭიროა დადგინდეს ხდება ღვიძლის მოცილება თუ საჭიროა იმუნოსუპრესიული მკურნალობის კორექცია.