გულის გადანერგვა ნაჩვენებია მათთვის, ვისაც გულის ისეთი მძიმე უკმარისობა აქვს, რომელიც წამლებითა და სხვა ქირურგიული მეთოდებით მკურნალობას არ ემორჩილება. ზოგიერთ სამედიცინო ცენტრში არის იმის საშუალება, რომ თავსებადი გულის გამოჩენამდე გულის აპარატის დახმარებით, კვირებისა და თვეების განმავლობაში აცოცხლონ ადამიანი.&ნბსპ;სათანადო გულის გამოჩენამდე შესაძლებელია ასევე ახალშემუშავებული ხელოვნური გულის იმპლანტაცია, თუმცა, ზოგიერთ ექსპერიმენტულ სიტუაციაში ამ უკანასკნელს გულის ხანგრძლივი დროით ჩასანაცვლებლადაც იყენებენ. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი ლოდინის პროცესში კვდება.
გულის ტრანსპლანტაციის შემდეგ პაციენტთა 95%-ს საგრძნობლად უუმჯობესდება მდგომარეობა დატვირთვისა და ყოველდღიური აქტივობის თვალსაზრისით. გულის ტრანსპლანტატის მქონე პირთა 85% მინიმუმ ერთი წელი ცოცხლობს.
გულმკერდის განაკვეთიდან დაზიანებული გულის უმეტესობას იღებენ. თუმცა, გულის ზედა მარცხენა კამერის (წინაგულის) უკანა კედელს ტოვებენ, რასაც შემდეგ დონორის გულს უკავშირებენ. პროცედურა დაახლოებით 3-5 საათი გრძელდება. კლინიკაში დაყოვნება ჩვეულებრივ, 7-დან 14 დღემდეა.
მოცილების პრევენციისთვის აუცილებელია იმუნოსუპრესიული წამლების მიღება. მოცილების შემთხვევაში სახეზეა ცხელება, სისუსტე და აჩქარებული ან სხვა სახის ანომალური გულის რიტმი. ტრანსპლანტირებული გული, მოცილების შემთხვევაში, კარგად ვეღარ ფუნქციონირებს, წნევა ქვეითდება და ფეხებში, ზოგჯერ კი მუცელში, სითხე გროვდება, რაც იწვევს შესივებას – მდგომარეობას, რომელიც შეშუპების სახელითაა ცნობილი. სითხე ფილტვებშიც შეიძლება დაგროვდეს. მოცილების სუსტი რეაქციის შემთხვევაში შეიძლება სიმპტომები არ განვითარდეს, თუმცა, ელექტროკარდიოგრაფიით (ეკგ) დგინდება გულის ელექტრული აქტივობის ცვლილებები.
მოცილებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში კეთდება ბიოფსია. კათეტერი კისრის განაკვეთიდან ვენის გავლით თავსდება გულში. კათეტერის ბოლოში მიმაგრებული მოწყობილობა გამოიყენება გულის ქსოვილის მცირე ნაწილის ასაღებად. ქსოვილი ისინჯება მიკროსკოპის ქვეშ. ბიოფსიას ექიმები რუტინულადაც აკეთებენ, წელიწადში ერთხელ, რათა მოსალოდნელი მოცილება სათანადო სიმპტომების გამოვლინებამდე დაადგინონ.
გულის ტრანსპლანტაციის შემდეგ პაციენტთა გარდაცვალების 50% ინფექციითაა გამოწვეული. გულის ტრანსპლანტაციის მქონეთა მეოთხედს კორონარული არტერიების ათეროსკლეროზი უვითარდება.