ეპიდემიური სიფილისი, ფრამბეზია და პინტა | მკურნალი.გე
  1. ეპიდემიური სიფილისი, ფრამბეზია და პინტა
  2. ბაქტერიული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
ეპიდემიური სიფილისი, ფრამბეზია და პინტა

ეპიდემიური სიფილისი, ფრამბეზია და პინტა არის ინფექციები, რომლებსაც იწვევენ ბაქტერიები. ამ ბაქტერიებს ეწოდებათ ტრეპონემული სპიროქეტები და ისინი მჭიდრო კავშირში არიან მკრთალ ტრეპონემასთან, რომელიც იწვევს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას – ათაშანგს.

  • ეს ძალზე გადამდები ინფექციები ჩვეულებრივ გავრცელებულია იმ ადგილებში, სადაც ჰიგიენური პირობები ცუდია;

  • ეპიდემიური სიფილისი იწვევს წყლულებს პირის ღრუში და დესტრუქციულ გამობერილობებს ძვლებში, ფრამბეზია იწვევს კანის წყლულებს და უფორმო გამონაზარდებს ფეხებზე და ცხვირისა და პირის გარშემო, პინტა კი იწვევს მქავანა ლაქებს კანზე;

  • ექიმები სვამენ ამ ინფექციების დიაგნოზს, როდესაც ადამიანებს აქვთ ტიპური სიმპტომები და იმყოფებოდნენ იმ ადგილებში, სადაც ეს ინფექციები ხშირია;

  • პენიცილინის ერთი ინექცია კლავს ბაქტერიებს.

ეპიდემიური სიფილისი, ფრამბეზია და პინტა, სიფილისის მსგავსად, მიეკუთვნებიან ტრეპონემატოზებს. სიფილისისგან განსხვავებით, ეს ინფექციები არ გადაეცემა სქესობრივი გზით. ისინი ხშირია ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობენ ცუდ ჰიგიენურ პირობებში. ეპიდემიური სიფილისი შეიძლება გავრცელდეს საზიარო ჭურჭლიდან.

ეპიდემიური სიფილისი ჩვეულებრივ გვხვდება ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონის და დასავლეთ საჰარის ცხელ, მშრალ ქვეყნებში. ფრამბეზია გვხვდება ტენიან, ეკვატორულ ქვეყნებში. პინტა ხშირია მექსიკის, ცენტრალური ამერიკისა და სამხრეთ ამერიკის მკვიდრთა შორის. ეპიდემიური სიფილისი, ფრამბეზია და პინტა იშვიათად გვხდება აშშ-ში. გამონაკლისს წარმოადგენენ ემიგრანტები მსოფლიოს იმ ნაწილებიდან, სადაც ეს დაავადება ხშირია.

სიმპტომები

ფრამბეზია და პინტა, ათაშანგის მსგავსად, იწყება კანის სიმპტომებით. ენდემური სიფილისი იწყება წყლულებით პირის ღრუში. სიმპტომების ინტენსიურობა მცირდება და უსიმპტომო ან მცირედ გამოხატული სიმპტომების პერიოდის შემდეგ, ვითარდება ახალი სიმპტომები.

ენდემური სიფილისი აზიანებს პირის ღრუს ლორწოვან გარსებს, ხოლო შემდეგ კანსა და ძვლებს. პირველადი წყლული პირის ღრუში შეიძლება ვერ იქნეს შემჩნეული. შემდეგ პირის ღრუს ლორწოვანზე ვითარდება სველი ლაქები. ისინი განიცდიან უკუგანვითარებას თვეებიდან წლების განმავლობაში. ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანებს აქვთ მცირედ გამოხატული სიმპტომები ან უსიმპტომო პერიოდი. ამის შემდეგ გრძელ ძვლებში, ძირითადად, ფეხების ძვლებში და პირის, ცხვირის და პირის ღრუს სახურავის (სასა) ახლომდებარე ქსოვილებში ვითარდება შეშუპებები. ეს შეშუპებები ანადგურებს ქსოვილებს, რაც იწვევს ძვლების დეფორმაციას და სახის დაუშნოებას.

ფრამბეზიაც აზიანებს კანსა და ძვლებს. ტრეპონემასთან კონტაქტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ფრამბეზია იწყება ინფექციის ადგილას კანის ზედაპირიდან ოდნავ წამოწეული წყლულის გაჩენით, ჩვეულებრივ ფეხზე. წყლული ხორცდება, მაგრამ ფორმირდება რბილი კვანძები (გრანულომები) და შემდეგ ისინი იხსნება სახეზე, ხელებზე, ფეხებსა და დუნდულოებზე. გრანულომები ხორცდება ნელა და შესაძლებელია მათი ხელახლა გაჩენა. ტერფებზე. წყლულები შეიძლება იყოს მტკივნეული, რაც ართულებს სიარულს. ამის შემდეგ, შესაძლებელია დაიშალოს წვივის ძვლები და განვითარდეს დესტრუქციული, უფორმო წარმონაქმნები (განგოზა), განსაკუთრებით ცხვირის, პირის და სასის გარშემო.

პინტა აზიანებს მხოლოდ კანს. ის იწყება ბრტყელი, ქავილის გამომწვევი, მოწითალო ადგილების გაჩენით მაჯებზე, ტერფებზე, ხელებზე, სახეზე ან კისერზე. რამდენიმე თვის შემდეგ, სხეულის ორივე მხარეს, ამავე ადგილებში ვითარდება მონაცრისფრო-ლურჯი ლაქები. ისინი ვითარდება იმ ადგილებში, სადაც ძვლები ახლოა კანთან, მაგ. იდაყვზე. მოგვიანებით ლაქები კარგავენ ფერს. დაზიანებული კანი ხელისგულებსა და ტერფებზე შესაძლოა გასქელდეს.

დიაგნოზი

ექიმები სვამენ დიაგნოზს, როდესაც ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ან იმყოფებოდნენ იმ ადგილებში, სადაც ეს ინფექციები ხშირია, აქვთ ტიპური სიმპტომები. იმის გამო, რომ ბაქტერიები, რომლებიც იწვევენ ამ ინფექციებს და ბაქტერია, რომელიც იწვევს სიფილისს, ერთმანეთის მსგავსნი არიან, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ამ ინფექციებიდან ერთ-ერთი, დადებითი პასუხი მოსდით სიფილისის არსებობაზე.

მკურნალობა

პენიცილინის ერთჯერადი ინექცია კლავს ბაქტერიებს. ამის შემდეგ კანი ხორცდება. თუმცა, შესაძლოა დარჩეს ნაწიბური, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ დაზიანდა კანის დიდი ნაწილი.

ადამიანებს, რომელთაც აქვთ ალერგია პენიცილინზე, ენიშნებათ ტეტრაციკლინი – თუ არიან 8 წლის და ზევით, ან ერითრომიცინი – თუ არიან ორსულად ან 8 წელზე მცირე ასაკის. ეს პრეპარატები ინიშნება დასალევად.

იმის გამო, რომ ეს ინფექციები ძალზე გადამდებია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ცდილობენ აღმოაჩინონ და უმკურნალონ ასეთ პაციენტებს და ადამიანებს, რომელთაც მათთან ახლო კონტაქტი აქვთ.