ფილტვის გადანერგვა იმ შემთხვევაში კეთდება, თუ ფილტვი აღარ ფუნქციონირებს. რეციპიენტთა უმეტესობას აქვს მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, იდიოპათიური ფილტვის ფიბროზი, კისტური ფიბროზი, α1-ანტიტრიფსინის დეფიციტი და პირველადი პულმონური ჰიპერტენზია. ჩვეულებრივ, ერთი ფილტვი ინერგება, თუმცა, შეიძლება ორიც გადაინერგოს. თუ ფილტვის დაავადებამ გულიც დააზიანა, ასეთ შემთხვევაში ერთდროულად შეიძლება გადაინერგოს ერთი ან ორი ფილტვი და გული. ფილტვი ორგანიზმიდან ამოღების შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაინერგოს, რადგან მისი შენახვა ძალიან ძნელია.
ფილტვის დონორი შეიძლება იყოს როგორც ცოცხალი, ასევე ახალად გარდაცვლილი ადამიანი. ცოცხალი დონორის მიერ ერთ ფილტვზე მეტი ვერ გაიცემა. ძირითადად, აიღება ერთი წილი. გარდაცვლილიდან შეიძლება აღებულ იქნეს ორივე ფილტვი ან გული და ფილტვები.
გულმკერდის განაკვეთიდან ხდება რეციპიენტის ფილტვის ან ფილტვების ამოღება და დონორის ორგანოთი ჩანაცვლება. გადანერგილ ფილტვს ან ფილტვებს უკავშირდება ფილტვში შემავალი და ფილტვიდან გამომავალი სისხლძარღვები (ფილტვის არტერია და ფილტვის ვენა) და ძირითადი ჰაერგამტარი გზა (ბრონქი). ერთი ფილტვის შემთხვევაში ოპერაცია 4-დან 8 საათამდე გრძელდება, ორის შემთხვევაში – 6-დან 12 საათამდე. გული და ფილტვები შეიძლება ერთდროულად გადაინერგოს. კლინიკაში ოპერაციის შემდგომი დაყოვნება 7-დან 14 დღემდეა.
ფილტვგადანერგილთა 70% მინიმუმ ერთი წელი ცოცხლობს. ამ დროს მაღალია ინფექციის განვითარების რისკი, რადგან ფილტვები მუდმივ კონტაქტშია ჰაერთან, რომელიც შეიცავს ბაქტერიებსა და სხვა მიკროორგანიზმებს, რომელთაც დაავადების გამოწვევა შეუძლია. ჰაერგამტარი გზების დაკავშირების ადგილი ზოგჯერ ცუდად ხორცდება. შეიძლება განვითარდეს ნაწიბური, რომელიც ავიწროებს ჰაერგამტარ გზებს, ამცირებს ჰაერის ნაკადს და იწვევს ქოშინს. ამ მდგომარეობის მკურნალობა მოიცავს ჰაერგამტარი გზების გაფართოებას (დილატაციას) – მაგალითად, ჰაერგამტარი გზების გასახსნელად მასში სტენტის მოთავსებას.
რთულია ფილტვის ტრანსპლანტატის მოცილების აღმოჩენა, შეფასება და მკურნალობა. ტრანსპლანტაციიდან ერთი თვის შემდეგ რეციპიენტთა 80%-ს უვითარდება მოცილებისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი სიმპტომი. სიმპტომებია: ცხელება, ქოშინი და სისუსტე. ტრანსპლანტირებული ფილტვი ვეღარ ამარაგებს ორგანიზმს სათანადო რაოდენობის ჟანგბადით, რის გამოც ვითარდება სისუსტე. მოგვიანებით, პატარა სასუნთქ გზებში შეიძლება განვითარდეს ნაწიბური, რომელიც მას თანდათანობით დაახშობს, რაც თანდათან მოცილების განვითარებას განაპირობებს.