პანკრეასის (კუჭქვეშა ჯირკვლის) ტრანსპლანტაციადიაბეტის მქონე იმ პირს უკეთდება, რომლის პანკრეასი ინსულინს ვეღარ გამოიმუშავებს. ეს დიდი ოპერაცია მუცელზე გრძელ განაკვეთს და ზოგად ანესთეზიას მოითხოვს. რეციპიენტის პანკრეასი არ ამოაქვთ. ჩვეულებრივ, ოპერაცია 3 საათს გრძელდება და კლინიკაში დაყოვნების დრო ერთიდან სამ კვირამდეა.
პანკრეასის გადანერგვის შემდეგ დიაბეტით დაავადებულთა 80%-ს შაქრის ნორმალური მაჩვენებელი აქვს და ინსულინი აღარ სჭირდება. თუმცა, ამის მიღწევა იმუნოსუპრესიული წამლების მიღებას უკავშირდება, რასაც ინფექციებისა და სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების მაღალი რისკი აქვს. რადგან საინექციო ინსულინი დიაბეტის სამკურნალო უსაფრთხო და საკმაოდ ეფექტური საშუალებაა, პანკრეასის გადანერგვა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში კეთდება. მაგალითად, თუ ინსულინის ფონზე პირს განმეორებით ემართება შაქრის დონის სიცოცხლისთვის საშიში დაცემა ან თუ პირს თირკმლის გადანერგვა სჭირდება. თირკმლის გადანერგვის შემთხვევაში ოპერაცია უნდა გაკეთდეს და იმუნოსუპრესიული წამლები ყველა შემთხვევაში უნდა დაინიშნოს და ასეთ შემთხვევაში პანკრეასის ერთდროული გადანერგვა მცირე დამატებით რისკს უკავშირდება.
პანკრეასის უჯრედებს, რომლებიც ინსულინს გამოიმუშავებს, კუნძულის უჯრედები ეწოდება. გარდაცვლილი დონორის პანკრეასიდან შეიძლება კუნძულის უჯრედების გამოცალკევება. შემდგომ ეს უჯრედები ღვიძლში შემავალ ვენაში შეჰყავთ. უჯრედები ღვიძლის პატარა სისხლძარღვებში თავსდება, სადაც ცოცხლობს და ინსულინს გამოყოფს. ზოგიერთ შემთხვევაში ორი ან სამი ინფუზია კეთდება, რისთვისაც ორი ან სამი გარდაცვლილი დონორია საჭირო. ზოგიერთი დაავადების დროს, როგორიცაა ქრონიკული პანკრეატიტი, პანკრეასის ამოღება აუცილებელია. ასეთ შემთხვევაში ადამიანს ემართება დიაბეტი იმ შემთხვევაშიც, თუ მას ეს დაავადება მანამდე არ ჰქონია. პანკრეასის ამოღების შემდეგ, ზოგჯერ საკუთარი პანკრეასიდან გამოყოფილ უჯრედებს ამრავლებენ და პაციენტს ისევ უკან უბრუნებენ (ავტოლოგიური ტრანსპლანტაცია). ამ დროს იმუნოსუპრესიის ჩატარება საჭირო არ არის, რადგან უჯრედები თავად რეციპიენტს ეკუთვნის.
კუნძულის უჯრედების გადანერგვა, პანკრეასთან შედარებით, გაცილებით მარტივი და უსაფრთხოა. კუნძულის უჯრედების გადანერგვის შემდეგ რეციპიენტთა 75%-ს ინსულინი აღარ სჭირდება. თუმცა, კუნძულის უჯრედების ტრანსპლანტაციის ხანგრძლივი წარმატებული ეფექტის არსებობა დღემდე დაუდგენელია.