ღეროვანი უჯრედები არასპეციალიზებული უჯრედებია, რომელთაგანაც სხვა სპეციალიზებული უჯრედები მიიღება. ემბრიონიდან და ნაყოფიდან მიღებული ღეროვანი უჯრედები ითვლება საუკეთესოდ, რადგან, ბავშვიდან და მოზრდილიდან მიღებულთან შედარებით, გადანერგვისას ის მეტად სიცოცხლისუნარიანია. თუმცა, გარკვეული სახის ღეროვანი უჯრედები მოზრდილებსაც აქვთ. სხვადასხვა სახის სისხლის უჯრედის ღეროვანი უჯრედების მიღება შეიძლება ძვლის ტვინიდან (ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია) ან, მცირე რაოდენობით, სისხლიდანაც.
სისხლის ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ლეიკემია და ლიმფომის ზოგიერთი ფორმა (მათ შორის ჰოჯკინის ლიმფომა), აპლაზიური ანემია, თალასემია, ნამგლისებრი ანემია და ზოგიერთი თანდაყოლილი მეტაბოლური და იმუნოდეფიციტური დაავადება (როგორიცაა ქრონიკული გრანულომატოზური დაავადება) ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია მკურნალობის სქემის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ზოგიერთი ტიპის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია იმ პირებში კეთდება, რომელთა ძვლის ტვინი დიდი დოზით ქიმიოთერაპიული პრეპარატებით ან რადიაციული თერაპიით დაზიანდა. ქიმიო- და რადიოთერაპია კიბოს ზოგიერთი სახის სამკურნალოდ გამოიყენება. შესაძლებელია, ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია მალე სხვა დაავადების სამკურნალოდაც იქნეს გამოყენებული. მაგ. პარკინსონის და ალცჰეიმერის დაავადების შემთხვევაში, როდესაც გადანერგილი ღეროვანი უჯრედები შესაძლოა ტვინის უჯრედებად გარდაიქმნას.
ღეროვანი უჯრედები შეიძლება იყოს საკუთარი (ავტოლოგიური ტრანსპლანტაცია) ან დონორის (ალოგენური ტრანსპლანტაცია). საკუთარ ღეროვან უჯრედებს აგროვებენ ქიმიოთერაპიის ან რადიოთერაპიის დაწყებამდე, რადგან მკურნალობის ეს მეთოდები ღეროვან უჯრედებს აზიანებს. მკურნალობის დასრულების შემდეგ ამ უჯრედებს კვლავ ორგანიზმში აბრუნებენ.
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისთვის დონორს, ჩვეულებრივ, ზოგად ანესთეზიას უკეთებენ. დონორის თეძოს ძვლიდან ექიმი შპრიცით იღებს ძვლის ტვინს. ძვლის ტვინის აღება დაახლოებით ერთი საათი გრძელდება. ზოგჯერ ძვლის ტვინს იღებენ მოზრდილის სისხლიდან ამბულატორიული პროცედურით. თავდაპირველად დონორს ეძლევა წამალი, რომელიც ძვლის ტვინიდან სისხლში ღეროვანი უჯრედების მობილიზებას განაპირობებს. შემდეგ სისხლი მკლავში მოთავსებული კათეტერით გადადის სპეციალურ მოწყობილობაში, რომელიც ღეროვანი უჯრედების იზოლაციას ახდენს. მეორე მკლავში მოთავსებული კათეტერით დარჩენილი სისხლი კვლავ ორგანიზმში ბრუნდება. საკმარისი უჯრედების მოსაგროვებლად 1-2 კვირის განმავლობაში ექვსი 2-დან 4 საათამდე ხანგრძლივობის სესიის ჩატარებაა საჭირო. ღეროვანი უჯრედები შემდგომი გამოყენებისთვის გაყინულ მდგომარეობაში ინახება.
ღეროვანი უჯრედები რეციპიენტის ვენაში შეჰყავთ. შეყვანილი ღეროვანი უჯრედები ძვლებისკენ მიემართება, მრავლდება და სისხლის უჯრედებს წარმოქმნის.
ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია სარისკოა, რადგან, ქიმიოთერაპიის ან რადიოთერაპიის გავლენით რეციპიენტის სისხლის თეთრი უჯრედები დაშლილია ან მათი რიცხვი შემცირებულია. შედეგად, დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში, დონორის ღეროვანი უჯრედებიდან ინფექციის საწინააღმდეგო დაცვისთვის საკმარისი რაოდენობის სისხლის უჯრედების წარმოქმნამდე, ინფექციის განვითარების რისკი ძალიან მაღალია.
მეორე პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სხვა დონორისგან მიღებული ძვლის ტვინი წარმოქმნის უჯრედებს, რომლებიც რეციპიენტის უჯრედებზე შეტევას ახორციელებს და იწვევს დაავადებას – ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ. გარდა ამისა, თავდაპირველი დაავადება შეიძლება კვლავ შებრუნდეს.
რეციპიენტს, ინფექციის რისკის შესამცირებლად, გარკვეული დროით (სანამ გადანერგილი უჯრედები სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნას დაიწყებს) იზოლაციაში ამყოფებენ. ამ პერიოდის განმავლობაში ოთახში ყველა შემსვლელს უნდა ეკეთოს ნიღაბი და ეცვას ხალათი, კარგად უნდა იბანდეს ხელებს. რეციპიენტს, ინფექციისგან თავდაცვის გასაძლიერებლად, ვენაში უკეთდება დონორის სისხლიდან მიღებული ანტისხეულები. ინფექციისა და ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ დაავადების განვითარების რისკის შესამცირებლად გამოიყენება ზრდის ფაქტორები, რომლებიც სისხლის უჯრედების წარმოქმნას ასტიმულირებენ.
რეციპიენტი ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ კლინიკაში 1-2 თვის განმავლობაში რჩება. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ პაციენტი რეგულარულად მიდის კლინიკაში შესამოწმებლად. გამოსაჯანმრთელებლად რეციპიენტთა უმეტესობას, სულ მცირე, ერთი წელი სჭირდება.