კანის დაავადებების მკურნალობაში მნიშვნელოვანი როლი ადგილობრივ (უშუალოდ კანზე დასატანებელ) საშუალებებს უკავია. სისტემური მედიკამენტების მიღება ხდება პერორალურად ან ინექციის გზით. იშვიათად, როცა დაზიანების ადგილას საჭიროა მედიკამენტის მაღალი კონცენტრაცია, უშუალოდ ამ არეში ინტრადემულ ინექციას მიმართავენ.
ადგილობრივი პრეპარატების აქტიური ინგრედიენტები შერეულია დამხმარე ნივთიერებასთან, რომელიც პროდუქტის კონსისტენციას (მაგალითად, სქელი და ცხიმოვანი ან თხელი და წყლის შემცველი), მოქმედების ხანგრძლივობას, კანში შეღწევადობის უნარს განსაზღვრავს. დამხმარე ნივთიერებაზე დამოკიდებულებით პრეპარატები შეიძლება შემდეგნაირად დაიყოს: მალამო, კრემი, ლოსიონი, გელი, ზეთი, ქაფი ან ფხვნილი. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია მრავალი მედიკამენტის სხვადასხვა კონცენტრაციის ფორმები.
მალამო (როგორიც არის ვაზელინი) არის ცხიმოვანი, შეიცავს ძალიან მცირე რაოდენობით წყალს, ძნელია მისი მოცილება კანიდან. გამართლებულია მალამოების გამოყენება კანის დატენიანების საჭიროებისას. მათგან აქტიური ინგრედიენტების კანში შეღწევა უკეთესად ხდება, ვიდრე კრემის მეშვეობით, შესაბამისად, ერთი და იმავე კონცენტრაციის შემთხვევაში მალამო უფრო ეფექტიანია, ვიდრე კრემი. იგი ნაკლებად გამაღიზიანებელია, ვიდრე კრემი და ბევრად ნაკლებად გამაღიზიანებელი, ვიდრე გელი, ლოსიონი და ღია ჭრილობის (ეროზია, წყლული) დასამუშავებელი ხსნარები.
კრემი ყველაზე ხშირად გამოსაყენებელი საშუალებაა, არის უპირატესად წყლის შემცველი ზეთოვანი ემულსია (განსხვავებით მალამოსგან, რომელიც უპირატესად ცხიმოვანი, წყლის მცირე რაოდენობის შემცველია), ადვილად დაიტანება და მარტივად სცილდება კანს, არ იწვევს გაღიზიანებას.
ლოსიონი კრემის მსგავსია, მაგრამ წყლის უფრო მაღალი შემცველობით. იგი წვრილად დისპერსირებული სუსპენზიაა. ძირითადი ნივთიერება წყლის ან წყლისა და ცხიმის ფუძეზე გვხვდება. არის ნაკლებად ეფექტური, ვიდრე მალამო, კრემი და გელი. ლოსიონს აქვს ბევრი სასარგებლო თვისებაც. მარტივია მისი გამოყენება კანის თმიან ადგილებში და განსაკუთრებულ ეფექტს იძლევა ინფიცირებული და სველი ჭრილობების გასაგრილებლად და გასაშრობად, ისეთების, როგორიცაა: კონტაქტური დერმატიტი, ათლეტის ტერფი და საზარდულის ეპიდერმოფიტია.
აბაზანები და გასაჟღენთი საშუალებები გამოიყენება, როდესაც საჭიროა სხეულის დიდი ფართობის მოცვა სამკურნალო საშუალებით. ხშირად გამოიყენება ჯდომითი აბაზანები OTC მედიკამენტებთან ერთად საშუალო სიმძიმის ჰემოროიდული დაავადების დროს. აბაზანებს ნაკლებად მიმართავენ მნიშვნელოვანი მედიკამანტების საჭიროებისას, რადგან ორგანიზმის მიერ ათვისებული ნივთიერების რაოდენობის ზუსტი განსაზღვრა რთულია.
ხსნარი არის სითხე, რომელშიც მედიკამენტია გახსნილი. მათ დასამზადებლად ხშირად გამოიყენება ალკოჰოლი, პროპილენ გლიკოლი, პოლიეთილენგლიკოლი და ჩვეულებრივი წყალი. იგი იოლი მოსახმარია, თუმცა, იწვევს კანის გამოშრობას, მისი ეს ეფექტი სასარგებლოა სველი, გამონადენით მიმდინარე კანის დაავადების დროს. ხსნარის გამოყენებას ზოგჯერ ახლავს კანის გაღიზიანება, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ დამხმარე ნივთიერებას შეიცავს იგი (განსაკუთრებით ეს ეხება ალკოჰოლის ან პროპილენგლიკოლის შემცველი საშუალებებით ღია ჭრილობის დამუშავებას).
ფხვნილი არის ნივთიერების მშრალი ფორმა, რომელიც გამოიყენება კანის კანთან შეხებაში მყოფი უბნების დასაცავად – მაგალითად, ისეთების, როგორიც არის: თითებშორისი არე, დუნდულოები, იღლიები, საზარდული ან სარძევე ჯირკვლის ნაკეცები, ანუ ისეთ უბნებზე, სადაც მომატებულია ტენიანობა. შესაძლებელია მათი შერევა სხვა, აქტიურ მედიკამენტებთან (მაგ: სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან).
გელი არის სქელი კონსისტენციის სუბსტანცია წყლის ან ალკოჰოლის ფუძეზე, რომელიც არ შეიცავს ზეთს ან ცხიმს. კანი ისე ეფექტურად ვერ შეიწოვს გელს, როგორც ზეთოვან ან ცხიმოვან საშუალებებს იწოვს. საკმაოდ გამაღიზიანებელია მათი გამოყენება ღია ჭრილობებსა და დაზიანებულ კანზე.
ადგილობრივი მედიკამენტები შესაძლოა დაიყოს რამდენიმე კატეგორიად, ესენია: გამწმენდი, დამცავი, დამატენიანებელი, გასაშრობი, ქავილის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, ინფექციის საწინააღმდეგო და კერატოლიზური საშუალებები.
გამწმენდი საშუალებები: ძირითად გამწმენდ აგენტებს მიეკუთვნება საპონი, სარეცხი საშუალებები და ხსნარები (თხევადი ნივთიერება, რომელშიც შესაძლოა სხვა ნივთიერება გაიხსნას). ზოგიერთი საპონი იწვევს კანის გამოშრობას, მათი ნაწილი კი კრემის ფუძეზეა და მსგავს მოქმედებას ნაკლებად ავლენს.
კარგად გამოხატული გამწმენდი ეფექტი აქვს ბავშვის შამპუნებს, ამიტომ მისაღებია მათი გამოყენება ჭრილობებისა და აბრაზიების დასამუშავებლად, ისევე, როგორც პაციენტებში ფსორიაზით, ეგზემით ან სხვა აქერცვლადი დაავადებით. ითვლება, რომ გამონადენით მიმდინარე დაზიანებები გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით მხოლოდ წყლით და თხევადი საპნით (და არა დეტერგენტებით და მყარი საპნით) უნდა დამუშავდეს.
გამწმენდ საშუალებებს ამატებენ სხვადასხვა ქიმიურ აგენტსაც, მაგალითად, ზოგიერთ საპონს დამატებული აქვს ანტიბაქტერიული მოქმედების ნივთიერება. ანტიბაქტერიული საპნების გამოყენება არ აუმჯობესებს ჰიგიენას და არ აქვს უკეთესი შედეგი დაავადებების პრევენციის თვალსაზრისით. მათი რუტინული გამოყენებით შესაძლოა დაირღვეს კანზე არსებული ბაქტერიების ნორმალური ბალანსი. ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნები და ლოსიონები ასევე შესაძლოა შეიცავდეს თუთიის პირითიონს, სელენის სულფიდს ან კუპრის ექსტრაქტს.
წყალი გამწმენდი საშუალებების ძირითადი კომპონენტია. მათ ასევე, მიეკუთვნება ვაზელინი, რომელიც გამოიყენება კანიდან ისეთი აგენტების მოსაცილებლად, რომელსაც წყალი და საპონი ვერ აშორებს (მაგალითად, როგორიცაა კუპრი). უსაფრთხოა ალკოჰოლის მცირე რაოდენობით კანის გასაწმენდად ინექციამდე ანდა სისხლის აღებამდე. რუტინული ჰიგიენისთვის სასარგებლოა ალკოჰოლის შემცველი გელის გამოყენება ისეთ გარემოში, სადაც ხელის დაბანა შეუძლებელია. სხვა გამხსნელები, როგორიცაა აცეტონი (ფრჩხილიდან ლაქის მოსაცილებელი საშუალება) ბენზინი ან საღებავის გამხსნელები, იშვიათად გამოიყენება კანის დასამუშავებლად, ისინი კანს აცილებენ ბუნებრივ ცხიმს, შედეგად მის გამოშრობას და გაღიზიანებას იწვევენ. გარდა ამისა, თუ მოხდა მათი აბსორბცია, მოწამვლა ვითარდება.
დამცავი საშუალებები: კანის დაცვას მრავალი სხვადასხვა სახის პრეპარატი უზრუნველყოფს. მაგალითად, ცხიმოვან ფუძეზე დამზადებული მალამოები გაღიზიანებული კანის უბნებს იცავს და ტენიანობას უნარჩუნებს. შედეგიანია ფხვნილის დატანება კანის კანთან ან ტანსაცმელთან შეხების ადგილებში. სინთეზური ჰიდროკოლოიდური პლასტირი იცავს ნაწოლებს და ნაზ კანს სხეულის სხვადასხვა უბანზე. მზისგან დამცავი კრემები აირეკლავს, შთანთქავს ან ფილტრავს მავნე ულტრაიისფერ გამოსხივებას.
დამატენიანებელი საშუალებები: ემოლიანტები აღადგენს და კანს ტენიანობას უნარჩუნებს. მათი გამოყენება უმჯობესია მაშინ, როდესაც კანი ჯერ კიდევ სველია – მაგალითად, აბაზანის შემდეგ. დამატენიანებლები, როგორც წესი, შეიცავს გლიცერინს, მინერალურ ზეთებს ან ვაზელინს, ხელმისაწვდომია ლოსიონების, კრემების, მალამოებისა და აბაზანის ზეთების სახით. ზოგიერთი ძლიერი ემოლიანტი შეიცავს ისეთ ნაერთებს, როგორებიცაა შარდოვანა, რძემჟავა და გლიკოლის მჟავა.
გასაშრობი საშუალებები: ჭარბი ტენიანობა კანის კანთან შეხების ადგილებში მის გაღიზიანებას და მაცერაციას იწვევს (განსაკუთრებით ეს ეხება სხეულის ნაკეცებს). ყველაზე ხშირად ზიანდება შემდეგი უბნები: სივრცე ფეხის თითებს შორის, დუნდულოები, იღლიები, საზარდული, სარძევე ჯირკვლის ქვედა ნაწილები, მუცლის ნაკეცები. აქ არსებული თბილი, ტენიანი გარემო ასევე ხელსაყრელია სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციის განვითარებისთვის.
ტალკი არის ყველაზე ხშირად გამოყენებადი საშრობი საშუალება. იგი ტენს კანის ზედაპირიდან იწოვს. მათი უმრავლესობა ერთმანეთისგან მხოლოდ სურნელითა და შეფუთვით განსხვავდება. ასევე ეფექტურია ამ მიზნით სიმინდის სახამებლის გამოყენებაც. როგორც წესი, უმჯობესია ტალკი, გამონაკლისია ბავშვთა ასაკი, რადგან ბავშვმა შესაძლოა შემთხვევით შეისუნთქოს ფხვნილი, ტალკთან შედარებით სიმინდის სახამებელი ნაკლებად სახიფათოა.
კანზე ტენიანობას ამცირებს ალუმინის მარილები და ხშირად შედის ანტიპერსპირანტების შემადგენლობაში, ალუმინის მარილები ჰიპერჰიდროზის სამკურნალოდ გამოიყენება.
ასტრინგენტსი არის ტენიანობის შემამცირებელი თხევადი საშუალება, რომელიც სისხლძარღვებს ავიწროებს. ყველაზე ხშირად გამოყენებადი ასტრინგენტსი შეიცავს ალუმინის აცეტატს (ბუროვის ან დომებორის ხსნარი). კანზე, როგორც წესი, დაიტანება ბამბით (დოლბანდით). იგი ასევე ინიშნება ინფექციური ეგზემისა და ნაწოლების სამკურნალოდ. პოპულარული OTC ასტრინგენტსია ჰამამელისი.
ქავილის საწინააღმდეგო საშუალებები: კანის დაავადებებს ხშირად თან ქავილი ახლავს. ქავილი და ზომიერი ტკივილი ზოგჯერ შესაძლოა ისეთი დამამშვიდებელი ეფექტის მქონე აგენტების გამოყენებით შემსუბუქდეს, როგორებიცაა: გვირილა, ევკალიპტი, ქაფური, მენთოლი, თუთიის ოქსიდი, ტალკი, გლიცერინი და კალამნი.
ანტიჰისტამინური მედიკამენტები, რომლებიც გარკვეული ტიპის ალერგიულ რეაქციებს ბლოკავენ, ზოგჯერ ტოპიკური საშუალებების შემადგენლობაში შედის. დოქსეპინი არის ეფექტიანი ადგილობრივი ანტიჰისტამინი არაერთი მდგომარეობის დროს. დიფენჰიდრამინმა (ხშირად შედის ურეცეპტო ადგილობრივი გამოყენების საშუალებებში) კანზე დატანისას შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, ამიტომ მისი აღნიშნული ფორმით მიღება რეკომენდებული არაა. ანტიჰისტამინური მედიკამენტების პერორალურ გამოყენებას არ ახასიათებს მსგავსი ტიპის გამოვლინებები, ამიტომ ქავილის შესამცირებლად, ადგილობრივ აგენტებთან შედარებით, მათი პერორალურად მიღება უმჯობესია.
ანთების საწინააღმდეგო აგენტები: კორტიკოსტეროიდები წარმოადგენენ ძირითად ადგილობრივი გამოყენების მედიკამენტებს კანის ანთებითი მდგომარეობის (სიწითლე, შეშუპება, ქავილი) მართვაში. კორტიკოსტეროიდები უფრო ეფექტურია ისეთი ალერგიული გენეზის დაზიანების სამკურნალოდ, რომელიც სუროს შხამის, მეტალის, ტანსაცმლის, მედიკამენტების და სხვა აგენტების გავლენით ვითარდება, რადგან ისინი ამცირებენ რეზისტენტობას ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციის მიმართ და ეწინააღმდეგებიან შეხორცებას. კორტიკოსტეროიდები არ უნდა დაინიშნოს დაინფიცირებულ უბნებსა და ჭრილობებზე. აღნიშნული საშუალებები არ გვაძლევენ კარგ შედეგს აკნეს მსგავსი გამონაყარის დროს, ზოგჯერ პირიქით, ამწვავებენ მდგომარეობას. გარკვეულ შემთხვევებში ახდენენ კორტიკოსტეროიდების კომბინაციას სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტებთან, რათა სოკოს ერადიკაციასთან ერთად სიმპტომების (ქავილი, სიწითლე) აღმოფხვრა მოხდეს.
გაყიდვაშია ტოპიკური კორტიკოსტეროიდების სხვადასხვა ფორმა – ლორიონი, კრემი, მალამო, ხსნარი, ქაფი, ზეთი, გელი. ზოგადად, უფრო შედეგიანია მალამოს გამოყენება. მედიკამენტის ეფექტურობას მოქმედი ნივთიერების ტიპი და კონცენტრაცია განსაზღვრავს. ურეცეპტოდ იყიდება ჰიდროკორტიზონის 1%-მდე შემცველობის საშუალებები, მისი 0.5 %-ზე დაბალი შემცველობის ფორმები ნაკლებ შედეგს იძლევა. ძლიერი კორტიკოსტეროიდები რეცეპტის გარეშე არ გაიცემა. პრეპარატები დასაწყისში ინიშნება მაღალი დოზით, მდგომარეობის გაუმჯობესების შესაბამისად, მცირდება კონცენტრაცია. როგორც წესი, კორტიკოსტეროიდები დაიტანება კანზე, თხელ ფენად, 2-3-ჯერ დღეში (შედარებით ძლიერი საშუალებები შესაძლოა ინიშნებოდეს ერთხელ).
მათი გამოყენება სხეულის ნაზ უბნებში (მაგ: ისეთზე, როგორიც არის სახე), იღლიისა და საზარდულის არეში სიფრთხილეს მოითხოვს. აღნიშნულ მგრძნობიარე ადგილებში კორტიკოსტეროიდების დაბალპროცენტიანი ფორმები ხანმოკლე კურსით ინიშნება. ხანგრძლივ (1 თვეზე მეტი) გამოყენებას ნებისმიერ უბანზე შესაძლოა ახლდეს კანის დაზიანება, აკნეს მსგავსი გამონაყარი და ზოგჯერ ალერგიული რეაქციაც კი (კონტაქტური დერმატიტით გამოვლენილი) თვითონ კორტიკოსტეროიდზე. პერორალური დერმატიტი (სიწითლე და გამონაყარი პირის ირგვლივ, ნიკაპზე და ზოგჯერ თვალებზეც), როგორც წესი, სახეზე მაღალკონცენტრირებული მედიკამენტების აპლიკაციის შედეგად ვითარდება. ამ უკანასკნელთა გავლენით ასევე შესაძლოა თირკმელზედა ჯირკვალის ფუნქციონირება დაითრგუნოს. აღნიშნული უპირატესად ეხება ბავშვთა ასაკს, მედიკამენტის სხეულის ფართო უბნებზე დატანების ან მის ხანგრძლივად მოხმარების შემთხვევებს (განსაკუთრებით ჰაერგაუმტარი სახვევით სარგებლობის პირობებში).
როდესაც შედეგი არ მიიღწევა ტოპიკური საშუალების გამოყენებით და საჭიროა სხეულის მცირე უბანზე კორტიკოსტეროიდის მაღალი კონცენტრაცია, მიმართავენ ადგილობრივად კანქვეშა ინექციებს ანდა კორტიკოსტეროიდით გაჯერებული პლასტირის აპლიკაციას. მაღალი დოზით მედიკამენტის მიწოდების კიდევ ერთი ფორმაა ჰაერგაუმტარი სახვევის გამოყენება ტოპიკური საშუალების ზემოდან, რაც მედიკამენტის აბსორბციას და ეფექტურობას ზრდის (როგორც წესი, რჩება მთელი ღამით). იგი სარეზერვო ჩარევაა მძიმე ფსორიაზისა და ეგზემის დროს. კორტიკოსტეროიდების აღნიშნული ფორმით გამოყენებისას მაღალია მილიარიის, კანის ატროფიის, სტრიების, ტელეანგიექტაზიების ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების განვითარების რისკი.
გაყიდვაშია რამდენიმე მცენარეული პროდუქტი სავარაუდო ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, თუმცა მათი ეფექტურობა გადაჭრით ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის. მცენარეული და ნატურალური საშუალებები ხშირად არასტანდარტიზებულია, იწვევს კანის გაღიზიანებასა და ალერგიულ რეაქციებს. მათგან ყველაზე გავრცელებულია გვირილა და გულყვითელა.
კუპრის პრეპარატები, რომლებიც ქვანახშირის გადამუშავების შედეგად მიიღება, ანელებს კანის უჯრედების გაყოფას და გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, რომელთაც კანის უჯრედების ინტენსიური ზრდა ახასიათებთ, მაგალითად, ფსორიაზის დროს. გვერდითი ეფექტები მოიცავს გაღიზიანებას, ფოლიკულების ანთებას (ფოლიკულიტს), ტანსაცმლის შეღებვასა და ფოტოსენსიბილიზაციას. არ უნდა გამოვიყენოთ დაინფიცირებულ კანზე.
ინფექციის საწინააღმდეგო აგენტები: კანის დაინფიცირების მიზეზი შესაძლოა გახდეს ბაქტერია, სოკო, ვირუსი და პარაზიტები. მათგან თავდაცვის საუკეთესო გზაა დაბანა საპნითა და წყლით. ძლიერი სადეზინფექციო საშუალებები უპირატესად გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში მედპერსონალის მიერ, რათა პაციენტებში ინფექციის გავრცელება არ მოხდეს. ანტიბაქტერიული პრეპარატები გამოიყენება ოპერაციამდე კანის დასამუშავებლად პოსტოპერაციული დაინფიცირების რისკის შემცირების მიზნით. მას შემდეგ, რაც კანის ინფიცირება მოხდება, უნდა იქნეს დაწყებული მკურნალობა მისი სიმძიმიდან გამომდინარე, ადგილობრივი ან სისტემური პრეპარატებით. ადგილობრივი ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებებს მიეკუთვნება ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები და ინსექტიციდები.
ტოპიკური ანტიბიოტიკების გამოყენება რამდენიმე მიზნით ხდება. კლინდამიცინი და ერითრომიცინი ზოგჯერ ინიშნება როგორც აკნეს სამკურნალო პირველი ან დამატებითი რიგის მედიკამენტი. მუპიროცინით შესაძლოა ვუმკურნალოთ იმპეტიგოს (კანის სტაფილოკოკური ინფექცია). ბაციტრაცინი და პოლიმიქსინი ხშირად გამოიყენება ბიოფსიის შემდეგ კანის მოვლისთვის, ნაკაწრის, უმნიშვნელო დამწვრობის დაინფიცირების პრევენციის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ მათი გამოყენება საკმაოდ უსაფრთხოდ ითვლება, აქვთ გარკვეული გვერდითი ეფექტები, მაგალითად, ნეომიცინი ხშირად ალერგიული რეაქციის განვითარების მიზეზი ხდება.
ადგილობრივი ანტიფუნგალური საშუალებები საკმაოდ ეფექტიანია კანის მრავალი სოკოვანი ინფექციის დროს (მაგალითად, როგორიც არის რინგვორმი და ათლეტის ფეხი), თუმცა, ცუდად მუშაობს ფრჩხილის სოკოს შემთხვევებში, რომელთა სამკურნალოდ პერორალური მედიკამეტებია (როგორც წესი, ტერბინაფინი) მოწოდებული. ფრჩხილის სოკოს ხშირად ახასიათებს რეციდივები ტაბლეტიზებული მკურნალობის მიუხედავადაც.
ინსექტიციდები (როგორიც არის პერმეტრინი და მალათიონი) გამოიყენება დატილიანებისას და მუნის სამკურნალოდ.
უანტიბიოტიკო ადგილობრივი ანტისეპტიკები მოიცავენ იოდის ხსნარებს (როგორიც არის პოვიდონ იოდი და კლიოქინოლი), გენციან ვიოლეტს, ვერცხლის პრეპარატებს (როგორიც არის ვერცხლის ნიტრატი და ვერცხლის სულფადიაზინი) და თუთიის პირითიონს. იოდს გამოიყენებენ ოპერაციის წინ კანის მოსამზადებლად, გენციან ვიოლეტს – როდესაც საჭიროა მყარი ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური მოქმედება ან ორივე ერთად, ვერცხლის პრეპარატები (როგორიცაა ვერცხლის სულფადიაზინი) ეფექტიანია დამწვრობისა და წყლულის სამკურნალოდდა ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს და ჭრილობის ნახევევების ვერცხლით გაჯერებას ახდენს. თუთიის პიროთიონს გააჩნია ანტიფუნგალური მოქმედება და კანის სოკოვანი ინფექციით განპირობებული ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნების ძირითადი კომპონენტია. ჭრილობის შეხორცებისას არ უნდა იქნეს გამოყენებული ადგილობრივი ანტისეპტიკები, გარდა ვერცხლის პრეპარატებისა, რადგან ახალ განვითარებული ქსოვილის (გრანულაციური ქსოვილი) დაზიანებას იწვევენ.
კერატოლიზური საშუალებები არბილებს კანის უჯრედებს და აიოლებს მათ აქერცვლას. მიეკუთვნება, მაგ: სალიცილის მჟავა და შარდოვანა.
სალიცილის მჟავა სხვადასხვა კონცენტრაციით ფსორიაზის, სებორეული დერმატიტის, აკნესა და მეჭეჭების სამკურნალოდ გამოიყენება, რასაც ხშირად ისეთი გვერდითი ეფექტები ახლავს, როგორიცაა: წვა, გაღიზიანება და სისტემური ტოქსიკურობა კანის დიდ ზედაპირზე დატანების შემთხვევაში. სალიცილის მჟავა იშვიათად უნდა იქნეს გამოყენებული ახალშობილებსა და ბავშვებში.
შარდოვანა შესაძლოა გამოვიყენოთ კანის დასატენიანებლად, ქავილის შესამსუბუქებლად და ნახეთქების განვითარების შესამცირებლად – ძირითადად ფეხისგულების კანის დაზიანებების (პლანტარული კერატოზი და კოჟრები), პილარული კერატოზის (მშრალი ხორკლები ბარძაყსა და მხრის უკანა ზედაპირზე ალერგიულ ინდივიდებში) და კანის მძიმე სიმშრალის (იქტიოზი) დროს. გვერდითი მოვლენებია გაღიზიანება და წვა. შარდოვანას აპლიკაცია კანის დიდ ფართობზე არ უნდა მოხდეს.
სახვევის გამოყენება იცავს ღია ჭრილობებს, აიოლებს მათ შეხორცებას, ზრდის მედიკამენტის შეღწევადობას კანში და, გარდა ამისა, იცავს ტანსაცმელსაც. პლასტირების ორი სახე არსებობს, ერთი, რომელიც ჰაერს ატარებს და მეორე, რომლის გამოყენების შემთხვევაში ჭრილობამდე ჰაერი არ აღწევს.
ჰაერგამტარი სახვევები (პლასტირები): მათგან ყველაზე გავრცელებულია მარლის სახვევი. მისი გამოყენება უზრუნველყოფს ჭრილობის ეფექტურ აერაციას და სიმშრალეს. ფიზიოლოგიური ხსნარით გაჟღენთილი დოლბანდი ხშირად გამოიყენება ჭრილობიდან მკვდარი, დაზიანებული ქსოვილის მოსაცილებლად, ამისთვის იგი დაზიანებულ უბანზე სველი დაიტანება, მოცილება კი დოლბანდიდან სითხის აორთქლების შემდეგ (მკვდარი ქსოვილები სახვევზე ეწებება) ხდება.
ჰაერგაუმტარი სახვევები (პლასტირები): მათი გამოყენება ზრდის ადგილობრივი საშუალებების მოქმედების ეფექტიანობას (და გვერდით ეფექტებსაც). ყველაზე მეტად გავრცელებული ვარიანტებია გამჭვირვალე, წყალგაუმტარი, პოლიეთილენის ან გამჭვირვალე ნახევრად გამტარი ფორმები. კანის წყლულების შეხორცების დაჩქარების მიზნით პაციენტს ურჩევენ ჭრილობის ჰიდროკოლოიდური პლასტირით დაფარვას. ეფექტიანია ასევე თუთიის ოქსიდის (უნას პასტა) გამოყენება (ჰაერგაუმტარი პლასტირის სახით) ქვედა კიდურების ანთებითი დაზიანებებისა და ულცერაციის დროს (რომელიც შესაძლოა განვითარდეს სტაზური დერმატიტის დროს). პლასტირები ზოგჯერ რეკომენდებულია ფსორიაზის, ატოპიკური დერმატიტის, ლუპუს ერითემატოზის, ხელის ქრონიკული დერმატიტებისა და სხვა მდგომარეობების სამკურნალოდაც.
ჰაერგაუმტარი სახვევების გამოყენება იცავს და აჩქარებს დამწვრობის შეხორცებას, ეფექტურია მათი დატანება ზოგიერთ სხვა ღია ჭრილობაზეც. ისინი კანს ტენიანობას უნარჩუნებენ, ხელს უწყობენ მის ხელახალ ზრდას და ანტიბაქტერიული მოქმედება გააჩნიათ.