კამპილობაქტერიით გამოწვეული ინფექციები | მკურნალი.გე
  1. კამპილობაქტერიით გამოწვეული ინფექციები
  2. ბაქტერიული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
კამპილობაქტერიით გამოწვეული ინფექციები

კამპილობაქტერიების რამდენიმე სახეობას (ყველაზე ხშირია Campylobacter jejuni) შეუძლია დააინფიციროს საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, რაც იწვევს ფაღარათს.

  • ადამიანები შეიძლება დაინფიცირდნენ ბაქტერიით დაბინძურებული საკვების ან სასმლის მიღებისას ან დაინფიცირებულ ადამიანებთან ან ცხოველებთან კონტაქტისას;

  • ეს ინფექციები იწვევენ ფაღარათს, მუცლის ტკივილსა და ცხელებას;

  • განავლის ნიმუშში ბაქტერიის აღმოჩენა აზუსტებს დიაგნოზს;

  • ზოგიერთი ადამიანისთვის საკმარისია დაკარგული სითხის რაოდენობის შევსება, მაგრამ თუ სიმპტომები მწვავეა, საჭიროა აგრეთვე ანტიბიოტიკების გამოყენება.

კამპილობაქტერია ჩვეულებრივ სახლობს ბევრი ფერმის ცხოველის საჭმლის მომნელებელ სისტემაში, მათ შორისაა ძროხა, ცხვარი, ღორი და შინაური ფრინველები. ამ ცხოველების განავალმა შესაძლოა დააბინძუროს წყალი წყაროებსა და ტბებში. ხორცი (ჩვეულებრივ შინაური ფრინველების) და არაპასტერიზებული რძე შეიძლება აგრეთვე იყოს დაბინძურებული. ადამიანები ინფიცირდებიან რამდენიმე გზით:

  • დაბინძურებული (დაუმუშავებელი) წყლის, არაპასტერიზებული რძის დალევა, ნახევრად მოხარშული ხორცის (ძირითადად შინაური ფრინველების) ან ისეთი საკვების მიღება, რომელიც სამზარეულოში დასნებოვნებული ხორცის შენახებ ზედაპირზე დამზადდა;

  • დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი (განსაკუთრებით ორალურ-ანალური სექსუალური კონტაქტი);

  • კონტაქტი დაინფიცირებულ ცხოველთან.

კამპილობაქტერია იწვევს მსხვილი ნაწლავის ანთებას (კოლიტი), რომლის შედეგიცაა ცხელება და ფაღარათი. ეს ბაქტერიები წარმოადგენენ ინფექციური ფაღარათის ძირითად მიზეზს ამერიკის შეერთებულ შტატებში და იმ ადამიანების ჯგუფში, რომლებიც მოგზაურობენ ისეთ ქვეყნებში, სადაც საკვები ან სასმელი შესაძლოა იყოს დაბინძურებული. ინფექციები ყველაზე ხშირად გამოწვეულნი არიან კამპილობაქტერია იეიუნით.

სიმპტომები

სიმპტომები ჩვეულებრივ ჩნდება გამომწვევთან კონტაქტის შემდეგ დაახ. 2-5 დღეში და გრძელდება დაახ. 1 კვირის განმავლობაში. კამპილობაქტერიული კოლიტის სიმპტომებს მიეკუთვნება ფაღარათი, მუცლის ტკივილი და სპაზმები, რომლებიც შეიძლება იყოს ძლიერი ხასიათის. ფაღარათი ზოგჯერ სისხლიანია და შესაძლოა, თან სდევდეს გულისრევა, ღებინება და ცხელება, რომელიც მერყეობს 38-40ºC (100-104ºF)ფარგლებში.

კოლიტის მქონე ზოგიერთ ადამიანში დროებით შეიძლება მოხდეს სისხლის დაინფიცირებაც, რასაც ბაქტერიემია ეწოდება. ეს ინფექცია ჩვეულებრივ არ იწვევს სიმპტომებსა და გართულებებს. თუმცა ადამიანთა მცირე ჯგუფში აღინიშნება სისხლის მიმოქცევის მრავალჯერადი ან მუდმივი ინფიცირება. ბაქტერიემიის ეს ტიპი ჩვეულებრივ ვითარდება ადამიანებში ისეთი დაავადებებით, რომლებიც ასუსტებენ იმუნურ სისტემას, როგორებიცაა მაგ. აივ ინფექცია, შაქრიანი დიაბეტი ან სიმსივნე. ეს ინფექცია იწვევს ხანგრძლივ ან განმეორებით ცხელებას. სხვა სიმპტომები ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლს მიაქვს ინფექციური აგენტი სხვა სტრუქტურებამდე, როგორებიცაა:

  • სივრცე, რომელიც მდებარეობს თავისა და ზურგის ტვინის მფარავი ქსოვილების შიგნით (იწვევს მენინგიტს)

  • ძვლები (იწვევს ოსტეომიელიტს)

  • სახსრები (იწვევს ინფექციურ ართრიტს)

  • იშვიათად, გულის სარქვლები (იწვევს ენდოკარდიტს)

გილენ-ბარეს სინდრომი ვითარდება კამბილობაქტერიული კოლიტის მქონე 1000 პაციენტიდან 1-ში. გილენ-ბარეს სინდრომი იწვევს სისუსტეს ან დამბლას. ადამიანების უმეტესობა გამოჯანმრთელდება, მაგრამ კუნთების ძლიერი სისუსტე შეიძლება დარჩეს. პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ სუნთქვის პრობლემები და დასჭირდეთ მექანიკური ვენტილატორი. სისუსტე ყოველთვის ბოლომდე არ უკუვითარდება. მიჩნეულია, რომ კამპილობაქტერიული კოლიტი იწვევს გილენ-ბარეს სინდრომის ყველა შემთხვევის 20-40%-ს.

ფაღარათის უკუგანვითარებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს რეაქტიული ართრიტი. ჩვეულებრივ, ეს დაავადება იწვევს მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრის და აქილევსის მყესის ანთებასა და ტკივილს.

დიაგნოზი

ექიმები იღებენ განავლის ნიმუშს და აგზავნიან ლაბორატორიაში, რომ მოხდეს ბაქტერიების კულტივირება (გაზრდა). თუმცა, განავლის გამოკვლევა ყოველთვის არ ხდება. განავლის კულტივირების დასრულებას სჭირდება რამდენიმე დღე და ექიმებს ჩვეულებრივ არ სჭირდებათ იმის ცოდნა, თუ რომელმა ბაქტერიამ გამოიწვია ფაღარათი, იმისთვის, რომ ეფექტურად უმკურნალონ. თუ ბაქტერიები იდენტიფიცირდება, ტარდება გამოკვლევა იმის დასადგენად, თუ რომელი ანტიბიოტიკია ეფექტური მათ საწინააღმდეგოდ. ამ გამოკვლევას ეწოდება გამოკვლევა მგრძნობელობაზე.

თუ ჩნდება ეჭვი სისხლის მიმოქცევის დაინფიცირებაზე, კულტივირების მიზნით იღებენ სისხლის ნიმუშს.

მკურნალობა

ბევრი ადამიანი ხდება უკეთ დაახლოებით ერთ კვირაში სპეციალური მკურნალობის გარეშეც. ზოგიერთ მათგანს ესაჭიროება დამატებითი სითხეები ინტრავენურად ან დასალევად. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ მაღალი ცხელება, მწვავე ან სისხლიანი ფაღარათი ან სიმპტომების გაუარესება, შესაძლოა, დასჭირდეთ 3 დღის განმავლობაში აზითრომიცინის ან 5 დღის განმავლობაში ერითრომიცინის მიღება. ორივე წამალს იღებენ დასალევი ფორმით. თუ მოხდა სისხლის მიმოქცევის დაინფიცირება, საჭიროა 2-4 კვირის განმავლობაში ისეთი ანტიბიოტიკების მიღება, როგორებიცაა იმიპენემი, გენტამიცინი ან აზითრომიცინი.