სტივენს ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი არის სიცოცხლისთვის სახიფათო კანის დაზიანების ორი ფორმა, რომელსაც ახასიათებს გამონაყარი, კანის აქერცვლა და ლორწოვან გარსებზე წყლულების განვითარება.
სტივენს-ჯონსონის სინდრომის დროს ლორწოვან გარსებზე – როგორც წესი, პირის ღრუში, თვალებსა და საშოში წარმოიქმნება ბუშტუკები, კანზე – ლაქოვანი გამონაყარი. ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზის დროს ლორწოვანზე ვითარდება მსგავსი ბუშტუკები, მაგრამ, გარდა ამისა, სხეულის დიდ ფართობზე მთლიანად იფცქვნება კანის ზედა შრე (ეპიდერმისი). ორივე დაავადება სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
თითქმის ყველა შემთხვევაში დაავადება გამოწვეულია მედიკამენტებზე რეაქციით. უპირატესად ესენია: სულფანილამიდური ანტიბიოტიკები, ბარბიტურატები, ანტიკონვულსანტები (ფენიტოინი და კარბამაზეპინი), გარკვეული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები (ასას) ან ალოპურინოლი. ზოგჯერ გამომწვევად გვევლინება ბაქტერიული ინფექცია. განმაპირობებელი მიზეზის გამოვლენა პაციენტების ნაწილში ვერ ხერხდება. გვხვდება ყველა ასაკობრივ ჯგუფში, უფრო ხშირია ასაკოვნებს შორის, რაც მათ მიერ მედიკამენტების უფრო აქტიური მოხმარებით შეიძლება აიხსნას. დაავადების განვითარების ალბათობა მაღალია აივ ინფიცირებულებშიც.
სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი, როგორც წესი, იწყება ცხელებით, ხველით, თავისა და სხეულის ტკივილით. შემდეგ ვითარდება ბრტყელი წითელი გამონაყარი სახესა და ტანზე. გამონაყარი თანდათან ზომაში მატულობს, ვრცელდება და ბუშტუკი ზოგიერთს ცენტრში უვითარდება. ბუშტუკების კანი ძალიან ნაზია და ადვილად სკდება. სტივენს-ჯონსონის სინდრომის დროს ზიანდება სხეულის ზედაპირის 10%-ზე ნაკლები. ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზის შემთხვევაში კანის ფართო უბნები უმნიშვნელო შეხებითაც კი იფცქვნება. პროცესში ჩართულია სხეულის ზედაპირის 30% ან მეტი, თან ახლავს ტკივილი, შემცივნება, ცხელება, ზოგჯერ – თმის ცვენა და ფრჩხილების დაზიანება. დაავადების განვითარების აქტიური ფაზა შესაძლოა 1-დან 14 დღემდე გაგრძელდეს.
ორივე შემთხვევაში ლორწოვან გარსებზე – პირის ღრუ, ყელი, ანუსი, გენიტალიები, თვალები – ვითარდება ბუშტუკები. პირის ღრუს დაზიანების შემთხვევაში გაძნელებულია საკვების მიღება, შესაძლოა მტკივნეული იყოს პირის დახურვა, ახლავს ნერწყვდენა. დაავადების თვალზე გავრცელება იწვევს ძლიერ ტკივილს, შეშუპებას, ჩირქის დაგროვებას რქოვანას შესაძლო დანაწიბურებით. ურეთრის (შარდსადენი) დაზიანება გამოვლინდება მტკივნეული და გაძნელებული შარდვით. გარკვეულ შემთხვევებში დაავადება მოიცავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და სასუნთქ გზებსაც, რის შედეგადაც ვლინდება დიარეა და სუნთქვის გაძნელება.
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზის დროს განვითარებული კანის დაზიანება მძიმე დამწვრობის სურათის მსგავსია და სიცოცხლისთვის იმავენაირად სახიფათო. ახლავს სითხისა და მარილების დიდი რაოდენობით კარგვა, იზრდება ორგანოთა უკმარისობისა და ინფექციის განვითარების რისკი. აღნიშნული დაავადების დროს გარდაცვალების მთავარ მიზეზს სწორედ ინფექციები წარმოადგენს.
სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზის განვითარების დროს საჭიროა მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს დაავადების გამომწვევი ყველა სავარაუდო მედიკამენტის მიღება. როდესაც შესაძლებელია, პაციენტს ათავსებენ დამწვრობის განყოფილებაში, დაინფიცირების რისკი მინიმალური უნდა იყოს. ავადმყოფის გადარჩენის შემთხვევაში, დამწვრობისგან განსხვავებით, კანი თავისით აღდგება, კანის გრაფტები საჭირო არ არის. დაკარგული სითხისა და მარილების შევსება ხდება ინტრავენურად.
დაავადების სამკურნალოდ კორტიკოსტეროიდების გამოყენების საკითხი საკამათოა. ექიმების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ პირველი რამდენიმე დღე კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით დანიშვნა სასარგებლოა, რასაც არ ეთანხმება მეორე ნაწილი. მათგან გამოწვეული იმუნოსუპრესია ზრდის მძიმე ინფექციების განვითარების რისკს. ინფექციის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ანტიბიოტიკოთერაპია.
ხშირად ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზის სამკურნალოდ გამოიყენება ადამიანის იმუნოგლობულინი, იგი გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ კანის შემდგომი იმუნური დაზიანება და ბლისტერების განვითარების პროგრესირება.