კვანძოვანი ერითემა | მკურნალი.გე
  1. კვანძოვანი ერითემა
  2. ქავილი და არაინფექციური გამონაყარი
  3. კანის დაავადებები
კვანძოვანი ერითემა

კვანძოვანი ერითემა არის ანთებადი დაავადება, რომელსაც ახასიათებს მკვრივი წითელი ფერის კვანძების განვითარება კანქვეშ, უპირატესად წვივებზე, იშვიათად მხრებსა და სხეულის სხვა ნაწილებზე.

  • კვანძოვანი ერითემა, როგორც წესი, ვითარდება სხვა რომელიმე დაავადების ფონზე, მედიკამენტებით სენსიბილიზაციისას, ბაქტერიული, სოკოვანი ან ვირუსული ინფექციების დროს.

  • დაავადების ჩვეულ სიმპტომებს მიეკუთვნება: ცხელება, ართრალგია და დამახასიათებელი მტკივნეული წითელი ფერის კვანძები უპირატესად წვივებზე ლოკალიზაციით.

  • დიაგნოზი ეფუძნება დაავადების სიმპტომებს, რის დასადასტურებლადაც მიმართავენ გულ-მკერდის რენტგენოლოგიურ კვლევას, სისხლის ტესტებსა და ბიოფსიას.

  • უნდა შეწყდეს დაავადების სავარაუდო გამომწვევი მედიკამენტის მიღება. ფონური ინფექციების დროს მიმართავენ ანტიბიოტიკოთერაპიას, ტკივილის შესამსუბუქებლად რეკომენდებულია სიარულისგან თავის შეკავება, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და ზოგჯერ კორტიკოსტეროიდების ინექციები.

საკმაოდ ხშირად კვანძოვანი ერითემა არის სხვა რომელიმე დაავადების სიმპტომი ანდა მედიკამენტებით სენსიბილიზაციის შედეგი. ახალგაზრდები, განსაკუთრებით ქალები, უფრო მგრძნობიარენი არიან დაავადების მიმართ, იგი შესაძლოა გაგრძელდეს თვეების ან წლების განმავლობაში. კვანძოვანი ერითემის განვითარების მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული ინფექციები.

სტრეპტოკოკული ინფექცია არის კვანძოვანი ერითემის განვითარების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი, განსაკუთრებით ბავშვებში. სარკოიდოზი, წყლულოვანი კოლიტი და სხვადასხვა მედიკამენტი – მაგალითად, ანტიბიოტიკები (სულფანილამიდები) ან ორალური კონტრაცეპტივები – ასევე დაავადების ხშირ გამომწვევებს მიეკუთვნება. ეტიოლოგიურ ფაქტორად მოიაზრება ასევე, მრავალი სხვა ინფექცია და კიბოს ზოგიერთი ფორმა.

კვანძები, როგორც წესი, პირველად წვივებზე ჩნდება, წითელი ელემენტები თანდათან იცვლის შეფერილობას და ხდება მოლურჯო-ყავისფერი. ახლავს ცხელება და სახსრების ტკივილი. გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით ზოგჯერ გაფართოებული ლიმფური კვანძები ვლინდება. დიაგნოზისთვის გამოიყენება ასევე სისხლის ტესტები და კანის ბიოფსია (ხდება კანის მცირე ნაწილის ქირურგიული გზით აღება და მისი მიკროსკოპის ქვეშ შესწავლა).

მკურნალობა

უნდა შეწყდეს კვანძოვანი ერითემის შესაძლო გამომწვევი მედიკამენტების მიღება, უნდა ვუმკურნალოთ ნებისმიერ ფონურ მდგომარეობას. თუ დაავადების მიზეზი არის სტრეპტოკოკული ინფექცია, შესაძლებელია საჭირო გახდეს ანტიბიოტიკოთერაპია პენიცილინით ან ცეფალოსპორინით.

მკურნალობის გარეშე კვანძები შესაძლოა 3-6 კვირაში თავისით გაქრეს. ტკივილის შესამსუბუქებლად რეკომენდებულია მოსვენება და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (აას) მედიკამენტების მიღება. ერთეული ელემენტების შემთხვევაში, ზოგჯერ მიმართავენ უშუალოდ კვანძში კორიკოსტეროიდის შეყვანას, მრავალი ელემენტის არსებობის დროს ტკივილის შესამსუბუქებლად კორტიკოსტეროიდების ან კალიუმის იოდიდის ტაბლეტიზებული ფორმები ინიშნება.