ვარდისფერი პიტირიაზი არის კანის მსუბუქად მიმდინარე დაავადება, რომელსაც ახასიათებს მრავალი პატარა ვარდისფერი ბალთის წარმოქმნა აქერცლილი ზედაპირით.
ვარდისფერი პიტირიაზის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ვირუსულ ინფექციასთან, თუმცა, დაავადება გადამდები არ არის. იგი გვხვდება ნებისმიერ ასაკში, უმეტესად კი გავრცელებულია ახალგაზრდებში. ვარდისფერი პიტირიაზი უფრო ხშირია ქალებში, ახასიათებს სეზონურობა – როგორც წესი, ჩნდება გაზაფხულსა და შემოდგომაზე.
ვარდისფერი პიტირიაზის დროს კანზე ვითარდება მოწითალო ღია ვარდისფერი, 1-დან 4 ინჩამდე (2-დან 10 სმ-მდე) დიამეტრის ბალთა, რომელსაც ჰერალდეს, იმავე დედისეულ ბალთას უწოდებენ. იგი არის მრგვალი ან ოვალური ფორმის და ხშირად ლოკალიზებულია სხეულის ზედა ნაწილზე, ზოგჯერ ვითარდება წინასწარი სიმპტომების გარეშე, თუმცა, ბალთების გამოჩენამდე რამდენიმე დღით ადრე პაციენტი უჩივის მადის დაქვეითებას, ცხელებასა და სახსრების ტკივილს. ერთი-ორი კვირის შემდეგ დედისეულ ბალთას მოჰყვება შედარებით მცირე ზომის მსგავსი ელემენტები. მეორადი ბალთები ხშირად განლაგებულია ტორსზე, უპირატესად – ხერხემლის გასწვრივ. გამონაყარს შესაძლოა სხვადასხვა ინტენსივობის ქავილი ახლდეს.
დიაგნოზი ხდება კლინიკური სურათის საფუძველზე. როგორც წესი, გამონაყარი 4-5 კვირაში მკურნალობის გარეშე, თავისით ქრება. თუმცა, ზოგჯერ 2 თვეზე მეტხანს გრძელდება. როგორც ხელოვნურმა, ასევე ბუნებრივმა მზის სხივებმა შესაძლოა დააჩქაროს გამოჯანმრთელება და ქავილი შეამსუბუქოს. საჭიროების დროს ინიშნება ქავილის საწინააღმდეგო სტანდარტული მკურნალობა. პერორალური კორტიკოსტეროიდების გამოყენება გამართლებულია მხოლოდ ძალიან ძლიერი ქავილის დროს.