როზაცეა (ვარდისფერი აკნე) არის კანის ქრონიკული დაავადება, რომელსაც ახასიათებს სიწითლე, მცირე ზომის პაპულები და გამოხატული სისხლძარღვები უპირატესად სახის ცენტრალურ ნაწილში.
როზაცეას განვითარების მიზეზი უცნობია. დაავადება, როგორც წესი, გვხვდება შუა ხნის ასაკში ან მას შემდეგ. სიმპტომების პირველად გამოვლენის ასაკი გვეხმარება, განვასხვავოთ იგი აკნესგან. როზაცეა ყველაზე გავრცელებულია კელტებსა და ჩრდილოეთ ევროპელებში. მიუხედავად იმისა, რომ ექიმისთვის როზაცეა მარტივად ამოსაცნობია, იგი ხშირად ჰგავს აკნეს და კანის სხვა დაავადებებს. მას ხშირად ზრდასრულთა აკნესაც უწოდებენ.
კანი ლოყებსა და ცხვირზე ხდება წითელი, ხშირად ვითარდება პატარა პაპულები, კანის ზედაპირიდან უშუალოდ კანქვეშ მოჩანს პატარა სისხლძარღვები, დროთა განმავლობაში ცხვირზე კანი შესაძლოა გასქელდეს, გახდეს რელიეფური (რინოფიმა).
ადამიანებმა როზაცეას დიაგნოზით თავი უნდა აარიდონ ისეთი საკვების გამოყენებას, რომლებიც იწვევენ კანის სისხლძარღვების გაფართოებას, მაგალითად, ცხარე საკვები, ალკოჰოლი, ყავა და კოფეინის შემცველი სხვა სასმელები. სხვა შესაძლო ფაქტორებს მიეკუთვნება: მზის გამოსხივება, ემოციური სტრესი, ცივი ან ცხელი ამინდი, ქარი, ვარჯიში, კოსმეტიკური საშუალებები, ცხელი აბაზანა ან ცხელი სასმელები.
გარკვეული ანტიბიოტიკების პერორალური მიღება ამსუბუქებს დაავადების სიმპტომებს, მათგან ყველაზე ეფექტიანია ტეტრაციკლინი, მინიმალური გვერდითი მოვლენებით. შედეგიანია ასევე ადგილობრივად მეტრონიდაზოლის, კლინდამიცინისა და ერითრომიცინის გამოყენება. იშვიათ შემთხვევებში ინიშნება სოკოს საწინააღმდეგო კრემები კეტოკონაზოლის ან ტერბინაფინის შემცველობით. როზაცეას სამკურნალოდ გამოიყენება ასევე ტოპიკური აზელაინის მჟავას გელი.
იზოტრეტინოინი ეფექტიანია როგორც პერორალური, ასევე ადგილობრივი გამოყენების შემთხვევაში. კორტიკოსტეროიდების აპლიკაცია კანზე, როგორც წესი, აუარესებს როზაცეას. ნაკლებად სავარაუდოა, მძიმე რინოფიმა მედიკამენტოზურ მკურნალობას დაექვემდებაროს, ასეთ შემთხვევაში საჭიროა ქირურგიული ჩარევა ან ლაზერული მკურნალობა.