აიროვანი განგრენა (კლოსტრიდიული მიონეკროზი) არის სიცოცხლისთვის სახიფათო, კუნთოვანი ქსოვილის ინფექცია, რომელიც ძირითადად გამოწვეულია ანაერობული ბაქტერია კლოსტრიდიუმ პერფრინგენსითა და კლოსტრიდიების რამდენიმე სხვა სახეობით.
აიროვანი განგრენა წარმოადგენს კუნთოვანი ქსოვილის სწრაფად გავრცელებად კლოსტრიდიულ ინფექციას, რომელიც თუ არ იქნა ნამკურნალები, სწრაფად იწვევს სიკვდილს. ბაქტერია წარმოქმნის აირს, რომელიც გროვდება დაინფიცირებულ ქსოვილში. ყოველ წელს აშშ-ში ფიქსირდება რამდენიმე ათასი შემთხვევა. აიროვანი განგრენა ჩვეულებრივ ვითარდება ტრავმის ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ. მაღალი რისკის მქონე ტრავმებს მიეკუთვნება ჭრილობები, რომლებიც
მაღალი რისკის შემცველ ოპერაციებს მიეკუთვნება ქირურგიული ჩარევები მსხვილ ნაწლავსა და ნაღვლის ბუშტზე.
აიროვანი განგრენა შესაძლოა განვითარდეს ტრავმისა და ოპერაციული ჩარევის გარეშეც ჩვეულებრივ ადამიანებში, რომელთაც აქვთ მსხვილი ნაწლავის სიმსივნე. ადამიანები ღია მოტეხილობებითა და სხეულის ნაწილები მოყინვებით მეტად მოწყვლადები არიან აიროვანი განგრენის მიმართ. აიროვანი განგრენა შეიძლება განვითარდეს, როდესაც კუნთში არალეგალური წამლების შეყვანის მიზნით გამოიყენება დაბინძურებული ნემსი.
აიროვანი განგრენა იწვევს ძლიერ ტკივილს დაინფიცირებულ ადგილას. თავდაპირველად, ადგილი შეშუპებული და ფერმკრთალია, მაგრამ თანდათანობით წითლდება, შემდეგ იღებს ბრინჯაოსფერს და საბოლოოდ ხდება მოშავო მწვანე ელფერის. ხშირად ყალიბდება დიდი ზომის ბებერები. ბებერაში შესაძლებელია აიროვანი ბუშტუკების დანახვა ან მათი შეგრძნება კანქვეშ, ჩვეულებრივ ინფექციის პროგრესირების შემდეგ. სითხეებს, რომლებიც გამოედინება ჭრილობიდან, აქვს აყროლებული (პუტრიდული) სუნი.
ადამიანები უცებ ოფლიანდებიან და ეწყებათ შფოთვა. ზოგჯერ ღებინებაც აღენიშნებათ. გულისცემისა და სუნთქვის სიხშირე მომატებულია. ზოგიერთ პაციენტს უყვითლდება კანი, რაც მიანიშნებს სიყვითლეზე. ამ ეფექტებს იწვევს ბაქტერიების მიერ გამოყოფილი ტოქსინები. ჩვეულებრივ, ადამიანები ფხიზლად რჩებიან დაავადების გვიან სტადიამდე, რომლისთვისაც დამახასიათებელია სახიფათოდ დაბალი წნევა (შოკი) და კომა. ამას მალევე მოჰყვება თირკმლის უკმარისობა და სიკვდილი.
მკურნალობის გარეშე სიკვდილი დგება 48 სთ-ში. მკურნალობის ფონზეც კი დაინფიცირებული კიდურის მქონე 8 ადამიანიდან 1 და დაინფიცირებული ტორსის ნაწილის მქონე 3 ადამინიდან დაახლოებით 2 იღუპება.
პირველადი დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებსა და ფიზიკური გამოკვლევის შედეგებს. იღებენ რენტგენს, რომ აღმოაჩინონ აირის ბუშტუკები კუნთოვან ქსოვილში, ან ატარებენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას (CT) ან მაგნიტურ-რეზონანსულ რადიოლოგიურ კვლევას (MRI), რომ დაადგინონ, ჩართულია თუ არა კუნთი ინფექციურ პროცესში. ეს მონაცემები აზუსტებენ დიაგნოზს, თუმცა აიროვანი ბუშტუკები შეიძლება გაჩნდნენ სხვა ანაერობული ინფექციების დროსაც.
იარიდან გამოყოფილ სითხეებს იკვლევენ მიკროსკოპის ქვეშ კლოსტრიდიების არსებობაზე და ხდება კულტივირება, რომ დადასტურდეს მათი არსებობა. თუმცა, კლოსტრიდიის მქონე ყველა ადამიანს არ აქვს აიროვანი განგრენა. დიაგნოზის დასაზუსტებლად შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკური ქირურგიული ჩარევა ან ქსოვილის ნიმუშის მოპოვება მიკროსკოპის ქვეშ გამოკვლევის მიზნით (ბიოფსია), რომ იპოვონ დამახასიათებელი ცვლილებები კუნთში.
აიროვანი განგრენის თავიდან ასაცილებლად ექიმები ატარებენ შემდეგ ღონისძიებებს:
არ არსებობს ვაქცინა, რომელიც თავიდან აგვაცილებს კლოსტრიდიულ ინფექციას.
თუ საეჭვოა აიროვანი განგრენა, საჭიროა მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყება. ადამიანებს ჩვეულებრივ ეძლევათ დიდი დოზებით ანტიბიოტიკები – უხშირესად პენიცილინი და კლინდამიცინი და ხდება მკვდარი და დაინფიცირებული ქსოვილების ქირურგიული გზით სრულად მოცილება. კიდურის აიროვანი განგრენის მქონე 5 ადამიანიდან ერთს ესაჭიროება კიდურის ამპუტაცია. ჟანგბადის მაღალი წნევის კამერაში (ჰიპერბარული კამერა) მკურნალობის ეფექტურობა არ არის დამტკიცებული და ასეთი კამერები ყოველთვის მარტივად ხელმისაწვდომი არ არის.