ბულოზური პემფიგოიდი არის ავტოიმუნური დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანზე ბუშტების ფორმირება.
ბულოზური პემფიგოიდი უპირატესად გვხვდება ასაკოვანთა შორის. პემფიგუსთან შედარებით ნაკლებად მძიმე დაავადებაა. გამოსავალი იშვიათად არის ფატალური, არ იწვევს კანის მასობრივ ჩამოფცქვნას. დაავადებამ შესაძლოა მოიცვას სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილი. პირველი სიმპტომი ხშირად ქავილია.
ბულოზური პემფიგოიდის დროს ხდება კანის უჯრედების საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავება, შედეგად ყალიბდება დიდი ზომის, დაჭიმული, წითელი ანთებადი უბნით შემოფარგლული ბუშტები. გამონაყარს თან ახლავს ქავილი. იშვიათად დაზიანება ვრცელდება პირის ღრუშიც (არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა). ბლისტერებს შორის კანი შეუცვლელი რჩება.
ექიმი ბულოზურ პემფიგოიდს მისთვის დამახასითებელი ბუშტუკების მეშვეობით ამოიცნობს, თუმცა, ყოველთვის არ არის მარტივი მისი ვულგარული პემფიგუსისგან და სხვა მსგავსი გამონაყარით მიმდინარე დაავადებებისგან (მაგალითად, როგორიც არის სუროთი მოწამვლა) გარჩევა. დიაგნოზის დასადასტურებლად ხდება კანის ნიმუშის მიკროსკოპული შესწავლა (კანის ბიოფსია). ვულგარული პემფიგუსისგან განსხვავდება პროცესის კანის შრეებზე გავრცელებით და სპეციფიკური ანტისხეულების წარმოქმნით.
ბულოზური პემფიგოიდის მსუბუქი ფორმები ზოგჯერ მკურნალობის გარეშე უკუგანვითარდება, თუმცა, გამოჯანმრთელების პროცესი, როგორც წესი, თვეობით ან წლობით გრძელდება, ამიტომ ირჩევენ მედიკამენტოზურ თერაპიას. შემთხვევათა უმრავლესობაში სწრაფი შედეგი კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზების გამოყენებით მიიღწევა, ეფექტის მიღების შემდეგ სტეროიდების დოზა თანდათანობით მცირდება. გარკვეულ შემთხვევებში კარგ შედეგს იძლევა ნიკოტინამიდისა და მონოციკლინის ან ტეტრაციკლინის კომბინაცია. დაავადების მძიმე ფორმების სამკურნალოდ ინიშნება აზათიოპრინი ან ციკლოფოსფამიდი. ინტრავენურად იმუნოგლობულინის გამოყენება არის დაავადების მართვის უსაფრთხო და ახალი მეთოდი განსაკუთრებით იმ პირთათვის, რომლებთანაც ტრადიციული მკურნალობა ეფექტს არ იძლევა. საჭიროა ასევე ლოკალურად კანის მოვლაც. პაციენტთა უმეტესობა ჰოსპიტალიზაციას არ მოითხოვს.