ცელულიტი არის კანისა და კანქვეშ მდებარე ქსოვილების გავრცელებული ბაქტერიული ინფექცია.
ცელულიტს მრავალი ბაქტერია იწვევს, მათ შორის ყველაზე ხშირად streptococcus-ის სხვადასხვა სახეობა. streptococci კანში სწრაფად ვრცელდება, რადგან იგი გამოიმუშავებს ფერმენტს, რომელიც ამცირებს ქსოვილის უნარს, შეაფერხოს ინფექციის სიღრმეში შეღწევა. ცელულიტის მიზეზი ასევე შესაძლოა იყოს Staphylococcus და სხვა არაერთი ბაქტერია, რაც განსაკუთრებით ხშირია ადამიანის ან ცხოველის კბენის ან დაზიანების შემდგომ ჭრილობის დაბინძურების დროს.
ბაქტერიები კანში, როგორც წესი, ეპიდერმისის მცირე ზომის დეფექტების (ნაკაწრი, ნაჩხვლეტი, დამწვრობა, კანის სხვა დაავადებები) გავლით აღწევენ. ცელულიტი ხშირია პაციენტებში დაქვეითებული სისხლის მიმოქცევით (ქრონიკული ვენური უკმარისობა). გარკვეულ შემთხვევებში იგი კანის ხილული დაზიანების გარეშე ვითარდება.
ცელულიტი ყველაზე ხშირად ვითარდება ქვედა კიდურებზე, თუმცა, შესაძლოა დააზიანოს სხეულის ნებისმიერი უბანი. დაავადების პირველი სიმპტომებია კანის სიწითლე, მტკივნეულობა და დაჭიმულობა, რისი მიზეზიც არის როგორც უშუალოდ ბაქტერიები, ასევე ადამიანის იმუნური სისტემის ინფექციის საწინააღმდეგოდ მიმართული რეაქცია. შედეგად კანი ცხელდება და შეშუპებულია, მასზე ჩნდება მცირე ჩაღრმავებები – "ფორთოხლის კანი". ზოგჯერ ვითარდება სხვადასხვა ზომის სითხით სავსე ბუშტუკები. დაზიანებას არა აქვს მკვეთრი საზღვრები, ამ მხრივ გამონაკლისია ცელულიტის ფორმა, რომელსაც წითელი ქარი ეწოდება.
ადამიანთა უმეტესობა ცელულიტის დროს მხოლოდ შეუძლოდ ყოფნას გრძნობს, თუმცა, ზოგიერთს შესაძლოა განუვითარდეს ცხელება, შემცივნება, გულისცემის გახშირება, თავის ტკივილი, წნევის დაქვეითება, ცნობიერების დაბინდვა.
ინფექციური პროცესის გავრცელების შედეგად ახლომდებარე ლიმფური კვანძები ზომაში მატულობს და ხდება დაჭიმული (ლიმფადენიტი), ანთება ზოგჯერ ლიმფურ ძარღვებსაც მოიცავს (ლიმფანგიტი). ბაქტერიების სისხლში შეღწევის დროს (ბაქტერიემია) მდგომარეობა ბევრად რთულია.
ცელულიტის განმეორებითი შემთხვევები სხეულის ერთსა და იმავე უბანზე (განსაკუთრებით ქვედა კიდურზე) იწვევს ლიმფური ძარღვების დაზიანებას, შედეგად ქსოვილების მუდმივი შეშუპება ვითარდება.
ცელულიტის დიაგნოზი დამახასიათებელი დაზიანებისა და სიმპტომების საფუძველზე ხდება. სისხლის, ჩირქის ან ქსოვილებიდან აღებული მასალის კვლევა ბაქტერიის იდენტიფიცირების მიზნით, როგორც წესი, საჭირო არ არის, თუმცა, ამ მხრივ გამონაკლისია დაავადების მძიმე მიმდინარეობა და მკურნალობაზე არაადეკვატური პასუხი. ზოგჯერ, ცელულიტის ქვემო კიდურის ღრმა ვენების თრომბოზისგან (ღრმა ვენების თრომბოზი,) განსასხვავებლად, სადიფერენციაციო ტესტების ჩატარებაა საჭირო, რადგან ამ ორი დაავადების სიმპტომები ერთი და იგივეა.
დროული ანტიბიოტიკოთერაპიით შესაძლოა თავიდან იქნეს აცილებული ინფექციის სწრაფი გავრცელება სისხლსა და შინაგან ორგანოებში. გამოიყენება როგორც streptococci-ზე, ასევე Staphylococcus-ზე მოქმედი ანტიბიოტიკები (როგორებიცაა დიკლოქსაცინი ან ცეფალექსინი). პაციენტებში ცელულიტის მსუბუქი ფორმის დროს მათი მიღება შესაძლებელია პერორალურად. სწრაფად გავრცელებადი, მაღალი ცხელებით მიმდინარე მდგომარეობა მოითხოვს ინტრავენურ ანტიბიოტიკოთერაპიას (ოქსაცილინი ან ნაფცილინი). ასევე, სხეულის დაზიანებული უბანი, როდესაც ეს შესაძლებელია, შეშუპების შემცირების მიზნით უნდა იყოს იმობილიზებული და შემაღლებულად მდებარე. დისკომფორტის შესამსუბუქებლად შესაძლოა ეფექტური იყოს ადგილობრივად გრილი, სველი კომპრესების გამოყენება.
როგორც წესი, ანტიბიოტიკოთერაპიიდან რამდენიმე დღეში ცელულიტის სიმპტომები განიცდის უკუგანვითარებას. თუმცა, ხშირად გამოჯანმრთელებას წინ უსწრებს (მკურნალობის დასაწყისში) მდგომარეობის გაუარესება, რისი სავარაუდო მიზეზიც ბაქტერიების დაღუპვის შედეგად გამოთავისუფლებული ნივთიერებების ქსოვილებზე დამაზიანებელი ზემოქმედებაა. სიმპტომების ადრეული გაქრობის მიუხედავად ანტიბიოტიკოთერაპია გრძელდება 10 დღე ან უფრო ხანგრძლივად.