ჰიდრადენიტი არის აპოკრინული საოფლე ჯირკვლების ანთება, რის შედეგადაც ვითარდება ჩირქის კუმულაცია კანქვეშ თანმხლები ტკივილით.
ჩირქოვანი ჰიდრადენიტი ვითარდება პუბერტული ასაკის შემდგომ აპოკრინული საოფლე ჯირკვლების (სპეციალიზებული საოფლე ჯირკვლები, ლოკალიზებული იღლიაში, გენიტალიების არეში, ანუსის ირგვლივ, ძუძუს ქვეშ) სადინრების ქრონიკული ბლოკირების შედეგად. ბლოკირების მიზეზი უცნობია, იგი არ არის დაკავშირებული დეოდორანტების, ფხვნილების გამოყენებასთან ან იღლიის პარსვასთან. დაზიანებული ჯირკვალი ზომაში მატულობს, ხდება მისი რღვევა და დაინფიცირება სხვადასხვა ბაქტერიით. ჩამოყალიბებული აბსცესები (ჩირქით სავსე ჯიბეები) არის მტკივნეული, უსიამოვნო სუნის, ახასიათებს განმეორებითი მიმდინარეობა. რამდენიმე რეციდივის შემდეგ კანი სქელდება და ნაწიბუროვანი ხდება.
ჩირქოვანი ჰიდრადენიტი კანის ჩვეულებრივ აბსცესს ჰგავს. დიფერენცირებას ახდენენ პროცესის ლოკალიზაციისა და მორეციდივე მიმდინარეობის საფუძველზე.
მსუბუქ შემთხვევებში, პერორალურ ანტიბიოტიკოთერაპიასთან ერთად (ტეტრაციკლინი ან ერითრომიცინი), ადგილობრივად ინიშნება კორტიკოსტეროიდების ინექციები. ეფექტიანია ასევე ტოპიკურად კლინდამიცინის აპლიკაციაც. გარკვეულ პაციენტებში საჭირო ხდება აბსცესის გაკვეთა ჩირქის დრენირების მიზნით. მძიმე შემთხვევებში გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტი, იზოტრეტინოინი (პერორალურად). მიმართავენ ასევე ლაზეროთერაპიასაც. იშვიათად შესაძლოა აუცილებელი გახდეს დაზიანებული უბნის ამოკვეთა, შემდგომი კანის გადანერგვით.