ლიმფადენიტი არის ერთი ან რამდენიმე ლიმფური კვანძის ანთება, რომელსაც, როგორც წესი, თან ახლავს შეშუპება და დაჭიმულობა.
ლიმფადენიტი თითქმის ყოველთვის არის ბაქტერიული, ვირუსული, პროტოზოული, სოკოვანი ან რიკეტციული ინფექციის შედეგი. როგორც წესი, ლიმფურ კვანძამდე ინფექცია ვრცელდება კანიდან, ყურიდან, ცხვირიდან ან თვალიდან, იგი ასევე გვხვდება ისეთი დაავადებების დროს, როგორიც არის ინფექციური მონონუკლეოზი, ციტომეგალოვირუსული ინფექცია, სტრეპტოკოკული ინფექცია, ტუბერკულოზი ან სიფილისი. ანთებით პროცესში შესაძლებელია ჩართული იყოს მრავალი ლიმფური კვანძი ან მხოლოდ გარკვეულ უბანზე მდებარე კვანძები.
ინფიცირებულილიმფური კვანძი ზომაში მატულობს, როგორც წესი, ხდება დაჭიმული და მტკივნეული, ზოგჯერ მის ზემოთ კანი ჰიპერემიულია, შეხებით – თბილი. დაავადებულს შესაძლოა ცხელება ჰქონდეს. ზოგჯერ ხდება კვანძის აბსცედირება. გადიდებული ლიმფური კვანძი, რომელსაც არ ახლავს ტკივილი, დაჭიმულობა ან სიწითლე, შესაძლოა მიგვითითებდეს სხვა სერიოზულ დაავადებებზე, მაგალითად, ისეთებზე, როგორიც არის – ლიმფომა, ტუბერკულოზი ან ჰოჯკინის ლიმფომა, ამიტომ მსგავსი წარმონაქმნი უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ.
როგორც წესი, ლიმფადენიტის დიაგნოზი სიმპტომების საფუძველზე ხდება. მისი მიზეზი ხშირად მიმდებარე შესამჩნევი ინფექციაა. ისეთ შემთხვევებში, როდესაც მარტივად ვერ ხერხდება გამომწვევი მიზეზის იდენტიფიკაცია, მიმართავენ წარმონაქმის ბიოფსიას (ნიმუშის აღება და მიკროსკოპული შესწავლა) და კულტურალურ (მასალა იგზავნება ლაბორატორიაში, სადაც ათავსებენ სპეციალურ საკვებ ნიადაგზე, რომელიც უზრუნველყოფს მიკროორგანიზმების ზრდას) კვლევას დიაგნოზის დადასტურებისა და ინფექციის გამომწვევი ორგანიზმის გამოვლენის მიზნით.
მკურნალობა დამოკიდებულია ინფექციის გამომწვევ მიზეზზე. ბაქტერიული ეტიოლოგიის ლიმფადენიტის დროს ინტრავენურად ან პერორალურად ანტიბიოტიკები ინიშნება. ტკივილის შესამცირებლად შესაძლოა ეფექტური იყოს თბილი კომპრესების გამოყენება. როგორც წესი, ინფექციური პროცესისგან განკურნებასთან ერთად ლიმფური კვანძები ნელ-ნელა ზომაში მცირდება, ქრება ტკივილიც. ზოგჯერ გადიდებული ლიმფური კვანძი მყარი რჩება, თუმცა, არ ახლავს დაჭიმულობა. აბსცედირების შემთხვევაში საჭიროა დრენირება.