ლიმფანგიტი არის ერთი ან მეტი ლიმფური ძარღვის ანთება, რომელიც, როგორც წესი, განპირობებულია სტრეპტოკოკული ინფექციით.
სტრეპტოკოკები ლიმფურ ძარღვებში (ადამიანის იმუნური სისტემის ნაწილი), როგორც წესი, ზედა ან ქვედა კიდურზე არსებული ნაკაწრებიდან ან ჭრილობებიდან აღწევს. ხშირად კანის ან კანქვეშა ქსოვილის სტრეპტოკოკული ინფექციები (ცელულიტი) ლიმფურ ძარღვებზეც ვრცელდება. ზოგჯერ ლიმფანგიტის მიზეზი სტაფილოკოკები ან სხვა ბაქტერიებია.
დაზიანებული კიდურის კანზე ვითარდება წითელი, არასწორი კიდეების მქონე დაჭიმული, შეხებით თბილი ხაზოვანი დაზიანება. ზოლები ინფიცირების ადგილიდან მიემართება ლიმფური კვანძებისკენ (როგორც წესი, საზარდულის ან იღლიის მიმართულებით), შედეგად ანთებადი ხდება ლიმფური კვანძებიც.
ზოგად სიმპტომებს მიეკუთვნება ცხელება, შემცივნება, გულისცემის გახშირება და თავის ტკივილი, აღნიშნული სიმპტომები ზოგჯერ წითელი ზოლების ფორმირებამდე ვლინდება. ლიმფური სისტემიდან ინფექციური პროცესის სისხლის მიმოქცევის სისტემაში გავრცელებამ შესაძლოა გამოიწვიოს მთელი სხეულის ძალიან სწრაფი დაინფიცირება. ლიმფური ძარღვის ზემოთ კანი და ქსოვილები ხდება ანთებადი, იშვიათად კანზე წყლულები ვითარდება. გარკვეულ შემთხვევებში ბაქტერიები სისხლშიც აღწევენ (ბაქტერიემია).
ლიმფანგიტის დიაგნოზი მისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათის საფუძველზე ხდება. სისხლის საერთო ანალიზით ვლინდება ლეიკოციტების რიცხვის ზრდა. რთულია გამომწვევი მიკრობის იდენტიფიკაცია დაზიანებული უბნიდან აღებული ჩირქის ან ბაქტერიემიის შემთხვევაში სისხლის შესწავლის გარეშე.
დაავადებულთა უმრავლესობა სწრაფად გამოჯანმრთელდება სტაფილოკოკებსა და სტრეპტოკოკებზე მოქმედი ანტიბიოტიკების (როგორიც არის: დოქსიციკლინი, ნაფცილინი ან ოქსაცილინი) მიღების შემდეგ.