კანდიდოზი (მონილიაზი) არის კანდიდას გვარის საფუარისმაგვარი სოკოებით გამოწვეული ინფექცია.
საფუარის სოკოები ჩვეულებრივ ბინადრობენ პირის ღრუში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და საშოში, მაგრამ ორგანიზმს არ აზიანებენ. გარკვეულ პირობებში ხდება მათი ჭარბი ზრდა ლორწოვან გარსებსა და კანის ტენიან უბნებზე. კანდიდოზის ტიპური ლოკალიზაციაა: პირის ღრუს ლორწოვანი, საზარდული, იღლია, ქალებში – კანი სარძევე ჯირკვლების ქვემოთ და კანის ნაკეცები (ნაოჭები).
დაავადების ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება:
ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე შესაძლებელია კანდიდოზის განვითარება, რადგან ანტიბიოტიკი ანადგურებს ადამიანის ნორმალური ფლორის შემადგენელ ბაქტერიებსაც, შედეგად კანდიდა აქტიურ ზრდას იწყებს. სოკოვანი ინფექციების მიმართ ორგანიზმის მდგრადობას ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდგომ კორტიკოსტეროიდებისა და იმუნოსუპრესანტების გამოყენებაც ამცირებს. ასთმით დაავადებულებში საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების ფონზე ზოგჯერ პირის ღრუს კანდიდოზი ვითარდება. კანდიდათი დაინფიცირების რისკი ასევე მაღალია ორსულებში, პაციენტებში – ქიმიოპრეპარატებით მკურნალობისას, სიმსუქნის შემთხვევაში და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში.
ზოგიერთ პაციენტში (როგორც წესი, დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში) კანდიდა აღწევს სხეულის ღრმა ქსოვილებში, მათ შორის სისხლშიც, რის შედეგადაც სიცოცხლისთვის სახიფათო სისტემური კანდიდოზი ვითარდება.
ინფექციის ლოკალიზაციის მიხედვით დაავადების სიმპტომები განსხვავებულია.
ნაოჭების ინფექცია (ინტერტრიგინოზული ინფექცია). ნაოჭებში ან ჭიპის არეში ვითარდება ღია წითელი ფერის გამონაყარი, ზოგჯერ კანის დარბილებითა და აქერცვლით. პატარა პუსტულები უპირატესად დაზიანების კიდეებზეა განლაგებული. შესაძლოა ახლდეს ძლიერი ქავილი და წვა. კანდიდოზური გამონაყარი უკანა ტანის არეში არის მტკივნეული, თეთრი ან წითელი ფერის, ახლავს ქავილი. ბავშვებში დაავადებამ შესაძლოა დააზიანოს საფენებთან (პამპერსთან) შეხების უბნები.
ვაგინური კანდიდოზი (ვულვოვგინიტი – საფუარის ინფექცია). რისკ ჯგუფებს მიეკუთვნებიან ორსულები, დიაბეტით დაავადებულები ან ანტიბიოტიკოთერაპიაზე მყოფი ქალები. დაავადების სიმპტომებია – თეთრი ან მოყვითალო გამონადენი საშოდან, წვა, ქავილი და სიწითლე მიმდებარე უბნებზე.
სასქესო ასოს კანდიდოზი. რისკ ჯგუფებს მიეკუთვნებიან მამაკაცები შაქრიანი დიაბეტით, წინადაუცვეთავები ან მამაკაცები, რომელთა სქესობრივ პარტნიორსაც ვაგინური კანდიდოზი აქვს. ზოგჯერ გამონაყარი უსიმპტომოა, ზოგჯერ კი ანთებით პროცესს თან სდევს სიწითლე, წვა და ქავილი. გარკვეულ შემთხვევებში მტკივნეული გამონაყარი ვითარდება სასქესო ასოს თავსა და სკროტუმზე.
პირის ღრუს კანდიდოზი(რძიანა) ვითარდება კრემისმაგვარი, თეთრი ფერის ლაქები ენასა და პირის ღრუს კედლებზე, შესაძლოა ახლდეს ტკივილი. ლაქების მოშორება არ ხდება მარტივად თითით ან ბლაგვი საგნის მეშვეობით. სხვა მხრივ ჯანმრთელ ბავშვებში მისი არსებობა უჩვეულო არ არის, მაგრამ მოზრდილებში იგი შესაძლოა იყოს კიბოთი, შაქრიანი დიაბეტით ან აივ ინფექციით გამოწვეული იმუნური სისტემის დასუსტების ნიშანი. ანტიბიოტიკების გამოყენება ანადგურებს ორგანიზმის ნორმალურ ფლორას და ზრდის რძიანას განვითარების ალბათობას.
პირის კუთხის კანდიდოზი. ახასიათებს პატარა ნაპრალების განვითარება პირის კუთხეებში. მიზეზი შესაძლოა იყოს ტუჩების ქრონიკული ლოკვა, თითის წოვა, ცუდად მორგებული კბილის პროთეზი ან სხვა მდგომარეობები, რომელთაც პირის კუთხეების სისველე ახლავს.
კანდიდოზური პარონიქია არის ფრჩხილის საწოლის დაავადება, ახლავს ტკივილი, სიწითლე და შეშუპება. როგორც წესი, გვხვდება დიაბეტით დაავადებულთა შორის, სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებში ან სხვა მხრივ ჯანმრთელ ადამიანებში, რომელთაც ხელები ხშირად უსველდებათ.
როგორც წესი, ექიმს კანდიდოზის აღმოჩენა მისთვის დამახასიათებელი გამონაყარის ან სქელი, თეთრი ნადების თვალით შეფასებით შეუძლია. დიაგნოზის დასადასტურებლად კანის ანაფხეკს, ან სკალპელით, ან ენის დეპრესორით ნადებიდან აღებულ მასალას მიკროსკოპით იკვლევენ. ზოგჯერ მასალას ათავსებენ საკვებ ნიადაგზე (ნივთიერება, რომელიც მიკროორგანიზმების ზრდას უზრუნველყოფს), რათა დაავადების გამომწვევი სოკოს იდენტიფიცირება მოხდეს.
ზოგადად, კანის კანდიდოზი მარტივად იკურნება მიკონაზოლის, კლოტრიმაზოლის, ოქსიკონაზოლის, კეტოკონაზოლის, ეკონაზოლის, ციკლოპიროქსანის ან ნისტატინის შემცველი კრემებით. მათი გამოყენება ხდება 2-ჯერ დღეში, 7-10 დღის განმავლობაში. ზოგჯერ ინიშნება კომბინაციაში კორტიკოსტეროიდების შემცველ კრემებთან ტკივილისა და ქავილის სწრაფად შემცირების მიზნით (მიუხედავად იმისა, რომ კორტიკოსტეროიდები უშუალოდ გამომწვევზე არ მოქმედებენ, მონოთერაპიის დროს აუარესებენ დაავადების მიმდინარეობას). მკურნალობაზე შესაბამისი პასუხის არარსებობისას, დაზიანებულ უბნებს გენციან ვიოლეტით ამუშავებენ.
კანის სიმშრალის შენარჩუნება ინფექციის სწრაფად ალაგებას და ხელახლა განვითარებისგან დაცვას უზრუნველყოფს. ამ მიზნით ტალკის გამოყენება ნისტატინთან ერთად კიდევ უფრო ეფექტიანია.
განსხვავებული მკურნალობა ტარდება ვაგინური კანდიდოზის, რძიანასა და ფრჩხილი სიკოზების დროს.