ეშერიხია კოლით გამოწვეული ინფექციები | მკურნალი.გე
  1. ეშერიხია კოლით გამოწვეული ინფექციები
  2. ბაქტერიული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
ეშერიხია კოლით გამოწვეული ინფექციები

ეშერიხია კოლი (E.coli) მიეკუთვნება გრამ-უარყოფითი ბაქტერიების ჯგუფს, რომლებიც ჩვეულებრივ სახლობენ ჯანმრთელი ადამიანების ნაწლავებში, მაგრამ ზოგიერთი შტამი იწვევს ინფექციას.

  • ადამიანებს უვითარდებათ ეშერიხია კოლით გამოწვეული ნაწლავური ინფექცია, როდესაც ისინი იკვებებიან ბაქტერიით დაბინძურბული საკვებით, ეხებიან დაინფიცირებულ ცხოველებს ან ყლაპავენ ბაქტერიით დაბინძურებულ აუზის წყალს;

  • ნაწლავურმა ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიონ ფაღარათი, ზოგჯერ – მწვავე ან სისხლიანი, და მუცლის ტკივილი;

  • ანტიბიოტიკები ეფექტურად კურნავენ ეშერიხია კოლით გამოწვეულ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გარეთ მდებარე ინფექციებს, მაგრამ ისინი არ გამოიყენება ამ ბაქტერიების ერთი შტამით გამოწვეული ნაწლავური ინფექციების სამკურნალოდ.

ეშერიხია კოლის ზოგიერთი შტამი ჩვეულებრივ სახლობს ჯანმრთელი ადამიანების საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. თუმცა, ზოგიერთი შტამი იწვევს ინფექციას საჭმლის მომნელებელ ტრაქტსა და სხეულის სხვა ნაწილებში, ყველაზე ხშირად კი – საშარდე სისტემაში. ეშერიხია კოლი არის შარდის ბუშტის ინფექციის ყველაზე ხშირი მიზეზი ქალებში. ამ ბაქტერიებს აგრეთვე შეუძლიათ გამოიწვიონ ინფექციები პროსტატაში (პროსტატიტი), ნაღვლის ბუშტში, ინფექციები, რომლებიც ვითარდებიან აპენდიციტისა და დივერტიცულიტის შემდეგ, ჭრილობის ინფექციები (მათ შორის ქირურგიული ჩარევის დროს გაკეთებული განაკვეთები), ნაწოლების ინფექციები, ტერფის ინფექციები იმ ადამიანებში, რომელთაც აქვთ დიაბეტი, ფილტვების ანთება, ახალშობილთა მენინგიტი და სისხლის მიმოქცევის ინფექციები. ეშერიხია კოლით გამოწვეული ინფექციები, რომლებიც გვხდებიან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გარეთ, ვითარდება დასუსტებულ ადამიანებში, რომლებიც რჩებიან საავადმყოფოებში ან იღებდნენ ანტიბიოტიკებს.

ერთი შტამი წარმოქმნის ტოქსინს, რომელიც იწვევს ხანმოკლე წყლიან ფაღარათს. ეს დაავადება (მას ეწოდება მოგზაურის ფაღარათი) ჩვეულებრივ გვხვდება მოგზაურებში, რომლებიც იღებენ ბაქტერიით დაბინძურებულ საკვებს ან წყალს იმ ადგილებში, სადაც არ ხდება წყლის ადეკვატური გაწმენდა.

სხვა შტამი (E.coli O157:H7) წარმოქმნის ტოქსინს, რომელიც აზიანებს მსხვილ ნაწლავს და იწვევს მის ანთებას (კოლიტი). ამ შტამით დაინფიცირების მიზეზებია:

  • ბაქტერიით დაბინძურებული, ფარშირებული, უმი ძროხის ხორცის ჭამა (ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი)

  • კონტაქტურ ზოოპარკში წასვლა და იმ ცხოველების მოფერება, რომლებიც თავიანთ საჭმლის მომნელებელ სისტემაში ბაქტერიას ატარებენ

  • კვება (მაგ. ბუფეტებში) მზა საკვებით, რომელიც გარეცხეს ბაქტერიით დაბინძურებული წყლით ან დაბინძურებული იყო საქონლის განავლით

  • საცურაო აუზებში ან სანიჩბოსნო აუზებში დიდი რაოდენობით ქლორიანი წყლის გადაყლაპვა, რომელიც დაბინძურებულია დაინფიცირებული ადამიანების განავლით

არაადეკვატურმა ჰიგიენამ, რომელიც ხშირია მცირე ასაკის პამპერსიან ბავშვებში, შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიის მარტივი გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე.

სიმპტომები

სიმპტომები დამოკიდებულია სხეულის დაინფიცირებულ ადგილზე და ეშერიხია კოლის შტამებზე, რომლებიც იწვევენ ინფექციას.

E.coli O157:H7-ით გამოწვეული ინფექციების დროს ფაღარათი იწყება ორგანიზმზე ბაქტერიის მოქმედებიდან 3 დღეში. ფაღარათი ხდება სისხლიანი 1-3 დღის შემდეგ (ამ დაავადებას ზოგჯერ ჰემორაგიულ კოლიტს უწოდებენ). ჩვეულებრივ, პაციენტები უჩივიან მუცლის მწვავე ტკივილს და ფაღარათს დღეში რამდენჯერმე. მათ ხშირად აქვთ დეფეკაციის სურვილი, მაგრამ შეიძლება ვერ მოახერხონ დეფეკაცია. ადამიანების უმეტესობას არ აქვს ცხელება. იმის გამო, რომ ეს ინფექცია ვრცელდება ძალიან სწრაფად, აუცილებელია ადამიანების იზოლაცია და საავადმყოფოში მოთავსება.

დიარეა აღმოიფხვრება თავისით ადამიანების 85%-ში. თუმცა, ბავშვების დაახლოებით 15%-ში და ზოგიერთ ასაკოვან ხალხში, ნადგურდება სისხლის წითელი უჯრედები და სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 1 კვირაში ვითარდება თირკმლის უკმარისობა. ეს გართულება, რომელსაც ეწოდება ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, წარმოადგენს თირკმლის ქრონიკული დაავადების ხშირ მიზეზს ბავშვებში.

დიაგნოზი

იღებენ სისხლის, განავლის, ზოგჯერ შარდის ან სხვა დაინფიცირებული მასალის ნიმუშებს და გზავნიან მათ ლაბორატორიაში ბაქტერიების გაზრდის (კულტივირების) მიზნით. ნიმუშში ბაქტერიების აღმოჩენა ადასტურებს დიაგნოზს. თუ მოხდა ბაქტერიების აღმოჩენა, შესაძლოა ჩაატარონ მათი გამოკვლევა, რომ განსაზღვრონ, რომელი ანტიბიოტიკები იქნება ეფექტური მათ საწინააღმდეგოდ (ამ გამოკვლევას ეწოდება მგრძნობელობაზე გამოკვლევა).

E.coli O157:H7-ს აღმოჩენისას საჭიროა სისხლის ანალიზების ხშირი ჩატარება ჰემოლიზურ-ანემიური სინდრომის არსებობის შემოწმების მიზნით.

მკურნალობა

მოგზაურის ფაღარათის დროს ინიშნება ლოპერამიდი, რომელიც ანელებს საკვების გადაადგილებას ნაწლავში, რაც გვეხმარება ფაღარათის კონტროლირებაში. სიმპტომების დროულად გაქრობის მიზნით შესაძლებელია ანტიბიოტიკების (როგორებიცაა მაგ. აზითრომიცინი, ციპროფლოქსაცინი ან რიფამიქსინი) მიცემაც.

ბევრ ადამიანს, რომელსაც აქვს E.coli O157:H7-ით გამოწვეული ფაღარათი, ინტრავენურად უნდა მიეცეს მარილების შემცველი სითხეები. ამ ინფექციის მკურნალობა ლოპერამიდით ან ანტიბიოტიკებით არ ხდება. ანტიბიოტიკების მიღებამ შესაძლოა გააუარესოს ფაღარათი და გაზარდოს ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის განვითარების რისკი. თუ განვითარდა ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, საჭიროა პაციენტის გადაყვანა ინტენსიური მოვლის განყოფილებაში და მას შესაძლოა დასჭირდეს ჰემოდიალიზი.

ეშერიხია კოლით გამოწვეულ ბევრ სხვა ინფექციას, ჩვეულებრივ – შარდის ბუშტის ან საშარდე ტრაქტის ინფექციებს, მკურნალობენ ანტიბიოტიკებით, როგორიცაა მაგ. ტრიმეტოპრიმ-სულფომეთოქსაზოლი ან ფტორქინოლონი. თუმცა, ბევრი ბაქტერია, კერძოდ კი ისინი, რომლებიც შეძენილია სამედიცინო დაწესებულებაში, რეზისტენტულია ამ ანტიბიოტიკების მიმართ. უფრო სერიოზული ინფექციების საწინააღმეგოდ გამოიყენებენ ანტიბიოტიკებს, რომლებიც ეფექტურია ბევრი გასხვავებული ბაქტერიის საწინააღმდეგოდ (ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები), შესაძლებელია რამდენიმე ანტიბიოტიკის ერთდროული გამოყენება, სანამ ექიმები მიიღებენ ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის გამოკვლევების პასუხს, რომელიც მიუთითებს, თუ რომელი ანტიბიოტიკების დანიშვნა იქნება ეფექტური.