ნაირფერი ტინეა (ნაირფერი პიტირიაზი) | მკურნალი.გე
  1. ნაირფერი ტინეა (ნაირფერი პიტირიაზი)
  2. კანის სოკოვანი ინფექციები
  3. კანის დაავადებები
ნაირფერი ტინეა (ნაირფერი პიტირიაზი)

ნაირფერი ტინეა (ნაირფერი პიტირიაზი) არის კანის ზედაპირული შრის სოკოვანი ინფექცია, რომელსაც ახასიათებს აქერცვლა და ფერშეცვლილი ლაქების ფორმირება.

ინფექცია განპირობებულია სოკო Malassezia furfur-ით და საკმაოდ გავრცელებულია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

იშვიათად ახლავს ტკივილი ან ქავილი. ირგვლივ მდებარე კანთან შედარებით ფერშეცვლილი ლაქების ფორმირება ახასიათებს. ბუნებრივად მუქი ფერის ადამიანებში შესამჩნევია ღია ლაქები, თეთრკანიანებში კი ლაქები შესაძლოა იყოს მუქი ან შედარებით ნათელი. ელემენტების უპირატესი ლოკალიზაციაა: გულმკერდი და ზურგი, ზოგჯერ გამოხატულია მსუბუქი აქერცვლა. დროთა განმავლობაში, დაავადებულთა ნაწილში მცირე ზომის უბნების გაერთიანების შედეგად დიდი ლაქები ყალიბდება.

დიაგნოზი

დაავადების დიაგნოსტიკა შესაძლებელია კლინიკური სურათის მიხედვით. ზოგჯერ გამოიყენება ულტრაიისფერი სხივები, რათა დაზიანება უფრო ნათლად შესამჩნევი გახდეს. დიაგნოზის დადასტურების მიზნით ასევე ინფიცირებული კანის ანაფხეკის მიკროსკოპულ კვლევას მიმართავენ.

მკურნალობა

დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება ადგილობრივად კეტოკონაზოლის შემცველი კრემები ან ტერბინაფინის სპრეი. ეფექტურია სელენის სულფიდის შამპუნი, რომელიც დაზიანებულ უბნებზე (მათ შორის თავის თმიან ნაწილზე) დაიტანება ძილის წინ და მთელი ღამის განმავლობაში რჩება. დილით ხდება ჩამობანა. მკურნალობა, როგორც წესი, გრძელდება 3-4 ღამის განმავლობაში. მისი ალტერნატივაა კანზე შამპუნის აპლიკაცია დღეში 10 წუთით, 10 დღის განმავლობაში. შედეგიანია ასევე კეტოკონაზოლის შამპუნიც, იგი კანიდან აპლიკაციიდან 5 წუთში ჩამოიბანება, გამოიყენება დღეში ერთჯერადად, 3 დღის განმავლობაში.

გავრცელებული, რეზისტენტული ინფექციის შემთხვევაში ინიშნება სოკოს საწინააღმდეგო პერორალური მედიკამენტები, ისეთები, როგორიც არის: იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი ან ფლუკონაზოლი, თუმცა, მათი შესაძლო არასასურველი გვერდითი ეფექტების გამო უმჯობესია ადგილობრივი საშუალებების გამოყენება.

წარმატებული მკურნალობის მიუხედავად, დაზიანების ადგილას კანის ფერი შესაძლოა რამდენიმე თვის განმავლობაში შეცვლილი დარჩეს. ხშირია დაავადების ხელახალი შემთხვევებიც, რადგან გამომწვევი Malassezia furfur-იჩვეულებრივ, ადამიანის კანზე ბინადრობს. რეციდივების თავიდან ასაცილებლად ექიმები რეკომენდაციას უწევენ სელენის სულფიდის 2,5%-იანი შამპუნის ან კეტოკონაზოლის შამპუნის თვეში ან ორ თვეში ერთხელ გამოყენებას. ამავე მიზნით რეკომენდებულია თუთიის პირითიონის საპნის რეგულარული მოხმარება.