კაპოშის სარკომა | მკურნალი.გე
  1. კაპოშის სარკომა
  2. კანის კიბო
  3. კანის დაავადებები
კაპოშის სარკომა

კაპოშის სარკომა არის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელსაც ახასიათებს კანზე მრავლობითი, ბრტყელი ვარდისფერი, ყავისფერი ან იისფერი ლაქებისა და კვანძების ფორმირება. მისი გამომწვევია ჰერპესვირუსი, ტიპი 8.

  • თავდაპირველად ქვემო კიდურებზე ერთი ან რამდენიმე ლაქა ჩნდება, ლაქები შესაძლოა ლოკალიზებული იყოს სხეულის ნებისმიერ უბანზე, საიდანაც ხდება მათი გავრცელება, მათ შორის შინაგან ორგანოებშიც.

  • ხშირად დიაგნოზისთვის საკმარისია დაზიანების თვალით შეფასება, მიუხედავად ამისა, ტარდება კანის ბიოფსია.

  • მკურნალობა გულისხმობს ლაქების მოცილებას ან სხივურ თერაპიას, დაავადების აგრესიული ფორმის დროს კი – ქიმიოთერაპიას ან ინტერფერონ ალფას გამოყენებას.

კაპოშის სარკომა გვხვდება ადამიანთა რამდენიმე გამოკვეთილ ჯგუფში და თითოეულ მათგანში განსხვავებულად მიმდინარეობს. ესენია:

  • ხმელთაშუაზღვის ზონაში მცხოვრები ან ებრაული წარმოშობის ასაკოვანი მამაკაცები

  • აფრიკის გარკვეულ ნაწილში მცხოვრები ბავშვები და მოზარდები

  • ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ იმუნოსუპრესირებული პირები

  • აივ ინფიცირებულები (ამერიკაში მიზეზთა შორის წამყვანია)

სიმპტომები

კაპოშის სარკომა მოხუც მამაკაცებში ვლინდება ქვედა კიდურების კანზე იისფერი ან ყავისფერი ლაქით. წარმონაქმნი შესაძლოა გაიზარდოს და მიაღწიოს რამდენიმე ინჩს, გახდეს უფრო მუქი. ზედაპირი ბრტყელია ან კანიდან წამოწეული, მიდრეკილია სისხლდენისკენ და დაწყლულებისკენ. ზოგჯერ ფეხებზე დამატებითი ლაქებიც ჩნდება, კიბო იშვიათად ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე და თითქმის არასოდეს არ არის სასიკვდილო.

დაავადებულთა სხვა ჯგუფებში კაპოშის სარკომა უფრო აგრესიულად მიმდინარეობს. ვითარდება იგივენაირი ლაქები, მაგრამ ხშირად მრავლობითი. დაზიანება რამდენიმე თვეში სხეულის სხვადასხვა ნაწილს მოიცავს, მათ შორის პირის ღრუს, ლიმფურ კვანძებსა და შინაგან ორგანოებს, უპირატესად საჭმლის მომნელებელ ტრაქტს, შედეგად ვითარდება დიარეა და შინაგანი სისხლდენა, სისხლი განავალშიც ჩნდება.

დიაგნოზი და მკურნალობა

კაპოშის სარკომის დიაგნოზი კლინიკური სურათის საფუძველზე ხდება, დიაგნოზის დასადასტურებლად წარმონაქმნის ბიოფსიას მიმართავენ.

მოხუც მამაკაცებში კაპოშის სარკომის ნელა მზარდი ერთი ან ორი ლაქით ტარდება წარმონაქმნის მოცილება ქირურგიული გზით ან მოყინვით. მრავლობითი ელემენტების არსებობისას, როგორც წესი, მიმართავენ სხივურ თერაპიას. ზოგიერთ პაციენტში ერთეული ლაქებითა და უსიმპტომო მიმდინარეობით ჩარევა არ ხდება.

უფრო აგრესიული ფორმებით დაავადებულ პაციენტებში იმუნური სისტემის ნორმალურად ფუნქციონირების შემთხვევაში შედეგიანია ინტერფერონი-ალფა ან ქიმიოთერაპიული პრეპარატები.

იმუნოსუპრესიული მედიკამენტების მიღების შეწყვეტა ზოგჯერ სიმსივნის გაქრობას იწვევს, მაგრამ როდესაც პაციენტს სხვა ფონური დაავადების გამო იმუნოსუპრესანტებით მკურნალობის გაგრძელება სჭირდება, მიმართავენ ქიმიო ან სხივურ თერაპიას. მკურნალობის ეს მეთოდი ნაკლებად ეფექტიანია ჯანსაღი იმუნური სისტემის მქონე ინდივიდებთან შედარებით.

ასევე, აივ ინფიცირებულებში დაავადების სამკურნალოდ ქიმიო ან სხივური თერაპია არ არის დიდი შედეგის მომტანი, თუმცა აივ-ის საწინაღმდეგო მედიკამენტები პაციენტის იმუნური სისტემის მდგომარეობას აუმჯობესებს. ზოგადად, კაპოშის სარკომის მკურნალობა არ იწვევს სიცოცხლის გახანგრძლივებას აივ-ით დაინფიცირებულებში.