არის კანის კიბოს იშვიათი ფორმა, რომელიც აზიანებს სარძევე ჯირკვლის დვრილებს.
ტერმინი – პეჯეტის დაავადება ასახავს ასევე ძვლის მეტაბოლიზმის დარღვევით განპირობებულ დაავადებას და ეს ორი განსხვავებული მდგომარეობა ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს.
პეჯეტის დაავადების დროს დვრილში კიბოს უჯრედები უპირატესად სარძევე სადინრებიდან ვრცელდება. გვხვდება როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. შესაძლოა ახლდეს კიბოს სხვა ძირითად ფორმას. ზოგჯერ ლოკალიზებულია სარძევე ჯირკვლის გარეთაც (ექსტრამამარული პეჯეტის დაავადება), მაგალითად, გარკვეულ შემთხვევებში ვითარდება გენიტალიურ არეში ან ანუსის ირგვლივ საოფლე ჯირკვლის ან მეზობელი სტრუქტურების (გენიტალიები, ნაწლავები, საშარდე გზები) კიბოს საფუძველზე.
კანზე წარმოიქმნება წითელი, ქერქით დაფარული დაზიანება გამონადენით, რომელიც არაერთი მიზეზით განპირობებული დერმატიტის მსგავსია. ხშირად ახლავს ტკივილი და ქავილი. კანის სხვა დაავადებებთან მსგავსებიდან გამომდინარე, დიაგნოზისთვის აუცილებელია ბიოფსიის ჩატარება.
მკურნალობა ისეთივეა, როგორიც ძუძუს კიბოს სხვა ფორმების შემთხვევაში. ექსტრამამარული პეჯეტის დაავადების დროს წარმონაქმნს ოპერაციული გზით აცილებენ.