ლისტერიოზი წარმოადგენს გრამ-დადებითი ბაქტერიით – Listeria monocytogenes-ით გამოწვეულ ინფექციას.
ლისტერია მონოციტოგენეზი სახლობს მსოფლიოში არსებული ბევრი ცხოველის ნაწლავებში. ლისტერიოზის შემთხვევების უმეტესობა გამოწვეულია ბაქტერიით დაბინძურებული საკვების მიღებით. ბაქტერიები იზრდება საკვებში მაცივრის ტემპერატურაზე და გადარჩებიან საყინულეში. ყოველდღიური პროდუქტების პასტერიზაცია ანადგურებს ბაქტერიებს, თუ ისინი დიდი რაოდენობით არ არიან პროდუქტში. საჭმლის მომზადების ან გათბობის პროცესში ბაქტერიები კვდება. თუმცა, ისინი სახლობენ მზა საჭმელების დამამზადებელი დაწესებულებების საჭმლის ნარჩენებით ამოვსებულ ბზარებში და მიუწვდომელ ადგილებში, რითიც ხელახლა აბინძურებენ საკვებს. თუ ყიდვისას საჭმელს აღარ სჭირდება მომზადება, მასში არსებულ ბაქტერიებს ადამიანი იღებს საკვებთან ერთად. ისინი იზრდებიან გაყინულ, შეფუთულ, ჭამისთვის გამზადებულ პროდექტებში ისე, რომ არ ცვლიან საჭმლის გემოსა და სუნს. საკვებს, რომელმაც წარსულში გამოიწვია ლისტერიოზის ეპიდემიური აფეთქებები, მიეკუთვნება ყველის რბილი სახეობები (როგორებიცაა ლათინურამერიკული თეთრი ყველის სახეობები, ფეტა, ბრი და კამამბერტი), დელიკატესური სალათები (როგორიცაა მაგ. კომბოსტოს სალათა), არაპასტერიზებული რძე, ძეხვი, ინდაურის სოსისი, სხვა სახის სოსისები, კრევეტები და ცუდად მომზადებული ქათამი.
ზოგჯერ ბაქტერიები ნაწლავიდან გადადიან სისხლის მიმოქცევის სისტემაში და ვრცელდებიან, რასაც ინვაზიური ლისტერიოზის განვითარება მოჰყვება. ბაქტერიებმა შეიძლება შეაღწიონ თავისა და ზურგის ტვინის მფარავ ქსოვილებს შორის არსებულ სივრცეში (ვითარდება მენინგიტი), თვალებში, გულის სარქვლებში (ვითარდება ენდოკარდიტი), ხოლო ორსულ ქალებში – საშვილოსნოშიც. თავისა და ზურგის ტვინში შესაძლოა ჩამოყალიბდეს ჩირქგროვები (აბსცესები). ამერიკის შეერთებულ შტატებში ინვაზიური ლისტერიოზი გვხვდება მხოლოდ 2500 ადამიანში ყოველ წელს, მაგრამ ლეტალური შედეგით მთავრდება 20-30%-ში. სიკვდილიანობა უფრო ხშირია ორსულ ქალებში, ახალშობილებში, 60 წელს გადაცილებულებში და ადამიანებში დასუსტებული იმუნური სისტემით, როგორებიც არიან მაგ. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) დაინფიცირებულები. შემთხვევების დაახლოებით 1/3-ში დაავადება ვითარდება ორსულ ქალებში.
ჩვეულებრივ, პაციენტებს აქვთ შემცივნება, ცხელება და კუნთების ტკივილი (ეს სიმპტომები ჰგავს გრიპის სიმპტომებს), რომელთაც თან ერთვის გულისრევა, ღებინება და ფაღარათი. სიმპტომები უკუგანვითარდება 5-10 დღეში.
თუ განვითარდა ინვაზიური ლისტერიოზი, სიმპტომები განსხვავდება დაზიანებული ადგილის მიხედვით. თუ განვითარდა მენინგიტი, პაციენტებს აქვთ თავის ტკივილი და კისრის კუნთების რიგიდობა. მათ შესაძლოა დაებინდოთ გონება და დაკარგონ წონასწორობა. თუ ორსულ ქალში დაინფიცირდა საშვილოსნო ან პლაცენტა, შესაძლოა განვითარდეს სპონტანური აბორტი ან მკვდრადშობადობა. ან ახალშობილი შესაძლოა დაიბადოს სისხლის მიმოქცევის ინფექციით (სეფსისი) ან მენინგიტით. ორსულობის ბოლო პერიოდში ან ზუსტად ორსულობის დასასრულს დაინფიცირებული ახალშობილების ნახევარი იღუპება.
იღებენ სისხლის ანალიზს. თუ ადამიანებს აქვთ მენინგიტის სიმპტომები, კეთდება ლუმბალური პუნქცია იმისთვის, რომ მოიპოვონ ზურგისა და თავის ტვინის გარშემო არსებული სითხის (თავ-ზურგტვინის სითხე) ნიმუში. ეს ნიმუშები იგზავნება ლაბორატორიაში ბაქტერიების გაზრდის (კულტივირება) მიზნით. ნიმუშში ბაქტერიის არსებობა ადასტურებს დიაგნოზს.
ინიშნება ანტიბიოტიკი ამპიცილინი, ხოლო ადამიანებში, რომლებიც ალერგიულები არიან პენიცილინის მიმართ – ტრიმეტოპრიმ-სულფომეთოქსაზოლი. ისინი კურნავს ლისტერიოზს. ეს ანტიბიოტიკები ეძლევათ ინტრავენურად. თუ დაინფიცირებულია გულის სარქვლები, შესაძლებელია ერთდროულად მეორე ანტიბიოტიკის (როგორიცაა მაგ. გენტამიცინი) დანიშვნა.
თვალის ინფექციების მკურნალობა შესაძლებელია ერითრომიცინის დასალევი ფორმით ან ტრიმეტოპრიმ-სულფომეთოქსაზოლის ინტრავენური ფორმით.