კარიესული ღრუები (დენტალური კარიესი) – ეს არის დაზიანებული უბნები კბილებში, რომელიც კბილის მაგარი გარე ზედაპირის (მინანქრის) თანდათანობითი დემინერალიზაციის შედეგად ვითარდება.
ბაქტერიები და ნარჩენები ილექება კბილის ზედაპირებზე და ბაქტერიები გამოიმუშავებენ მჟავებს, რომლებიც კარიესის განვითარებას იწვევს.
სურდოსა და ღრძილების დაავადებებთან ერთად კარიესები განიხილება, როგორც ყველაზე გავრცელებული დაავადება. თუ სტომატოლოგის მიერ არ მოხდა კარიესული ღრუების შესაბამისი მკურნალობა, ისინი აგრძელებენ ზომებში ზრდას. საბოლოოდ, არანამკურნალებმა კარიესმა შეიძლება კბილის დაკარგვა გამოიწვიოს.
რისკფაქტორები: კარიესული ღრუების (კარიესის) განვითარების მრავალი რისკფაქტორი არსებობს:
კარიესის განვითარების წინა პირობებია: კბილის სენსიტიურობა, მჟავა-მაპროდუცირებელი ბაქტერია და ნუტრიენტების არსებობა ბაქტერიის ზრდა-განვითარებისთვის. მგრძნობიარე კბილის მინანქარი შეიცავს დამცავი ფთორიდის შედარებით ნაკლებ რაოდენობას ან კბილს აქვს ორმოები, ღარები ან ნაპრალები, სადაც ნადები ილექება. პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა, ანუ ჰიგიენური ნორმების დაუცველობა ხელს უწყობს კბილებზე ნადებისა და ქვების აკუმულაციას და შესაბამისად, კარიესის განვითარების პროცესს აჩქარებს. მიუხედავად იმისა, რომ პირის ღრუში ბაქტერიები დიდი რაოდენობითაა, მათგან მხოლოდ გარკვეული ტიპის ბაქტერიები ქმნიან მჟავაწარმომქმნელ კერას, რაც თავის მხრივ, კარიესული ღრუს გაჩენას იწვევს. კარიესის გამომწვევ ბაქტერიებს შორის ყველაზე გავრცელებულია სტრეპტოკოკუს მუტანსი (Strepto-coccus mutans). კარიესის გამომწვევი ბაქტერია საჭირო ნუტრიენტებს პიროვნების კვების რაციონიდან იღებს.
როდესაც ჩვილებს დასაძინებლად საწოვარა-ბოთლით აწვენენ, მათ კბილებს ხანგრძლივი კონტაქტი აქვთ საკვების კონკრეტულ შემადგენლობასთან ან რძესთან, რაც კარიესის განვითარების ალბათობას ზრდის. კვების რაციონში შაქრის დიდი რაოდენობა ასევე შეიძლება ბაქტერიებისთვის საკვები გამოდგეს. მჟავების შემცველობა კვების რაციონში (მაგ. კოლას სასმელებში, რომლებიც შეიცავენ ფოსფორის მჟავას) აჩქარებს კარიესის განვითარებას. გარკვეული სამკურნალო პრეპარატებით ან დაავადებებით (მაგ. შეგრენის;სინდრომი) გამოწვეული ნერწყვის შემცირებული ნაკადი დიდი რისკია კბილის კარიესის განვითარებისთვის. ხანდაზმული ადამიანები ხშირად იღებენ წამლებს, რომლებიც ნერწყვის ნაკადის შემცირებას იწვევს და შესაბამისად, კარიესული ღრუების ჩამოყალიბების რისკს ზრდის. ზოგიერთი ადამიანის პირის ღრუში განსაკუთრებული აქტივობის კარიესის გამომწვევი მიკრობები გვხვდება. კარიესოგენული მიკრობების პოტენციური მატარებელი მშობელი (თითქმის ყოველთვის დედა) ბავშვს კოცნის ან საზიარო საკვები ჭურჭლის მოხმარების დროს მიკრობებით ასნებოვნებს. ახალშობილს არა აქვს კბილები, მაგრამ მის პირის ღრუში უკვე იწყებს გამრავლებას მიკრობები და პირველი კბილების ამოჭრის შემდეგ შეიძლება კარიესული ღრუების გაჩენა გამოიწვიოს. ასე რომ, ოჯახებში კბილის კარიესთან დაკავშირებული ტენდენცია ყოველთვის არ შეიძლება იყოს პირის ღრუს არასწორი ჰიგიენის ან კვებასთან დაკავშირებული ცუდი ჩვევების შედეგი.
ღრძილის რეცესია ასევე ზრდის კარიესის განვითარების ალბათობას, რადგან მას კბილის ფესვების დაზიანება შეუძლია. ამის შემდეგ ბაქტერიები უფრო ადვილად აღწევენ კბილის შიდა შრეებში. ღრძილის რეცესია ასაკოვან პაციენტებში ზრდის მათ მიდრეკილებას ფესვის კარიესის განვითარებისადმი.
კბილის კარიესის პროგრესირება: კარიესი მინანქარში ნელა პროგრესირებს. კბილის მეორე შრეში – რამდენადმე უფრო რბილ, ნაკლებად რეზისტენტულ დენტინში – პენეტრაციის შემდგომ, კარიესი ვრცელდება უფრო სწრაფად და მიემართება კბილის უფრო ღრმა ნაწილის – პულპისკენ, რომელიც ნერვებსა და სისხლძარღვებს შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ მინანქარში კარიესული ღრუს გაჩენას შეიძლება 2 ან 3 წელი დასჭირდეს, დენტინიდან პულპამდე – ანუ უფრო დიდ მანძილზე – კარიესმა შეიძლება დაახლოებით ერთ წელიწადში მიაღწიოს. აქედან გამომდინარე, ფესვის კარიოზულმა დაშლამ, რომელიც იწყება დენტინში, შეიძლება მოკლე დროში კბილის მრავალი სტრუქტურის დაშლა გამოიწვიოს. გლუვი ზედაპირის კარიესის, ყველაზე პრევენცირებადი და შექცევადი ტიპის კარიესის, განვითარება ძალიან ნელა მიმდინარეობს. გლუვი ზედაპირის კარიესის დროს, დასაწყისში ჩნდება თეთრი ლაქა, სადაც ბაქტერია მინანქრის კალციუმს შლის. ჩვეულებრივ, მუდმივ კბილებს შორის გლუვი ზედაპირის კარიესი 20-30 წლის ასაკში იწყება. ორმოებისა და ფისურების გაჩენა, რომლებიც ჩვეულებრივ, თინეიჯერულ ასაკში მუდმივ კბილებზე იწყება, მიმდინარეობს ვიწრო ღარებში, საღეჭ ზედაპირსა და უკანა კბილებზე ლოყის მხარეს. ზემოთ აღნიშნულ ადგილებზე კარიესი სწრაფად პროგრესირებს. ბევრ ადამიანს არ შეუძლია ადეკვატურად გაწმინდოს პირველადი ღარები ძნელად მისადგომ ადგილებში, რადგან ისინი უფრო ვიწროა, ვიდრე კბილის ჯაგრისის ბუსუსები.
ფესვის კარიესული დაზიანება იწყება ფესვის ზედაპირზე (ცემენტი), რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ღრძილის რეცესიით, განსაკუთრებით შუახნის ასაკს გადაცილებულ პაციენტებში.
ამ ტიპის კარიესული დაზიანება ხშირად ვითარდება შემდეგი მიზეზებიდან გამომდინარე: ფესვის გაწმენდის სირთულე, ადეკვატური ნერწყვის ნაკადის ნაკლებობა, კვების რაციონში შაქრის დიდი რაოდენობა ან ჩამოთვლილი ფაქტორების კომბინაცია. პრევენციისა და მკურნალობის თვალსაზრისით ფესვის კარიესი დენტალური კარიესების ყველაზე რთულ ტიპს განეკუთვნება.
კბილის კარიესის დროს ტკივილი დამოკიდებულია იმაზე, თუ კბილის რომელი ნაწილია დაზიანებული და რამდენად ღრმად აღწევს კარიესული დაზიანება. მინანქარში გაჩენილი კარიესული ღრუ ტკივილს არ იწვევს. ტკივილი იწყება მაშინ, როდესაც კარიესი დენტინზე ვრცელდება. თუ ადამიანები გრძნობენ ტკივილს მხოლოდ მაშინ, როდესაც მიირთმევენ ცივ სასმელს ან ტკბილეულს, ეს მიგვანიშნებს, რომ პულპა ჯერ კიდევ არ არის დაზიანებული და იმ შემთხვევაში, თუ ამ ეტაპზე კარიესული ღრუს მკურნალობა მოხდება, სტომატოლოგს კბილის აღდგენა შეუძლია და, სავარაუდოდ, ტკივილის ან ღეჭვასთან დაკავშირებული სირთულეების განვითარება მოსალოდნელი არ არის.
კარიესი, რომელიც ძალზე უახლოვდება პულპას ან ფაქტობრივად, პულპაზე ვრცელდება, შეუქცევად დაზიანებას იწვევს. ტკივილი გრძელდება მაშინაც კი, თუ მოვაცილებთ გამაღიზიანებელ/გამომწვევ (მაგალითად, ცივი წყალი) ფაქტორს. კბილის ტკივილი შეიძლება გამომწვევი ფაქტორის გარეშეც (სპონტანური კბილის ტკივილი) დაიწყოს. თუ პულპის შეუქცევადი დაზიანების შედეგად პულპა კვდება, ტკივილი შეიძლება დროებით შეჩერდეს. კბილი შეიძლება გახდეს მგრძნობიარე კბილის კბილზე დაჭერის/კბენის ან კბილზე თითის დაჭერის დროს, რაც განპირობებულია ფესვის ბოლოზე მიმდინარე ანთებითი პროცესით ან ფესვთან განვითარებული ინფექციით.
ინფექციის განვითარების შედეგად შესაძლებელია ჩირქის დაგროვება (აბსცესი), რაც თავის მხრივ, იწვევს მუდმივ/კონცენტრირებულ ტკივილს, და კბილის კბილზე დაჭერის/კბენის დროს უფრო ძლიერდება.
თუ კარიესს ტკივილის დაწყებამდე ვუმკურნალებთ, პულპის დაზიანების შანსი მცირდება და შესაბამისად, კბილის სტრუქტურის დიდი ნაწილი დაუზიანებელი/ჯანსაღი რჩება. კარიესული დაზიანების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მიზნით სტომატოლოგი აქცენტს აკეთებს ტკივილზე, კბილებს სტომატოლოგიური იარაღების გამოყენებით სინჯავს და საჭიროების შემთხვევაში რენტგენის სურათს იღებს.
სტომატოლოგიური გამოკვლევა ყველა ადამიანმა ყოველ 6-12 თვეში ერთხელ უნდა ჩაიტაროს. ყველა გამოკვლევა არ მოიცავს რენტგენოგრაფიას. სტომატოლოგის მიერ პაციენტის კბილების მდგომარეობის შეფასებიდან გამომდინარე, რენტგენის გადაღება შესაძლებელია 12 ან 36 თვეში ერთხელ.
რამდენიმე ზოგადი საკვანძო სტრატეგია კარიესის (ღრუების) განვითარების თავიდან ასაცილებლად:
ორალური ჰიგიენა: პირის ღრუს მკაცრი ჰიგიენის დაცვით, რაც გულისხმობს კბილების საუზმემდე, საუზმის შემდეგ და ძილის წინ ჯაგრისით გაწმენდას, ასევე დენტალური ფლოსის (კბილის ძაფის) გამოყენებას;ნადების მოსაცილებლად, შესაძლებელია გლუვი ზედაპირის კარიესის ეფექტური კონტროლი.
პირის ღრუს/ორალური ჰიგიენა: პირის ღრუს მკაცრი/კარგი ჰიგიენის დაცვით, რაც გულისხმობს კბილების საუზმემდე, საუზმის შემდეგ და ძილის წინ ჯაგრისით გაწმენდას და ასევე, დენტალური ფლოსის (კბილის ძაფის) გამოყენებას ნადების მოსაცილებლად, შესაძლებელია გლუვი ზედაპირის კარიესის ეფექტური კონტროლი. კბილის ჯაგრისის გამოყენება ხელს უწყობს კბილების ზედაპირსა და გვერდებზე კარიესის ფორმირების პრევენციას, ხოლო დენტალური ფლოსი (კბილის ძაფი) შედის კბილთაშორის სივრცეებში, სადაც უბრალოდ, ჯაგრისი ვერ აღწევს. ელექტრო და ულტრაბგერითი კბილის ჯაგრისები ძალზე ეფექტურია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისის სათანადოდ გამოყენება სრულიად საკმარისია. ჩვეულებრივ, კბილის ჯაგრისით წმენდის პროცედურისთვის დაახლოებით 3 წუთია საჭირო. ფლოსინგის დროს ძაფი ადვილად სრიალებს კბილებს შორის არეში წინ და უკან, შემდეგ კი კბილზე C-ს ფორმით შემოხვეულ ძაფს ქვევიდან ზევით, ღრძილის ხაზთან ვამოძრავებთ. ვერტიკალური მიმართულებით სრიალის დროს ფლოსი აცილებს ზედაპირულ ნადებსა და საჭმლის ნარჩენებს. თავდაპირველად ნადები საკმაოდ რბილია და მისი მოცილება რბილბუსუსიანი/ჯაგრულებიანი ჯაგრისითა და სტომატოლოგიური ფლოსით სულ მცირე, ყოველ 24 საათში ერთხელ, კარიესის განვითარების ალბათობას ამცირებს. გამყარების პროცესი იწყება დაახლოებით 72 საათის შემდეგ და, როგორც კი ნადები გამყარებას დაიწყებს, მისი მოცილება რთულდება.
კვება: მიუხედავად იმისა, რომ ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს გარკვეული ხარისხით კბილის კარიესის გამოწვევა შეუძლია, კარიესის განვითარების მთავარი მიზეზი და ყველაზე დიდი დამნაშავე მაინც შაქარია. ყველა მარტივი შაქარი, მათ შორის სუფრის შაქარი (საქაროზა), შაქარი თაფლში (ლევულოზა და დექსტროზა), ხილი (ფრუქტოზა) და რძე (ლაქტოზა), ერთნაირად მოქმედებენ კბილებზე. როგორც კი შაქარი ნადებს შეერევა, მასში ბაქტერია Streptococcus mutans მჟავას გამოიმუშავებს. მოხმარებული შაქრის რაოდენობა ნაკლებად მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია დრო, რომლის განმავლობაშიც შაქარი კბილებთან კონტაქტშია. აქედან გამომდინარე, გამაგრილებელი უალკოჰოლო ტკბილი სასმლის წრუპვა >1 საათის განმავლობაში უფრო საზიანოა, ვიდრე ტკბილეულის მიღება 5 წუთის განმავლობაში, თუნდაც ბევრად მაღალი შაქრის შემცველობით. კარიესის განვითარებისკენ მიდრეკილმა ადამიანებმა ნაკლებად უნდა მიირთვან ტკბილი საკვები. საუზმის შემდეგ პირის ღრუს გამორეცხვა აცილებს შაქრის გარკვეულ რაოდენობას, მაგრამ კბილების ჯაგრისით გასუფთავება უფრო ეფექტიანია. ხელოვნურად დამტკბარი უალკოჰოლო მსუბუქი სასმელებიც უწყობს ხელს კარიესის განვითარებას, დიეტური კოლას სასმელები შეიცავს მჟავას, რომელსაც შეუძლია კბილის კარიესის განვითარება გამოიწვიოს. უშაქრო ჩაისა და ყავის მიღება ასევე უწყობს ხელს კარიესული ღრუების განვითარების პრევენციას, განსაკუთრებით ფესვის ზედაპირზე.
ფთორი: ფთორს შეუძლია კბილი უფრო რეზისტენტული გახადოს იმ მჟავას მიმართ, რომელიც კარიესის განვითარებას იწვევს. შინაგანად მიღებული ფთორი ეფეტურია კბილის ზრდისა და გამაგრების პროცესში – დაახლოებით 11 წლის ასაკამდე. წყლის ფთორიზაცია ყველაზე ეფექტური საშუალებაა ბავშვებისთვის. დღესდღეობით, კბილების კარიესის პროფილაქტიკის მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის ნახევარზე მეტი მოიხმარს სასმელ წყალს ფთორის მისაღები რაოდენობით. მაგრამ თუ წყალი დიდი რაოდენობით ფთორს შეიცავს, შესაძლებელია კბილის ფლუორიზი (ლაქები კბილის მინანქარზე) განვითარდეს. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის სასმელი წყალი ფთორს საკმარისი რაოდენობით არ შეიცავს, ექიმი ან სტომატოლოგი ნატრიუმის ფთორის წვეთებს ან აბებს უნიშნავს. სტომატოლოგს შეუძლია ფთორის უშუალოდ კბილებზე წასმის მეთოდი ნებისმიერი ასაკის პაციენტის შემთხვევაში გამოიყენოს, თუ იგი მიდრეკილია კარიესის განვითარებისადმი. ფთორის შემცველი კბილის პასტებისა და კონცენტრირებული პირის ღრუს სავლებების გამოყენება, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში ძალიან ეფექტურია.
კბილის სილანტები: სილანტები (ჰერმეტიკები) ეფექტურია კარიესის საწყისი ფორმებისგან დასაცავად; ისინი გამოიყენება ძნელად მისადგომი ორმოებისა და ფისურების (ღარები) შესავსებად, განსაკუთრებით უკანა კბილების საღეჭ ზედაპირებზე. როცა კბილი საფუძვლიანად გასუფთავდება, სილანტის ფიქსაციის გასაუმჯობესებლად სტომატოლოგი მინანქარზე არსებულ ფისურებს მჟავათი ამუშავებს. დამუშავების შემდეგ კბილების ორმოებს, ფისურებს თხევადი პლასტიკური მასალით მჭიდროდ ავსებენ. მასალის გამაგრებისას ისეთი ეფექტური ბარიერი იქმნება, რომ ფისურაში ნებისმიერი ბაქტერია წყვეტს მჟავას პროდუცირებას, რადგან მათში მიკროფლორა (ნარჩენები) ვეღარ აღწევს. სილანტის (ჰერმეტიკი) დაახლოებით 90% ნარჩუნდება 1 წლის, ხოლო 60% – 10 წლის განმავლობაში. სილანტების დამატების ან შეცვლის აუცილებლობა შეიძლება პერიოდული სტომატოლოგიური გამოკვლევების დროს შეფასდეს.
ანტიბაქტერიული თერაპია: კარიესის მიმართ ძალიან მგრძნობიარე პაციენტების შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს ანტიბაქტერიული თერაპიის გამოყენება. უპირველეს ყოვლისა, სტომატოლოგი აცილებს კარიოზულ (დარბილებულ) უბანს და კბილებში არსებულ ორმოებსა და ფისურებს ჰერმეტიკით მჭიდროდ ავსებს. აღნიშნული პროცედურის შემდეგ სტომატოლოგი პირის სავლებ ძლიერ ანტისეპტიკურ საშუალებას (ქლორჰექსიდინს) რამდენიმე კვირის განმავლობაში ნიშნავს, რაც ხელს უწყობს დარჩენილ ნადებში ბაქტერიების განადგურებას. იმედია, რომ კარიესის გამომწვევ ბაქტერიას ნაკლებად საზიანო ბაქტერია ჩაანაცვლებს. ბაქტერიის კონტროლის მიზნით შესაძლებელია ყოველდღიურად, სახლის პირობებში ფთორის შემცველი სავლებების და ქსილიტოლის (ხელოვნური დამატკბობელი, რომელიც ხელს უწყობს ნადებში ბაქტერიის ზრდის ინჰიბირებას) შემცველი საღეჭი რეზინის გამოყენება.
კარიესის განვითარების პროცესის შეჩერების შემთხვევაში (სანამ ის დენტინის საზღვარს მიაღწევს), ფთორის დახმარებით შესაძლებელია კბილის მინანქრის ნორმალური სტრუქტურის აღდგენა, ანუ რემინერალიზაცია. ფთორით მკურნალობა გულისხმობს ფთორის ძლიერი შემცველი პირის სავლების დანიშვნას. როგორც კი კარიესული პროცესი დენტინის საზღვარს მიაღწევს, სტომატოლოგები ამუშავებენ დაზიანებულ უბანს, აცილებენ დარბილებულ მასას და დამუშავებულ სივრცეს საბჟენი მასალით (აღდგენა) ავსებენ. ადრეულ ეტაპზე კარიესის მკურნალობა ხელს უწყობს კბილის სიმტკიცის შენარჩუნებას და პულპის დაზიანების შანსს ამცირებს.
საბჟენი მასალები/შემავსებლები: ბჟენები მზადდება სხვადასხვა მასალისგან და მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც კბილის შიდა, ასევე გარე ზედაპირების დასაბჟენად. ვერცხლის ამალგამა (ვერცხლისწყლის, ვერცხლის, სპილენძის, კალისა და, ზოგჯერ თუთიის, პალადიუმის, ან ინდიუმის კომბინაცია) ყველაზე ხშირად გამოსაყენებელი საბჟენი მასალაა უკანა კბილების დაზიანების შემთხვევაში, სადაც მნიშვნელოვანია სიმაგრე და ვერცხლის ფერიც შედარებით შეუმჩნეველია. ვერცხლის ამალგამა გაცილებით იაფია და დაახლოებით 14 წლის განმავლობაში ძლებს. თუმცა, თუ დაბჟენა ყურადღებით არის შესრულებული, გამოყენებულია რაბერ დამი (Rubber Dam) და პაციენტი პირის ღრუს მკაცრ ჰიგიენას იცავს. ამალგამას ბჟენმა შესაძლებელია >;40 წლის განმავლობაში გაძლოს. ვერცხლის ამალგამადან გამოჟონილი ვერცხლისწყლის რაოდენობა ძალზე მცირეა იმისთვის, რომ პაციენტის ჯანმრთელობაზე გავლენა იქონიოს. ოქროს შემავსებლები (შიდა ჩანართები და იმპლანტები), ძალიან ეფექტურია, მაგრამ ძვირი მასალაა. ამასთან, მათ პერმანენტულად დასაფიქსირებლად აუცილებელია სულ მცირე, ორი ვიზიტი სტომატოლოგთან. წინა კბილების შემთხვევაში, სადაც ვერცხლი შეიძლება შესამჩნევი იყოს, იყენებენ კომპოზიტებს ფისისა და /ან ფაიფურის ბაზაზე. ეს მასალები სულ უფრო ხშირად გამოიყენება უკანა კბილების რესტავრაციისთვისაც. თუმცა, მათ აქვთ უპირატესობა, ფერი და გამჭვირვალობა უფრო მეტად მიუახლოვდეს ბუნებრივს, ისინი გაცილებით ძვირია ვერცხლის ამალგამასთან შედარებით და დიდხანს მათი შენარჩუნება რთულია, განსაკუთრებით ეს ეხება უკანა კბილებს, რომლებზეც ღეჭვის ძალა ნაწილდება.
მინაიონომერული ცემენტი აკმაყოფილებს ფერთან დაკავშირებულ ესთეტიკურ პარამეტრებს და ისეა ფორმირებული, რომ დაბჟენისთანავე გამოყოფს ფთორს, რაც ძალიან ეფექტურია კარიესისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარე პაციენტებისთვის. მინაიონომერი კბილების გადამეტებული წმენდით (ჯაგრისით) დაზიანებული უბნების აღსადგენადაც გამოიყენება.
ფესვის არხის მკურნალობა და კბილის ექსტრაქცია/ამოღება: როდესაც კბილის კარიესული დაზიანება საკმარისად ღრმად ჩადის და პერმანენტულად აზიანებს პულპას, ტკივილის ელიმინაციის ერთადერთი გზა ფესვის არხიდან (ენდოდონტური) პულპის, რბილობის მოცილება ან კბილის ამოღებაა (ექსტრაქცია). კბილის ამოღების შემთხვევაში რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეფასდეს მისი ჩანაცვლების შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეზობლად მდებარე კბილებმა შეიძლება შეიცვალონ პოზიცია და პაციენტის თანკბილვა შეცვალონ.
ხიდები, გვირგვინები და იმპლანტები: ამოღებული კბილის ჩანაცვლება შესაძლებელია ხიდით – ფიქსირებული ნაწილობრივი პროთეზი, რომელზეც ორივე მხარეს, გამოტოვებულ ადგილებზე, დამაგრებულია გვირგვინები, – ან მოსახსნელი ნაწილობრივი პროთეზით. გარდა ამისა, გამოტოვებული კბილების შესავსებად იმპლანტების გამოყენება შესაძლებელია საკმარისი ჯანსაღი ყბის ძვლის მქონე პაციენტების შემთხვევაში. იმპლანტები არის მეტალის მოწყობილობა, რომელიც ყბის ძვალში მაგრდება. იმპლანტის მეტალი სპეციალური ნაერთია, რომელზეც შესაძლებელია ირგვლივ არსებული ძვლოვანი ქსოვილის შეზრდა. გარკვეული პერიოდის, როგორც წესი, 4 თვის შემდგომ, იმპლანტი მყარდება ძვალში და დგება შტიფტი, რომელზეც ხელოვნური კბილი (გვირგვინი) მაგრდება. ხელოვნურ კბილს შეუძლია ნორმალური ღეჭვის ძალა მართოს და გადაანაწილოს. დღესდღეობით იმპლანტებზე დიდი მოთხოვნილებაა, რადგან ისინი არ ზიანდება (კარიესი) და არსებობს დიდი არჩევანი, ფიქსირებულიდან მოსახსნელი ხიდების ჩათვლით. გვირგვინი არის ქუდი (კონსტრუქცია), რომელიც კბილზე მაგრდება. კბილის გვირგვინის დამზადება საჭიროებს ორ ვიზიტს, თუმცა, ზოგჯერ საჭირო ხდება რამდენიმე დამატებითი ვიზიტიც. პირველი ვიზიტის დროს სტომატოლოგი მსუბუქად ამუშავებს კბილს, ამზადებს მას აღებული ანაბეჭდის შესაბამისად და დროებით გვირგვინს ჩამოაცვამს. მუდმივ გვირგვინს ამზადებენ სტომატოლოგიური პროთეზირების ლაბორატორიაში, ყალიბის/ანაბეჭდის ბაზაზე. შემდეგი ვიზიტის დროს იღებენ დროებით გვირგვინს და მომზადებულ, დამუშავებულ კბილზე ცემენტით პერმანენტულ გვირგვინს ამაგრებენ. როგორც წესი, გვირგვინი ოქროს ან სხვა მეტალის შენადნობისგან მზადდება. ფაიფურის საფრის გამოყენება პროთეზის შიგნით არსებული მეტალის შესანიღბავად შეიძლება. გვირგვინები შეიძლება მთლიანად ფაიფურისგან დამზადდეს, თუმცა, კბილის მინანქართან შედარებით ფაიფური უფრო მაგარი და აბრაზიულია, რამაც შეიძლება საპირისპირო კბილის ცვეთა გამოიწვიოს. გარდა ამისა, მთლიანად ფაიფურისგან ან მსგავსი მასალისგან დამზადებული გვირგვინები, ლითონის გვირგვინებთან შედარებით, უფრო ადვილად მსხვრევადია.