გინგივიტი | მკურნალი.გე
  1. გინგივიტი
  2. პერიოდონტული დაავადებები
  3. პირის ღრუს და კბილების დაავადებები
გინგივიტი

გინგივიტი არის ღრძილების (გინგივა) ანთება.

  • ყველაზე ხშირად გინგივიტი ვითარდება კბილების ჯაგრისითა და ძაფით არაადეკვატური წმენდის შედეგად, მაგრამ ასევე, შეიძლება გარკვეული დაავადებისა და ზოგი მედიკამენტის ხშირი გამოყენების შედეგიც იყოს;

  • ღრძილები არის წითელი და შეშუპებული, აღინიშნება მსუბუქი სისხლდენა;

  • როგორც წესი, ამ დროს საჭიროა პირის ღრუს მკაცრი ჰიგიენის დაცვა, კბილების ხშირი, პროფესიონალური გაწმენდა, ადეკვატური კვება და პირის სავლებების გამოყენება.

გინგივიტი ძალზე გავრცელებული დაავადებაა, რომლის დროსაც აღინიშნება ღრძილების გაწითლება, შეშუპება და მსუბუქი სისხლდენა. ადრეულ ეტაპზე გინგივიტი მცირე ტკივილს იწვევს, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ვერც კი შევნიშნოთ.

თუმცა, არანამკურნალები გინგივიტი შეიძლება გადაიზარდოს პერიოდონტიტში, ღრძილის დაავადების უფრო მწვავე ფორმაში, რომლის შედეგად შესაძლებელია კბილის დაკარგვა.

ნადებით გამოწვეული გინგივიტი

დღემდე გინგივიტის ყველაზე გავრცელებულ მიზეზად ჰიგიენის საშუალებების (კბილის ჯაგრისის, კბილის ძაფის) არაადეკვატური გამოყენება მიიჩნეოდა. ადეკვატური გაწმენდის გარეშე ნადები (ფირის/აპკისმაგვარი სუბსტანცია, რომელიც ძირითადად მიკრობებს შეიცავს) კვლავ რჩება ღრძილის ხაზზე. ნადები ასევე აკუმულირდება დეფექტიან შემავსებლებსა და კბილების გარშემო ცუდად გაწმენდილი ნაწილობრივი პროთეზების, ხიდებისა და ორთოდონტული სისტემების სიახლოვეს. თუ ნადები კბილზე >72 საათის განმავლობაში რჩება, იგი განიცდის მინერალიზაციას (ქვები), რომლის სრული მოცილება ჯაგრისით ან ფლოსინგით შეუძლებელია. ღრძილები ჯანსაღი ვარდისფრის ნაცვლად წითელ ფერს იღებს. ვითარდება ღრძილების შეშუპება, კბილები რყევას იწყებს და ირღვევა ღრძილის კბილის ზედაპირზე მიმაგრება. ღრძილებიდან აღინიშნება სისხლდენა, განსაკუთრებით ჯაგრისით წმენდის ან ჭამის დროს. ნადების გამომწვევი გინგივიტების პრევენცია შესაძლებელია მკაცრი ორალური ჰიგიენის დაცვით – კბილის ჯაგრისისა და დენტალური ფლოსის ყოველდღიური გამოყენებით. ნადების დალექვის პრევენციას ზოგიერთი პირის ღრუს სავლები საშუალებაც უწყობს ხელს. ქვის ფორმირების შემდეგ მისი მოცილება მხოლოდ სტომატოლოგისა და სტომატოლოგ-ჰიგიენისტის მიერაა შესაძლებელი. იმის მიხედვით, თუ რამდენად სწრაფად ხდება ქვის ფორმირება, პაციენტებს შეუძლიათ კბილების პროფესიული წმენდა ყოველ 3-12 თვეში ერთხელ ჩაიტარონ. პაციენტებმა, რომლებიც არ იცავენ პირის ღრუს ჰიგიენას ან აქვთ დაავადება, რამაც შეიძლება გინგივიტის ან ნადების განვითარება გამოიწვიოს, უფრო ხშირად უნდა ჩაიტარონ კბილების პროფესიული წმენდა. კბილების სწორად გახეხვითა და დენტალური ფლოსის გამოყენებით ქვებისა და ნადების მოცილების შემდეგ, კარგი სისხლმომარაგებიდან გამომდინარე, ღრძილები სწრაფად გამოჯანმრთელდება.

წამლის ხანგრძლივი გამოყენებით გამოწვეული გინგივიტი

ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის ხშირმა მიღებამ შეიძლება ღრძილის ქსოვილის ჭარბი ზრდა გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში ვითარდება ღრძილების ჰიპერპლაზია, რაც ნადების მოცილებას ართულებს და გინგივიტის განვითარებას იწვევს.

ისეთი პრეპარატების ხშირმა მიღებამ, როგორიცაა ფენიტოინი (ანტიეპილეფსიური, კრუნჩხვის საწინააღმდეგო), ციკლოსპორინი (განკუთვნილია პაციენტებისთვის, რომელთაც ორგანო გადაინერგეს) და კალციუმის არხების ბლოკერები, მაგ. ნიფედრინი (არტერიული წნევისა და გულის რიტმის დარღვევის კონტროლი), შეიძლება ღრძილის ქსოვილის ჭარბი ზრდა (ჰიპერპლაზია) გამოიწვიოს.

ამასთან, ორალური და საინექციო (გახანგრძლივებული) კონტრაცეპტივების მიღებამ, ისევე, როგორც ტყვიამ და ბისმუტმა (ინტენსიურად გამოიყენება კოსმეტიკურ წარმოებაში) ან სხვა მძიმე მეტალებმა, როგორიცაა ნიკელი (გამოიყენება საიუველირო ნაკეთობების დასამზადებლად), შეიძლება გინგივიტის მიმდინარეობის გამწვავება გამოიწვიოს. აუცილებელია ისეთი დაავადების ან სიმპტომების მკურნალობა და კონტროლი, რომელსაც გინგივიტის გამოწვევა ან პროცესის გამწვავება შეუძლია. თუ პაციენტი იძულებულია, მიიღოს პრეპარატი, რომელიც ღრძილის ქსოვილის ჰიპერპლაზიას იწვევს, ამ შემთხვევაში აუცილებელია ჭარბი ქსოვილის ქირურგიული მოცილება. თუმცა, სახლის პირობებში მკაცრი ორალური ჰიგიენის დაცვა, კბილების პროფესიული წმენდა და სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი ამცირებს ქსოვილის ჭარბი ზრდის სიხშირეს და ქირურგიული ჩარევის აუცილებლობას გამორიცხავს.

ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული გინგივიტი

იშვიათ შემთხვევაში გინგივიტის განვითარება შესაძლებელია ვიტამინის დეფიციტის დროს. ვიტამინ C-ს ნაკლებობა (სურავანდი) ღრძილების ანთებასა და ღრძილებიდან სისხლდენას იწვევს.

ნიაცინის დეფიციტი (პელაგრა) ასევე იწვევს ანთებასა და ღრძილებიდან სისხლდენას, ისევე, როგორც ზრდის წინასწარგანწყობას პირის ღრუს გარკვეული ინფექციებისადმი, როგორიცაა, მაგ. კანდიდოზური სტომატიტი ან ენის ანთება (გლოსიტი). ვიტამინი C და ნაცინის დეფიციტის მკურნალობა მოიცავს ვიტამინი C-სა და ნაცინის დანამატებს პლუს ბევრი ხილისა და ბოსტნეულის დიეტა.

ინფექციით გამოწვეული გინგივიტი

გინგივიტის განვითარება ვირუსული ინფექციების შედეგადაც შესაძლებელია. მწვავე ჰერპესული გინგივოსტომატიტი არის ღრძილებისა და პირის ღრუს სხვა ნაწილების მტკივნეული ფორმით მიმდინარე ვირუსული ინფექცია, რომელიც გამოწვეულია ჰერპესვირუსით. ინფექციას ახასიათებს ღრძილების გაწითლება და პირის ღრუში მრავლობითი მცირე თეთრი ან ყვითელი წყლულების გაჩენა. მწვავე ჰერპესული გინგივოსტომატიტი 2 კვირაში მკურნალობის გარეშე გაივლის. ამ შემთხვევაში პაციენტმა ძალიან ფრთხილად და ნაზად უნდა გაიწმინდოს კბილები, სანამ ინფექცია ჯერ კიდევ მტკივნეულია. სტომატოლოგის რეკომენდაციით, ჭამისა და სითხეების მიღების დროს, დისკომფორტის შემსუბუქების მიზნით, შესაძლებელია საანესთეზიო პირის ღრუს სავლების გამოყენება.

სოკოვან ინფექციებს ასევე შეუძლიათ გინგივიტი გამოიწვიონ. პირის ღრუში სოკო ძალიან მცირე რაოდენობითაა. ანტიბიოტიკების გამოყენებამ ან ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის ცვლილებამ შეიძლება პირის ღრუში სოკოს რაოდენობა გაზარდოს. კანდიდოზური სტომატიტი (კანდიდიაზი) არის სოკოვანი ინფექცია, რომლის შედეგად სოკოს, განსაკუთრებით Candida albicans-ის ჭარბი ზრდის შედეგად, იქმნება თეთრი აპკი, რომელიც ღრძილების გაღიზიანებას იწვევს. აპკმა შეიძლება ასევე დაფაროს ენა და პირის კუთხეები, მისი მოცილების შემთხვევაში კი სისხლმდენი ზედაპირი რჩება. კანდიდოზურ სტომატიტს მკურნალობენ ანტიფუნგალური პრეპარატით, ნისტატინით, რომელიც დამზადებულია პირის ღრუს სავლების ან აბების სახით და პირის ღრუში ნელა იხსნება. ასევე ძალიან ეფექტურია კარგი ორალური ჰიგიენა (კბილების სათანადო გაწმენდა და ფლოსინგი) და ძირითადი სტომატოლოგიური პრობლემების მკურნალობა, როგორიცაა, მაგ. ცუდად მორგებული პროთეზი და ა.შ. ამასთან, პროთეზი შეიძლება მთელი ღამის განმავლობაში ნისტატინის ხსნარში დავტოვოთ.

ორსულობის გინგივიტი

ორსულობის დროს შესაძლებელია გინგივიტის გამწვავება, რაც, უპირველეს ყოვლისა, ჰორმონული ცვლილებებითაა გამოწვეული. ორსულობის დროს, პირის ღრუს მოუვლელობის ფონზე, იზრდება გინგივიტის განვითარების ან გართულების რისკი, რადგან ორსულ ქალებს ავიწყდებათ ორალური ჰიგიენის დაცვა დაღლილობის ან ტოქსიკოზის (დილის ღებინება) გამო. გარდა ამისა, ორსულობის დროს მცირე გაღიზიანებამ – ხშირად ეს შეიძლება ქვის ფორმირება იყოს, შესაძლებელია ღრძილის ქსოვილის ჭარბი ზრდა (სიმსივნის მსგავსი), ე.წ. ორსულობის სიმსივნე გამოიწვიოს. შეშუპებული ქსოვილის დაზიანების შემთხვევაში აღინიშნება სისხლდენა, რაც კვების პროცესზე თავისთავად მოქმედებს. რადგან ორსულ ქალებს ტოქსიკოზის (დილის ღებინება) გამო ორალური ჰიგიენის დაცვა უჭირთ, სტომატოლოგის რეკომენდაციით კბილებისა და ღრძილების სისუფთავის შენარჩუნების რამდენიმე გზა არსებობს, ისე, რომ ტოქსიკოზის გამწვავება არ მოხდეს. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია კბილების ნაზად გაწმენდა ჯაგრისით კბილის პასტის გარეშე ან, ჯაგრისით გაწმენდის შემდეგ, მარილიანი წყლის სავლებების გამოყენება. თუ ორსულობის "სიმსივნე" შემაწუხებელია, შესაძლებელია მისი ქირურგიული გზით მოცილება. თუმცა, ასეთი სიმსივნეები ორსულობის დასრულებამდე ან დასრულების შემდგომ ქრება.

მენოპაუზის შედეგად განვითარებული გინგივიტი

მენოპაუზის დროს შეიძლება განვითარდეს დესკვამატური გინგივიტი, მტკივნეული მდგომარეობა, რომელიც ყველაზე ხშირად პოსტმენსტრუალურ პერიოდში ვლინდება.

ამ დროს ადგილი აქვს ღრძილის გარე ფენების აშრევებას (გამოცალკევება) ქვეშ მდებარე ქსოვილებისგან, რაც ნერვული დაბოლოებების გაშიშვლებას იწვევს. ღრძილები ისეთი ფაშარი ხდება, რომ მათი მოცილება შესაძლებელია ბამბის ტამპონით ან სტომატოლოგიურ კაბინეტში ჰაერის ჭავლის აპარატით. თუ დესკვამატური გინგივიტი მენოპაუზის დროს განვითარდა, ძალზე ეფექტურია ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია. სხვა შემთხვევაში, სტომატოლოგების რეკომენდაციით, მისაღებია კორტიკოსტეროიდული სავლების ან კორტიკოსტეროიდული პასტის გამოყენება, რომელიც უშუალოდ ღრძილებზე დაიტანება.

ლეიკემიით გამოწვეული გინგივიტი

გინგივიტი შესაძლებელია ლეიკემიის დროს განვითარდეს. ფაქტობრივად, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების 25%-ში გინგივიტი დაავადების გამოვლენის პირველი ნიშანია. ლეიკემიის უჯრედების ინფილტრაცია ღრძილებში გინგივიტის განვითარებას იწვევს, ინფექციასთან ბრძოლის დაქვეითებული უნარის გამო დაავადება მწვავდება. ამ დროს ღრძილები წითელი ფერისაა და აღინიშნება სისხლდენა. ხშირად სისხლდენა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდება, რადგან ლეიკემიით დაავადებული პაციენტების შემთხვევაში სისხლის ნორმალური შედედება და კოლტის წარმოქმნა ვერ ხერხდება. ლეიკემიის გამო, სისხლდენის პრევენციის მიზნით, ჯაგრისისა და ფლოსინგის ნაცვლად რეკომენდებულია კბილებისა და ღრძილების მარლის ტამპონით ან ღრუბლით გამოწმენდა. ნადებისა და პირის ღრუს ინფექციების პრევენციის მიზნით, სტომატოლოგს შეუძლია ქლორჰექსიდინის პირის ღრუს სავლები დანიშნოს. როდესაც ლეიკემიის დროს მიღწეულია რემისია (ქრება კიბოს ნიშნები), კარგი სტომატოლოგიური მკურნალობის შედეგად შესაძლებელია ღრძილების აღდგენა და განკურნება.

რეტენირებული კბილების შედეგად განვითარებული გინგივიტი

გინგივიტი შესაძლებელია განვითარდეს რეტერინებული კბილის (კბილი, რომელიც ბოლომდე არ არის ამოჭრილი) გვირგვინის გარშემო მდებარე ღრძილებზე. ამ შემთხვევაში, რომელსაც პერიკორონიტი ეწოდება, ვითარდება ღრძილის შეშუპება და გადადის კბილზე, რომელიც ბოლომდე არ არის ამოსული და ფარავს მას. ნაწილობრივ ამოსულ კბილზე გადმოფარებული ლორწოვანი გარსის ქვეშ, ღრძილის ჯიბეში, შესაძლებელია სითხეების, საკვების ნამცეცებისა და ბაქტერიების დაგროვება. პერიკორონიტი ყველაზე ხშირად ვითარდება სიბრძნის კბილთან, განსაკუთრებით ქვედა ყბის სიბრძნის კბილებთან. თუ ზედა სიბრძნის კბილი ქვედა კბილთან შედარებით უფრო ადრე ამოდის, ამან შეიძლება ღრძილის ნაწილი დააზიანოს და გაღიზიანება გამოიწვიოს. ინფექცია შეიძლება გავრცელდეს ყელის ან ლოყის მიმართულებით. როდესაც პაციენტს პერიკორონიტი აქვს, სტომატოლოგი ვალდებულია, გამორეცხოს ღრძილის ჯიბეში დაგროვილი ნარჩენები და ბაქტერიები. თუ რენტგენის სურათის მიხედვით ქვედა კბილი სრულად ამოსული არ არის, სტომატოლოგს შეუძლია ამოიღოს ზედა კბილი და ქვედა კბილის ამოღებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში ანტიბიოტიკები დანიშნოს. ზოგჯერ სტომატოლოგი იძულებულია, ქვედა კბილი დაუყოვნებლივ ამოიღოს.