პერიოდონტიტი | მკურნალი.გე
  1. პერიოდონტიტი
  2. პერიოდონტული დაავადებები
  3. პირის ღრუს და კბილების დაავადებები
პერიოდონტიტი

პერიოდონტიტი (პიორეა) გინგივიტის მძიმე ფორმაა, რომლის დროსაც ღრძილების ანთება კბილის საყრდენ სტრუქტურებზეც ვრცელდება.

  • კბილებსა და ღრძილებს შორის ნადები გროვდება და ქვები წარმოიქმნება, რაც კბილის ქვეშ მდებარე ძვალზეც გადადის;

  • ღრძილები შეშუპებული და სისხლმდენია, პირიდან აღინიშნება უსიამოვნო სუნი და კბილების მორყევა;

  • პერიოდონტიტის სიმძიმის დასადგენად ექიმები რენტგენოგრამას იღებენ და ღრძილებში ჯიბეების სიღრმეს განსაზღვრავენ;

  • საჭიროა კბილების რეგულარული გაწმენდა სტომატოლოგის მიერ, ზოგჯერ ოპერაცია და ანტიბიოტიკებიც კი.

პერიოდონტიტი ზრდასრულებისთვის კბილების დაცვენის ერთ-ერთი უპირველესი მიზეზია, ხოლო ხანში შესულებისთვის – უპირველესი. ინფექცია შლის ძვალს, რომელშიც კბილია მოთავსებული. ამის გამო მიმაგრება სუსტდება და კბილი ირყევა. იგი საბოლოოდ შეიძლება თავად მოსძვრეს ან მისი ამოღება (ექსტრაქცია) გახდეს საჭირო.

მიზეზები

პერიოდონტიტის შემთხვევათა უმრავლესობა კბილებსა და ღრძილებზე ნადების, ქვების დიდი ხნის განმავლობაში დაგროვების შედეგია. კბილებსა და ღრძილებს შორის ჯიბეები წარმოიქმნება, რომლებიც ღრმავდება და კბილის ფესვსა და მის ქვეშ მდებარე ძვალს შორისაც კი აღწევს. ამ ჯიბეებში ნადები უჟანგბადო გარემოში გროვდება, რაც საკმაოდ საშიში ბაქტერიების ზრდას უწყობს ხელს. თუ დაავადება გაღრმავდა, საბოლოოდ ძვალი იმდენად იშლება, რომ კბილი შესაძლოა მტკივნეულად ირყეოდეს კიდეც.

პერიოდონტიტის განვითარების სიჩქარე მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვების ერთნაირი რაოდენობის მქონე ადამიანებშიც კი. ეს იმიტომ ხდება, რომ ნადები სხვადასხვა სახისა და რაოდენობის ბაქტერიას შეიცავს და ამ მიკროორგანიზმების მიმართ თითოეულ ორგანიზმსაც განსხვავებული რეაქცია აქვს. პერიოდონტიტის დროს ძვლის დესტრუქცია რამდენიმე თვის მანძილზე მძიმედ შეიძლება მიმდინარეობდეს, რასაც პროცესის მინელების პერიოდი მოჰყვება, როცა დაზიანება მეტად აღარ ღრმავდება.

მრავალი დარღვევა და დაავადება ზრდის პერიოდონტიტის განვითარების რისკს, მათ შორის – შაქრიანი დიაბეტი, დაუნის სინდრომი, კრონის დაავადება, ლეიკოპენია და შიდსი. ამ უკანასკნელი პათოლოგიის მქონე ადამიანების ორგანიზმში პერიოდონტიტი სწრაფად პროგრესირებს.

სიმპტომები და დიაგნოზი

პერიოდონტიტის ადრეული სიმპტომებია: სისხლდენა, ღრძილების სიწითლე და პირის ღრუში უსიამოვნო სუნი (ჰალითოზი). სტომატოლოგები ღრძილებში ჯიბეების სიღრმეს სპეციალური იარაღით ზომავენ, რენტგენოგრაფიით კი განსაზღვრავენ, ძვალი რამდენადაა დაშლილი. ძვლის უფრო და უფრო დაზიანებასთან ერთად კბილებიც მეტად ირყევა და მდებარეობას იცვლის. ხშირად წინა კბილები წინ გამოიწევა. პერიოდონტიტი, როგორც წესი, ტკივილს არ იწვევს, სანამ კბილები იმდენად არ მოირყევა, რომ ღეჭვის დროს იმოძრაოს ან სანამ აბსცესი (ჩირქგროვა) არ წარმოიქმნება.

მკურნალობა

განსხვავებით გინგივიტისგან, რომელიც პირის ღრუს სწორად მოვლის შემთხვევაში ხშირად თავისით გაივლის, პერიოდონტიტს სტომატოლოგის მიერ რეგულარულად ჩატარებული მკურნალობა ესაჭიროება. იმ ადამიანებს, რომლებიც კარგად იცავენ პირის ღრუს ჰიგიენას, ღრძილების კიდის ქვემოთ მხოლოდ 1/12 ინჩის (2-3 მილილიტრის) გაწმენდა შეუძლიათ. სტომატოლოგები 1/5 ინჩის (4-5 მმ) სიღრმის ჯიბეებსაც წმენდენ სპეციალური კაუჭის დახმარებით, შემდეგ კი კბილების ფესვების პოლირების გზით, რაც ქვებისა და ფესვის დაზიანებული ზედაპირის მაქსიმალურად მოშორებას გულისხმობს. ¼ ინჩის (5 მმ) ან მეტი სიღრმის ჯიბეების გასაწმენდად ხშირად საჭირო ხდება ოპერაცია. სტომატოლოგები და პერიოდონტისტები ღრძილების კიდის ქვეშ მდებარე კბილს ქირურგიული წესით მიუდგებიან (პერიოდონტალური ოპერაცია), რათა სიღრმისეულად გაწმინდონ კბილები და აღადგინონ ინფექციით გამოწვეული ძვლოვანი დეფექტები. სტომატოლოგები და პერიოდონტისტები ზოგჯერ ინფიცირებულ და აშრევებულ ღრძილსაც ამოკვეთენ (გინგივექტომია), რათა ჯანმრთელი ღრძილი კვლავ მყარად მიუმაგრდეს კბილს და პაციენტმა ნადების მოცილება სახლშიც შეძლოს.

ექიმმა შესაძლოა ანტიბიოტიკები (მაგ. ამოქსაცილინი ან მეტრონიდაზოლი) დანიშნოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ აბსცესი ანუ ჩირქგროვა ჩამოყალიბდა. სტომატოლოგები ანტიბიოტიკის შემცველ მასალებს (ძაფებს ან გელებს) ღრძილების ღრმა ჯიბეებში ათავსებენ, რათა ინფიცირებულ ადგილას წამლის დიდი რაოდენობა დაგროვდეს. პერიოდონტული აბსცესი ძვლის სწრაფ დაშლას იწვევს, მაგრამ დროული მკურნალობით, ოპერაციითა და ანტიბიოტიკებით დაზიანებული ძვლის დიდი ნაწილი შეიძლება ხელახლა გაიზარდოს. თუ ქირურგიული ჩარევის შემდეგ პირის ღრუ მტკივნეულია, გამოხეხვისა და ძაფით გაწმენდის ნაცვლად პაციენტებს შეუძლიათ დროებით ქლორჰექსიდინის გამოსავლები ხსნარი გამოიყენონ, დღეში ორჯერ, ერთი წუთის განმავლობაში.