ნეკროზულ-წყლულოვანი გინგივიტი (ვინსენტის ინფექცია, მწვავე ნეკროზულ-წყლულოვანი გინგივიტი) ღრძილების მტკივნეული, არაგადამდები ინფექციაა, რომელიც იწვევს ტკივილს, ცხელებას და ზოგჯერ დაღლილობას.
დაავადებას ინგლისურად "სანგარში მყოფთა პირი" ეწოდება, რაც პირველი მსოფლიო ომის დროიდან მომდინარეობს. ამ დროს სანგარში მყოფ ჯარისკაცებს ხშირად უვითარდებოდათ გინგივიტის ეს ფორმა. დაავადება ახლა იშვიათია, თუმცა, ღრძილების მსუბუქი ინფექცია ალბათ შედარებით ხშირად გვხვდება. ნეკროზულ-წყლულოვანი გინგივიტის მძიმე ფორმა, როგორც წესი, მხოლოდ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს აქვთ.
ინფექციას იმ ბაქტერიების ჭარბი ზრდა იწვევს, რომლებიც ნორმაში პირის ღრუში ისედაც ბინადრობენ და ადამიანს ზიანს არ აყენებენ. გინგივიტის ამ ფორმის განვითარებას ხელს უწყობს პირის ღრუს ცუდი მოვლა, ასევე ფიზიკური ან ემოციური სტრესი, ცუდი კვება და უძილობა. ეს ინფექცია ყველაზე ხშირად მაშინ ვითარდება, როცა გინგივიტის მქონე ადამიანი რაიმე სტრესულ მდგომარეობაში ხვდება. ნეკროზულ-წყლულოვანი გინგივიტი მწეველებში ბევრად ხშირია, ვიდრე არამწეველებში.
დაავადება, როგორც წესი, უეცრად იწყება ღრძილების ტკივილით, მოუსვენრობით, დაღლილობით. აღინიშნება ძალიან ცუდი სუნი პირიდან. კბილებს შორის არსებული ღრძილის წვერები ზიანდება და მათზე მკვდარი ქსოვილის ნაცრისფერი ფენა წარმოიქმნება. ღრძილები იოლად სისხლმდენია, ჭამა და ყლაპვა ტკივილს იწვევს. ხშირად ყბისქვეშა ლიმფური კვანძებიც დიდდება და მსუბუქი ცხელება ვითარდება.
პირის ღრუდან ამომავალი ძლიერ უსიამოვნო სუნის გამო ექიმებს ნეკროზულ-წყლულოვან გინგივიტზე ეჭვი დაავადებულ პაციენტთან კონტაქტისას მაშინვე აღეძვრებათ.
მკურნალობა იწყება სტომატოლოგის მიერ კბილების ნაზი, მაგრამ სიღრმისეული გაწმენდით. ღრძილების მგრძნობიარობის გამო პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ექიმმა პაციენტს შესაძლოა გახეხვის ნაცვლად წყალბადის ზეჟანგის ხსნარის გამოვლება ურჩიოს (ხსნარის დასამზადებლად აფთიაქში ნაყიდი წყალბადის ზეჟანგი იმავე მოცულობის წყალში ზავდება). ზოგჯერ ასევე ინიშნება ანტიბიოტიკები (ამოქსიცილინი, ერითრომიცინი ან ტეტრაციკლინი). ამ ინფექციის წინააღმდეგ ძალიან ეფექტურია პირის ღრუს ჰიგიენის სწორად დაცვა (ყოველდღიური გამოხეხვა და ძაფით გაწმენდა).