ლაიმის დაავადება გამოწვეულია ბაქტერია Borrelia burgdorferi-ით, რომელიც ადამიანებს გადაეცემათ ირმის ტკიპებით.
ლაიმის დაავადება ამოიცნეს და სახელწოდება მისცეს 1975 წელს, როდესაც ლაიმში, კონექტიკუტის შტატში გაჩნდა დაავადების შემთხვევები. ის ახლა წარმოადგენს მწერით გამოწვულ ყველაზე ხშირ ინფექციას ამერიკის შეერთებულ შტატებში. გვხვდება 49 შტატში. შემთხვევების დაახლოებით 80% გვხვდება ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს გაყოლებით, მასაჩუსეტსიდან მერილენდამდე. დარჩენილი შეტყობინებული შემთხვევების უმეტესობა ფიქსირდება ვისკონსინში, მინესოტაში და ჩრდილოეთ კალიფორნიასა და ორეგონის სანაპირო რეგიონებში. ლაიმის დაავადება გვხვდება აგრეთვე ევროპაში, ჩინეთში, იაპონიაში, ავსტრალიაში და ყოფილ საბჭოთა კავშირში.
ადამიანები ლაიმის დაავადებით ავადდებიან ზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზე. ბავშვები და მოზარდები, რომლებიც ცხოვრობენ ტყიან ადგილებში, ყველაზე ხშირად ინფიცირდებიან.
ბაქტერიები, რომლებიც იწვევენ ლაიმის დაავადებას, გადაეცემა ირმის ტკიპის მეშვეობით (იქსოდები). მათ ასეთი სახელწოდება მიეცათ იმიტომ, რომ მოზრდილი ტკიპები ხშირად იკვებებიან ირმების სისხლით. ირმის ახალგაზრდა ტკიპები (ლარვები და ნიმფები) იკვებებიან მღრღნელების სისხლით, კერძოდ კი, თეთრფეხიანი თაგვის, რომელიც ლაიმის დაავადების გამომწვევი ბაქტერიის მტარებელია. ჩვეულებრივ, ტკიპები ნიმფურ სტადიაში ყოფნისას აინფიცირებენ ადამიანებს. ირმები არ წარმოადგენენ ლაიმის დაავადების გამომწვევი ბაქტერიის მტარებლებს ან გადამტანებს. ისინი წარმოადგენენ მხოლოდ სისხლის წყაროს მოზრდილი ტკიპებისთვის.
ლაიმის დაავადების გამომწვევი ბაქტერიები გადაეცემათ ადამიანებს, როდესაც დაინფიცრებული ტკიპა ჰკბენს და შემდეგ ერთი-ორი დღის განმავლობაში მიმაგრებული რჩება კანზე. კანზე მიმაგრების ხანმოკლე პერიოდები იშვიათად იწვევენ დაავადების გადაცემას. პირველ რიგში, ბაქტერიები მრავლდებიან ტკიპის ნაკბენის ადგილას. 3-32 დღის შემდეგ ბაქტერიები გადაადგილდებიან ნაკბენის ადგილიდან გარემომცველ კანში, რითიც იწვევენ გამონაყარს (მიგრირებადი ერითემა). ბაქტერიები შედიან სისხლის მიმოქცევაში და ვრცელდებიან სხვა ორგანოებზე, როგორიცაა სხეულის სხვა ადგილების კანი, გული, ნერვული სისტემა და სახსრები.
ლაიმის დაავადებას აქვს სამი სტადია: ადრეული ლოკალური, ადრეული დისემინირებული (გავრცელებული) და მოგვიანებითი. ადრეულ და მოგვიანებით სტადიებს შორის ჩვეულებრივ უსიმპტომო პერიოდია.
ადრეული ლოკალური სტადია: ნაკბენის ადგილას ჩნდება დიდი, კანის ზედაპირიდან წამოწეული წითელი ლაქა (მიგრირებადი ერითემა), რომელიც ვითარდება ბარძაყზე, დუნდულაზე, ტორსზე ან იღლიაში. ლაქა თანდათანობით იზრდება 15 სმ-ის დიამეტრამდე (6 ინჩი), ხშირად ალაგდება ცენტრში და რჩება რამდენიმე კონცენტრული წითელი რგოლი. მიუხედავად იმისა, რომ მიგრირებადი ერითემა არ იწვევს ქავილს ან ტკივილს, შეხებისას შესაძლოა იყოს მხურვალე. ლაქა ჩვეულებრივ ქრება 3-4 კვირის შემდეგ. დაინფიცირებული ადამიანების 25%-ს არასდროს უვითარდება ან ისინი ვერ ამჩნევენ ამ დამახასიათებელ წითელ ლაქას.
ადრეული დისემინირებული სტადია: ეს სტადია იწყება მაშინ, როდესაც ბაქტერია ვრცელდება მთელ ორგანიზმში. ხშირია დაღლილობა, შემცივნება, ცხელება, თავის ტკივილები, კისრის კუნთების რიგიდობა და მტკივნეული, შეშუპებული სახსრები. ადამიანების თითქმის ნახევარში უფრო ხშირად ვითარდება მცირე ზომის, მიგრირებადი ერითემის ლაქები სხვეულის სხვა ნაწილებზე. შედარებით იშვიათად, აღინიშნება ზურგის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ყელის ტკივილი, ლიმფური კვანძების შეშუპება და გადიდებული ელენთა. მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომების უმეტესობა ჩნდება და ქრება, შეუძლოდ ყოფნა და დაღლილობის შეგრძნება შეიძლება გაგრძელდეს კვირების განმავლობაში. ეს სიმპტომები ხშირად ერევათ გრიპში ან სხვა ვირუსულ ინფექციებში, განსაკუთრებით მაშინ, თუ მიგრირებადი ერითემა არ იდენტიფიცირდება.
ზოგჯერ ვითარდება უფრო სერიოზული სიმპტომები. ნერვული სისტემა ზიანდება ადამიანების დაახლოებით 15%-ში. ყველაზე ხშირი პრობლემებია თავის ტკივილი, კისრის კუნთების რიგიდობა, მენინგიტი და ბელის დამბლა, რომელიც იწვევს სახის ერთი და ზოგჯერ ორივე ნაწილის სისუსტეს. ეს პრობლემები შეიძლება გაგრძელდეს თვეების განმავლობაში. სხვა ადგილებში შეიძლება განვითარდეს ნერვის ტკივილი და სისუსტე და ეს ნიშნები ხანგრძლივად შენარჩუნდეს. დაინფიცირებული ადამიანების 8%-ს აქვს არარეგულარული გულისცემა (არითმია) და გულის ქსოვილისა (მიოკარდიტი) და გულის ირგვლივ არსებული გარსის ანთება (პერიკარდიტი) ტკივილით გულმკერდის არეში. არარეგულარული გულისცემა იწვევს გულის ფრიალს, ფერის დაკარგვას ან გულის წასვლებს.
გვიანი სტადია: თუ პირველადი ინფექცია არ იქნა ნამკურნალები, თვეების ან წლების შემდეგ ვითარდება სხვა პრობლემები. ართრიტი ვითარდება ადამიანების ნახევარზე მეტში, ჩვეულებრივ რამდენიმე თვეში. მსხვილ სახსრებში, განსაკუთრებით კი მუხლის სახსარში, განმეორებით ვითარდება შეშეუპება და ტკივილი რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვეულებრივ, მუხლები უფრო მეტად შეშუპებულია, ვიდრე მტკივნეული, ხშირად მხურვალეა შეხებისას და იშვიათად – წითელია. მუხლის უკანა ნაწილში შესაძლოა განვითარეს კისტები, რომლებიც სკდება მოულოდნელად და შედეგად ტკივილი მკვეთრად ძლიერდება. ართრიტის მქონე ადამიანების დაახლოებით 10%-ში მუხლის პრობლემები გრძელდება 6 თვეზე მეტხანს.
რამდენიმე ადამიანს უვითარდება ანომალიები, რომლებიც დაკავშირებულია ტვინისა და ნერვების ფუნქციონირების დარღვევასთან. შესაძლებელია, დაავადებამ ზემოქმედება იქონიოს ხასიათზე, მეტყველებაზე, მეხსიერებასა და ძილზე. ზოგიერთ ადამიანს აქვს გაბუჟება ან გამკრავი ტკივილი ზურგში, ფეხებსა და ხელებში.
დიაგნოზი ეფუძნება ტიპურ სიმტომებს (კერძოდ კი მიგრირებად ერითემას), ბაქტერიასთან კონტაქტში ყოფნის შესაძლებლობას (ისეთ ადგილებში ცხოვრება ან სტუმრობა, სადაც ლაიმის დაავადება ხშირია) და გამოკვლევების შედეგებს.
ჩვეულებრივ, ექიმები იყენებენ გამოკვლევებს, რომლებიც საზღვრავენ სისხლში ბაქტერიის საწინააღმდეგო ანტისხეულებს. თუმცა, ანტისხეულები შეიძლება არ აღმოჩნდნენ სისხლში, თუ გამოკვლევა ჩატარდა პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ან თუ ანტისხეულების განვითარებამდე ადამიანმა მიიღო ანტიბიოტიკები. ანტისხეულები ვითარდება იმ ადამიანების 95%-ზე მეტში, რომელთაც მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში ჰქონდათ ინფექცია, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ მათ არ მიუღიათ ანტიბიოტიკები. როგორც კი გამომუშავდება ანტისხეულები, ისინი რჩება სამუდამოდ. ამგვარად, ანტისხეულები შეიძლება იყვნენ სისხლში მაშინაც კი, როდესაც ლაიმის დაავადებამ გაიარა.
სისხლის ანალიზების შედეგების ინტერპრეტაცია რთულია. გაურკვევლობა იწვევს რამდენიმე პრობლემას. მაგ. იმ ადგილებში, სადაც ლაიმის დაავადება გავრცელებულია, ბევრი ადამიანი, რომელსაც აქვს სახსრის ტკივილები, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება ან მუდმივი დაღლილობა, ღელავს, რომ – ხომ არ აქვს ლაიმის დაავადების გვიანი სტადია, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ჰქონია გამონაყარი ან ლაიმის დაავადების ადრეული სტადიისთვის დამახასიათებელი რაიმე სხვა სიმპტომი. ჩვეულებრივ, ლაიმის დაავადება არ არის მიზეზი. მაგრამ მათ შესაძლოა ჰქონდეთ ბაქტერიის საწინააღმდეგო ანტისხეულები იმიტომ, რომ დაინფიცირდნენ წლების წინ და ანტისხეულები დარჩნენ ორგანიზმში სამუდამოდ. ამგვარად, თუ ექიმი მკურნალობს ადამიანებს მხოლოდ ანტისხეულების გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ბევრ პაციენტს, რომელსაც არ აქვს ლაიმის დაავადება, შეიძლება გაუმართლებლად ჩაუტარდეს ანტიბიოტიკოთერაპიის ხანგრძლივი კურსი.
კულტივირება არ არის გამოსადეგი, რადგან ბორელია ბურგდორეფერის გაზრდა რთულია ლაბორატორიაში.
ზოგჯერ ექიმებს შეჰყავთ ნემსი სახსარში სასახსრე სითხის ნიმუშის მოპოვების მიზნით ან აკეთებენ ლუმბალურ პუნქციას იმისთვის, რომ მოიპოვონ ზურგისა და თავის ტვინის გარშემო არსებული სითხის (თავ-ზურგტვინის სითხე) ნიმუში. შესაძლოა, აღმოჩნდეს ბაქტერიის გენეტიკური მასალის ფრაგმენტები.
თუ ადამიანს უკბინა ტკიპამ, მაგრამ არ აქვს გამონაყარი ან სხვა სიმტომები, ანტიბიოტიკები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანზე მიმაგრებული, სისხლით გაჯერებული ტკიპის პოვნიდან არ არის გასული 72 საათზე მეტი. ამ ადამიანებს შესაძლოა მიეცეთ დოქსიციკლინის ერთი დასალევი დოზა იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ ლაიმის დაავადება.
მიუხედავად იმისა, რომ ანტიბიოტიკებით მკურნალობა ეფექტურია ლაიმის დაავადების ყველა სტადიის დროს, ადრე დაწყებული მკურნალობა, დიდი ალბათობით, თავიდან აგვაცილებს გართულებებს. დაავადების ადრეულ სტადიებზე ეფექტურია დასალევი ანტიბიოტიკების, როგორიცაა დოქსიციკლინი, ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი ან აზითრომიცინი, 2 კვირის განმავლობაში მიღება. ისინი აგრეთვე გვეხმარება არითმიის ერთ-ერთი ტიპის (რომელსაც პირველი ხარისხის გულის ბლოკადა ეწოდება) და სავარაუდოდ, ბელის დამბლის მკურნალობაში. დოქსიციკლინი არ ეძლევათ 9 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ორსულ ქალებს.
ართრიტის სამკურნალოდ ადამიანს ეძლევა ანტიბიოტიკები, როგორიცაა ამოქსიცილინი ან დოქსიციკლინი, დასალევი ფორმით, 30-60 დღის განმავლობაში ან ცეფტრიაქსონი ან პენიცილინი, ინტრავენურად – 2-4 კვირის განმავლობაში.
ნევროლოგიური დარღვევების უმტესობისა (ბელის დამბლის გამოკლებით) და უფრო მძიმე (მესამე ხარისხის) გულის ბლოკადის სამკურნალოდ გამოიყენება ცეფტრიაქსონი ან პენიცილინი ინტრავენურად, 2-4 კვირის განმავლობაში.
ანტიბიოტიკები ანადგურებენ ბაქტერიებს და ადამიანების უმეტესობაში, ამსუბუქებენ ართრიტის მიმდინარეობას. თუმცა, ზოგჯერ ართრიტი მაინც რჩება ბაქტერიების გაქრობის შემდეგაც კი, იმიტომ, რომ ანთება გრძელდება. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა პრეპარატებმა (ასაპ), როგორიცაა მაგ. ასპირინი ან იბუპროფენი, შესაძლოა შეამცირონ შეშუპებული სახსრების ტკივილი. ზოგჯერ ტარდება დაზიანებულ სახსრებში დაგროვილი სითხის დრენაჟიც. ადამიანს ეხმარება ყავარჯნების გამოყენება.
ანტიბიოტიკები ვერ ამსუბუქებენ ქრონიკულ დაღლილობას.
ვაქცინა, რომელიც მხოლოდ ზომიერად იყო ეფექტური ლაიმის დაავადების საწინააღმდეგოდ, ამოღებულია ფარმაცევტული ბაზრიდან, რადგანაც ის ფართოდ არ გამოიყენებოდა.